ბრძანება N 2829
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2829
16.02.2023
ი/მ "-------" (ს/ნ -------- )
(ფაქტ. მის.:---------- )
(იურ. მის.: --------- )
2023 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა ი/მ " ------- "(ს/ნ ----------- ) №78356/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 17 იანვრის NAA1432909 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N10).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია: გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ აგვისტოს დასაწყისში გახდა მცირე მეწარმე და მთელი ზაფხული-შემოდგომის მანძილზე მუშაობდა სარემონტო სამუშაოებზე. 2022 წლის 3 ნოემბერს მოითხოვა სტატუსის გაუქმება, რადგან თბილისში ტაქსისტად მუშაობას აპირებდა. ამბობს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით და ითხოვს ჯარიმის მოხსნას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ "-------" (ს/ნ --------- ) მიერ 2022 წლის 3 ნოემბერს წარმოდგენილი მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების შესახებ ID------- განაცხადის თანახმად, პირმა მოითხოვა მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება მცირე მეწარმისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების მიზეზით. აღნიშნულის საფუძველზე 2022 წლის 1 იანვრიდან პირს გაუუქმდა მცირე მეწარმის სტატუსი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის თანახმად 2023 წლის 17 იანვარს შედგა ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი NAA1432909 და გადამხდელი დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით. სადავო ოქმს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 23 იანვარს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ი/მ "--------" (ს/ნ --------- ) ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 255.05 ლარის ოდენობით და დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც აღიარებული არ არის, 500.00 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს;
2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუქნტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ: პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის თანახმად, ქმედება, რამაც ამ კოდექსის 85-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამო გამოიწვია საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის ან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 17 იანვრის NAA1432909 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "--------" (ს/ნ ------- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ "--------- " (ს/ნ --------- ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 17 იანვრის NAA1432909 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისაგან;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.