ბრძანება N 21063

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.09.2026
№ დოკუმენტი 21063
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21063

25 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ის“ (ს/ნ --------------)

(ფაქტ. მის.: ---------------------;

იურ. მის.: -----------------------)

2026 წლის 31 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №88) განიხილა შპს „------ის“ (ს/ნ --------------) 2026 წლის 31 აგვისტოს №----/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 აგვისტოს №007-227 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ღორის ხორცის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ აუდიტმა არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურის მითითება და არ მოახდინა საქმის არსებითი შესწავლა. გადაანგარიშების შესახებ მიღებული დასკვნა არ არის გამოცემული საქმის სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად. არ არის გათვალისწინებული იურიდიული პირებისგან შესყიდვები. ასევე აღნიშნული შესყიდვების ამსახველი სასაქონლო ზედნადებები რა ნიშნით არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლის მიერ არ არის მითითებული. ასევე არ არის ნამსჯელი თუ რატომ არ შეისწავლა აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №5432 ბრძანებით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებები რა საფუძვლით არ მიიჩნია მიწოდების დოკუმენტად და თუ ასეთი გადაწყვეტილება ეყრდნობა რაიმე სახის სამართლებრივ საფუძვლებს, რატომ არ ასახა აღნიშნული დასკვნაში. ასევე წარდგენილ იქნა ფიზიკური პირებისაგან განხორციელებული შესყიდვების დამადასტურებელ წერილობითი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც დასტურდება ფიზიკური პირებისაგან საქართველოში წარმოშობის საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი გარემოებები, რაც ასევე არ იქნა გაანალიზებული და შესწავლილი. ამასთან გაურკვეველია გადაანგარიშების დასკვნაში მითითებული ინფორმაცია და აღნიშნული დავის საგანთან რა კავშირშია სხვა ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ მითითება, რომ „გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 29 ნოემბრის შპს „------ს“ (ს/ნ --------------) საგადასახადო შემოწმების აქტთან დაკავშირებით წარმოდგენილ საჩივარის გახმობასთან დაკავშირებით 2025 წლის 11 სექტემბერს შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა წერილობითი განცხადება“. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი არ არის 2023 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი და აუდიტის აღნიშნული მსჯელობა და შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №5432 ბრძანებით გათვალისწინებული გარემოებების განზრახ არ შესწავლა აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს აუდიტის მხრიდან სახელმწიფო რესურსის არამართლზომიერად გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია მეწარმე სუბიექტის მიმართ დაუსაბუთებელი დარიცხვის განსახორციელებლად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №5432 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------ის“ (ს/ნ --------------) საჩივრები, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1.შპს „------ის“ (ს/ნ --------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №5432 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 10 აგვისტოს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 18 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 12 აგვისტოს №007-227 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით შესწავლის შედეგად არ გამოვლენილა საგადასახადო შემოწმებისაგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 29 ნოემბრის შპს „------ის“ (ს/ნ --------------) საგადასახადო შემოწმების აქტთან დაკავშირებით წარმოდგენილ საჩივარის გახმობასთან დაკავშირებით 2025 წლის 11 სექტემბერს შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა წერილობითი განცხადება, სადაც აცხადებდა, რომ ეთანხმებოდა საგადასახადო შემოწმების შედეგებს და დარიცხულ თანხებს, ითხოვდა წარმოდგენილი საჩივრების გამოხმობას და საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების ასახვას, როგორც აღიარებულ დავალიანებას. საზოგადოების მიერ საქმიანობის სფეროს ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2022 წლის 28 ნოემბერის №387 საჯარო გადაწყვეტილებზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი ვრცელდება მხოლოდ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებაზე, მის სამრეწველო გადამუშავებამდე, რაც გულისხმობს, რომ საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროდუქტის სასაქონლო კოდის შეცვლამდე. ამასთანავე, ხსენებული საგადასახადო შეღავათის მიზნისთვის, მხედველობაში არ მიიღება სასაქონლო კოდის შეცვლა, რომელიც განპირობებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული პროცესებით, კერძოდ, ბიოლოგიური აქტივის ტრანსფორმაციით ან ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღებით (პროდუქციის მოცილებით ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტით).

იმპორტირებული ბიოლოგიური აქტივის ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის მიწოდებასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, რომ ბასს 41-ის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა საქმიანობას, მაგალითად: პირუტყვის მოშენება, ტყის გაშენება, ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურის მოყვანა, ხეხილის ბაღებისა და პლანტაციების გაშენება, ყვავილების მოშენება, აკვაკულტურა (მათ შორის, თევზის მოშენება), თუმცა ამ სხვადასხვა საქმიანობას გარკვეული საერთო მახასიათებლები აქვს:

ა) ცვლილების უნარი – ცოცხალ ცხოველებსა და მცენარეებს აქვთ ბიოლოგიური ტრანსფორმაციის უნარი;

ბ) ცვლილების მართვა – მართვა ხელს უწყობს ბიოლოგიურ ტრანსფორმაციას იმ პირობების გაუმჯობესების, ან მინიმუმ სტაბილიზაციის მეშვეობით, რომელიც აუცილებელია პროცესის მოხდენისათვის (მაგალითად, კვების, ტენიანობის, ტემპერატურის, ნაყოფიერების ან სინათლის). ამგვარი მართვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას განასხვავებს სხვა საქმიანობისაგან. მაგალითად, პროდუქციის მიღება უმართვადი წყაროებიდან (როგორიცაა ოკეანეში თევზჭერა და ტყის გაჩეხვა) არ არის სასოფლოსამეურნეო საქმიანობა;

გ) ცვლილების შეფასება – ბუნებრივი ტრანსფორმაციით ან ნაყოფის მიღებით გამოწვეული ხარისხობრივი ან რაოდენობრივი ცვლილება შეფასებადი და კონტროლირებადია რუტინული მმართველობითი ფუნქციით.

ბასს 41-ის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ბიოლოგიური ტრანსფორმაციით მიიღება შემდეგი ტიპის შედეგები:

„ა) აქტივის ცვლილება, რაც განპირობებულია: (1) ზრდით (ცხოველის ან მცენარის რაოდენობის ან ხარისხის ზრდა); (2) დეგენერაციით (ცხოველის ან მცენარის რაოდენობის შემცირება); ან (3) გამრავლებით (ცოცხალი ცხოველის ან მცენარის ნამატის წარმოქმნა); ან

ბ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება, მაგალითად: ჩაის ფოთოლი, მატყლი, რძე და სხვა“.

ამდენად, სოფლის მეურნეობის პროდუქცია არის პროდუქცია, რომელიც მიიღება ნებისმიერი ბიოლოგიური აქტივის ტრანსფორმაციისა და ნაყოფის მიღების მართვის საქმიანობის შედეგად.

საგულისხმოა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი ვრცელდება მხოლოდ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებაზე მის სამრეწველო გადამუშავებამდე, რაც გულისხმობს, რომ მიწოდება უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროდუქტის სასაქონლო კოდის შეცვლამდე, ხოლო კოდის შეცვლა უნდა მოხდეს პროდუქციის გადამუშავების შედეგად. შესაბამისად, აღნიშნული საგადასახადო შეღავათის მიზნისთვის, მხედველობაში არ მიიღება სასაქონლო კოდის შეცვლა, რომელიც განპირობებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული პროცესებით, კერძოდ, ბიოლოგიური აქტივის ტრანსფორმაციით ან ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღებით (პროდუქციის მოცილებით ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტით).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციად მიიჩნევა საქართველოში განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული პროდუქტი, კერძოდ, ბიოლოგიური აქტივის საქართველოში განხორციელებული ბიოლოგიური ტრანსფორმაციის, ასევე, მისგან პროდუქციის მოცილების ან მისი სიცოცხლის პროცესის შეწყვეტის მართვის შედეგად მიღებული პროდუქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი, მისი სარგებლობისთვის კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, გავრცელდება იმპორტირებული ბიოლოგიური აქტივის საქართველოში განხორციელებული ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ღორის ხორცის შეძენა, რომელიც გადამხდელის განმარტებით წარმოადგენს ქართული წარმოშობის საქონელს და შესაბამისად არ აქვს აღნიშნული საქონლის მიწოდება დაბეგრილი დღგ-ით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2026 წლის 12 მარტის №5432 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის ყოველმხრივი შესწავლა/გამოკვლევა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა, კერძოდ, არ არის დასაბუთებული გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით შესწავლის შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №5432 ბრძანება არ არის აღსრულებული, ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №5432 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ღორის ხორცის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №5432 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივრები, კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №5432 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №007-227 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის №5432 ბრძანება არ არის აღსრულებული, ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1); 172(4 „უ“);