ბრძანება N 14734
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14734
27.06.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის:--------)
2023 წლის 30 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ -----) №80667/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №023-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, აცხადებს, რომ მის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილ საგადასახადო ვალდებულებებსა და ფასნამატთან დაკავშირებით წარდგენილი იქნა კომპანიის ყველა პირველადი დოკუმენტი, მათ შორის, ის დოკუმენტები, რომელთა წარდგენა ვერ მოხერხდა შემოწმების პროცესში. მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები შემოწმებით არ არის შესწავლილი.
2. მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის გადაანგარიშების დასკვნაში არ არის განხილული მის მიერ გასაჩივრებული მეორე სადავო საკითხი, რომელიც ეხებოდა განვადებით გაყიდული საქონლის ღირებულებაში შეყვანილი ბანკის მომსახურების საკომისიოს გადასახადებით დაბეგვრას. აღნიშნულის მტკიცებულებას წარმოადგენს საქონლის რეალიზაციაზე ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც სრულად არის წარდგენილი გადამხდელის მიერ.
3. მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი უნდა შეესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად. გადაანგარიშების დასკვნაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული დანართის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა დამძიმებას. გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ დანართი №9-ის არცერთი მუხლი არ იწვევს საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის სათანადოდ აღსრულებული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და ითხოვს სადავო საკითხების შემმოწმებელთან ერთად განხილვა/გადაანგარიშებას, კერძოდ, ზედმეტად დარიცხული გადასახადებისა და სანქციის, ასევე ფასნამატის კოეფიციენტის შემცირებას და შემცირებული ფასნამატის კოეფიციენტიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12767 ბრძანებით შპს „მ-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი 2021 წლის 22 დეკემბრის №023-35 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. შპს „------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრის (დაზუსტების) მიზნით, დამატებით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში არსებული იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების ფასნამატის შესახებ ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12767 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 7 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 11 288 ლარი, მათ შორის გადასახადი 7 535 ლარი და ჯარიმა 3 753 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 17 მარტის №023-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ წარმოუდგენია დამატებითი მტკიცებულებები მის მიერ რეალიზებული საქონლის ფასნამატთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიმდინარე გადაანგარიშებით მოხდა იმავე რეგიონში (-------) ჩატარებული საგადასახადო შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის განსაზღვრისას მსგავს საქონელზე (საყოფაცხოვრებო ტექნიკა) გავრცელებული ფასნამატების შესახებ ინფორმაციის მოძიება. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი იქნა მასალები ერთ-ერთ გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შესახებ, რომელიც განხორციელებული იყო 2018 წელს. აღნიშნული მასალების მიხედვით დადგენილი ფასნამატი (24.47%) მიმდინარე გადაანგარიშებით გავრცელდა შპს „------“-ის მიერ 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში რეალიზებულ საქონელზე. ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით მოხდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება შესამოწმებელ პერიოდებზე და დამატებით დარიცხული დღგ-ის კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით: საკითხის შესწავლის და კონკრეტული გაანგარიშებების განხორციელების შედეგად გაირკვა, რომ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) გამოყენებით საგადასახადო შემოწმების აქტის აღნიშნული ნაწილის მიხედვით გადაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა დამძიმებას საგადასახადო შემოწმების შედეგებთან შედარებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მიმდინარე დასკვნის მიხედვით, სალაროში ფულადი სახსრების ჭარბი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება არ შეიცვალა. ამასთან, კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას/კორექტირებისას გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებული პირველი და მე-2 საკითხების მიხედვით განხორციელებული გადაანგარიშებები. შედეგად, შემცირდა საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად:
პირველ სადავო საკითხთან, ფასნამატთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12767 ბრძანების გამოცემის და ჩაბარების შემდეგ დამატებითი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შემოწმებლებმა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას გაითვალისწინეს გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენიდან საჩივრის განხილვამდე პერიოდში წარმოდგენილი მასალები (ძირითადად, განვადებით რეალიზაციებთან დაკავშირებით).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საგანვადებო მომსახურებები ხორციელდებოდა შპს „------“-სა (ს/ნ ------) და საბანკო დაწესებულებებს შორის დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში. თვით გადასახადის გადამხდელის განმარტებითაც, მაღაზიაში ფასები დაფიქსირებული იყო განვადების პირობით მყიდველის მიერ გადასახდელი ანაზღაურების მიხედვით. იგივე ფასები ფიქსირდება საბანკო დაწესებულების მიერ მყიდველებისათვის ამოწერილ ორდერებში. ამასთან, გადამხდელს ანგარიშზე ერიცხებოდა რეალიზებული საქონლის ღირებულება საკომისიოს (5%) გამოკლებით, ან სრულად ჩარიცხვის შემდეგ იქვე ეჭრებოდა ბანკის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ით უნდა დაბეგრილიყო რეალიზებული საქონელის სრული ღირებულება, ხოლო საკომისიოს ღირებულება ჩაითვალა გადამხდელის მიერ ბანკის მომსახურების სანაცვლოდ გაწეულ ანაზღაურებად.
ბუნებრივია, რომ აღნიშნული საკომისიო ანაზღაურებები შემოწმებამ გაითვალისწინა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის და საშემოსავლო გადასახადის ანგარიშში. ასევე გათვალისწინებულია გადამხდელის განმარტებები, რომლის მიხედვით საბანკო განვადების გარეშე რეალიზაციის შემთხვევაში საქონლის მყიდველთათვის შეთავაზებული ფასები მცირდებოდა საკომისიო მომსახურების ფასების (5%-ის) მიხედვით, მ. შ. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ანგარიშისას.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლის და კონკრეტული ანგარიშის განხორციელების შედეგად გაირკვა, რომ ჭარბი ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ნაცვლად 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №9-ის მეთოდის გამოყენება, ე. ი. ფიზიკურ პირზე უპროცენტო სესხის გაცემად გადაკვალიფიცირება და მისი მოგების გადასახადით, ხოლო საპროცენტო სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, გამოიწვევდა საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ძალაში დარჩა სალაროში ფულადი სახსრების ჭარბი/აღურიცხავი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება. ამასთან, კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის კორექტირებისას გათვალისწინებულ იქნა პირველი და მე-2 სადავო საკითხების მიხედვით განხორციელებული გადაანგარიშებები.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, ითხოვს სადავო საკითხების შემმოწმებელთან ერთად განხილვა/გადაანგარიშებას, კერძოდ, ზედმეტად დარიცხული გადასახადებისა და სანქციის, ასევე ფასნამატის კოეფიციენტის შემცირებას და შემცირებული ფასნამატის კოეფიციენტიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოება:
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი კონკრეტულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხები შემცირებას დაექვემდებარა, შესაბამისად პირს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ წარმოუდგენია დამატებითი მტკიცებულებები მის მიერ რეალიზებული საქონლის ფასნამატთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიმდინარე გადაანგარიშებით მოხდა იმავე რეგიონში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის განსაზღვრისას მსგავს საქონელზე (საყოფაცხოვრებო ტექნიკა) გავრცელებული ფასნამატების შესახებ ინფორმაციის მოძიება.აღნიშნული მასალების მიხედვით დადგენილი ფასნამატი მიმდინარე გადაანგარიშებით გავრცელდა პირის მიერ 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში რეალიზებულ საქონელზე.
რაც შეეხება სხვა სადავო საკითხს, მიმდინარე დასკვნის მიხედვით, სალაროში ფულადი სახსრების ჭარბი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება არ შეიცვალა. ამასთან, კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას/კორექტირებისას გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებული პირველი და მე-2 საკითხების მიხედვით განხორციელებული გადაანგარიშებები. შედეგად, შემცირდა საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
გადაწყვეტილება:
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი,შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება (დანართი №9)