ბრძანება N 21079

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.09.2024
№ დოკუმენტი 21079
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21079

26 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -------------ის (ს/ნ ----------------)

(იურ. მის: ----------------------------)

(ფაქტ. მის: ---------------------------)

2024 წლის 30 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 სექტემბრის (ოქმი №99) სხდომაზე განიხილა ი/მ -------------ის (ს/ნ ----------------) №144839/21 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 14 აგვისტოს N011-4939 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2015 წლის 14 იანვარს ---------სა და შპს „---------ს“ (ს/ნ -----------) შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება N19, რომლის საფუძველზეც შპს „---------ს“ (ს/ნ -----------) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში უნდა გადაეცა ---------სათვის, ხოლო -------ს სამაგიეროდ უნდა გადაეხადა 67000 დოლარი. შპს „---------მა“ (ს/ნ -----------) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ---------ს, თანხის სრულად გადახდის მიუხედავად, საკუთრებაში არ გადასცა საცხოვრებელი ბინა, რაზედაც -------მა --------ის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა ზემოაღნიშნული ბინის მესაკუთრედ ცნობა. სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობის დროს 2023 წლის 9 ოქტომბერს -------სა და ---------ს შორის დაიდო ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოთხოვნა ცესიონერზე გადავიდა ისეთ მდგომარეობაში, როგორც ეს -----------ის ხელში იყო. შესაბამისად, მიმდინარე საქმეზე --------ი გახდა ---------ის უფლებამონაცვლე და ------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2/--------) -----------ის სარჩელი მოპასუხე შპს „---------ის“ (ს/ნ -----------) მიმართ დაკმაყოფილდა და ---------ი ცნობილ იქნა ბინის (ს/კ -------------) მესაკუთრედ. გადამხდელი მიუთითებს, რომ ---------მა ჯერ კიდევ 2015 წლის 14 იანვარს შეიძინა საკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლზე, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კი მოხდა 2024 წლის 27 ივნისს, ყადაღის დადებამდე. აქედან გამომდინარე არ ეთანხმება ქონებაზე ყადაღის შესახებ სადავო ბრძანებას და ითხოვს მის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო შპს „---------ის“ (ს/ნ -----------) მთელ ქონებაზე 2022 წლის 2 მარტის N006–10233 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება (საგადასახადო დავალიანება 390641.06 ლარი). ასევე, აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო 2021 წლის 7 ივნისს შპს „---------ის“ (ს/ნ -----------) მიმართ გამოიცა „ქონების ყადაღის დადების შესახებ” N011-2419 ბრძანება.

ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანოს (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს) მონაცემებით (27.06.2024 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - განცხადება N--------, 22.12.2023წ.) უძრავ ქონებაზე, რომლის საკადასტრო კოდია N-------------, 2024 წლის 27 ივნისს დარეგისტრირდა ---------ის (ს/ნ ---------------) საკუთრების უფლება. ამავე ამონაწერის თანახმად, აღნიშნულ ქონებაზე კვლავ გავრცელდა ქონების წინა მესაკუთრის, შპს „---------ის“ (ს/ნ -----------) ქონებაზე შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 მარტის N006-10233 შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2024 წლის 14 აგვისტოს №011-4939 ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა ------------ის (ს/ნ --------------) საკუთრებაში არსებული, შპს „---------ის“ (ს/ნ -----------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონება, უძრავი ქონება N----------. ასევე, შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2024 წლის 16 აგვისტოს №2024/011-4939/1 აქტი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2024 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით შპს „----------ს“ (ს/ნ -----------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება 390641.06 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გაუქმება ხდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------------- ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ქონებაზე ყადაღის შესახებ სადავო ბრძანებას და ითხოვს მის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო მომჩივანის მთელ ქონებაზე 2022 წლის 2 მარტის N006–10233 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება (საგადასახადო დავალიანება 390641.06 ლარი). ასევე, აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო 2021 წლის 7 ივნისს მომჩივანის მიმართ გამოიცა „ქონების ყადაღის დადების შესახებ” N011-2419 ბრძანება.

ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანოს (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს) მონაცემებით მომჩივანის უძრავ ქონებაზე, რომელიც მის სახელზე დარეგისტრირდა 2024 წლის 27 ივნისს. ამავე ამონაწერის თანახმად, აღნიშნულ ქონებაზე კვლავ გავრცელდა ქონების წინა მესაკუთრის ქონებაზე შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 მარტის N006-10233 შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2024 წლის 14 აგვისტოს №011-4939 ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა მომჩივანის საკუთრებაში არსებული, წინა მესაკუთრის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონება. ასევე, შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2024 წლის 16 აგვისტოს №2024/-----/- აქტი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2024 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით მომჩივანის მიერ 2024 წლის 27 ივნისს შეძენილი ქონების წინა მესაკუთრეს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 390641.06 ლარი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(1.2); 239(1.2.5.9); 241(9)