ბრძანება N 24437
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24437
20 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ --- ის (პ/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 7 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა ფ/პ --- ის (პ/ნ ----) №92746/1/2024 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 1 ნოემბრის №21-11/81554 წერილს.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, თადარიგის პოლკოვნიკი, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის კავალერი, ასევე არაერთი უწყებრივი მედლის მქონე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიების მონაწილე. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობდა საგადასახადო შეღავათებით, რის გამოც შემოსავლების სამსახურის მიერ წინა წლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა. აღნიშნულ ზედმეტობას წლების მანძილზე იყენებდა ქონების გადასახადის გადახდის მიზნებისთვის და 2023 წლის 31 დეკემბრისთვის ზედმეტობად უფიქსირდებოდა 1417 ლარი. მიმდინარე წელს ქონების გადასახადის დეკლარაციით გადასახდელად დაერიცხა 800 ლარი, რომელიც დაფარული უნდა იქნეს მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე. დეკლარაციის წარდგენის დღეს შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ზედმეტობა იყო განულებული. აღნიშნული ზედმეტობის განულება განხორციელდა არასამართლიანად, რადგან თავის დროზე უარი ეთქვა საგადასახადო ორგანოს მხრიდან აღნიშნული ზედმეტობის განაღდებაზე და აღნიშნული ზედმეტობის განულება განხორციელდა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იგი როგორც არამეწარმე ფიზიკური პირი, პროფესიით სამხედრო, არ არის ვალდებული, ყოველწუთიერად ეცნობოდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებულ მეთოდურ მითითებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილ თანხად აისახოს ჩამოწერილი ზედმეტობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ ---ს (პ/ნ ---) 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უფიქსირდებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 1417 ლარის ოდენობით, რომელიც 2024 წლის 3 იანვარს ჩამოეწერა 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად. პირადი აღრიცხვის ბარათების შესწავლით დგინდება, რომ --- ის (ს/ნ ---) მიერ წარმოდგენილი 2008-2012 წლების საანგარიშო პერიოდების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით ბიუჯეტიდან შესამცირებლად გამოანგარიშებულია 3142 ლარი, რაც ნაწილობრივ გამოყენებულია შემდგომი პერიოდის ვალდებულების დასაფარად, ხოლო 01.01.2024 წლისთვის ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 1417 ლარი. ამასთან, 01.01.2021 წლიდან 01.01.2024 წლამდე პერიოდში --- ის (პ/ნ ---) პირადი აღრიცხვის ბარათზე არ ფიქსირდება გატარებული ოპერაცია, გარდა ნულოვანი ჩანაწერისა. შესაბამისად, განხორციელდა 2023 წლის 31 დეკემბრისთვის რიცხული ზედმეტად გადახდილ თანხის (1417 ლარი) ჩამოწერა. აღნიშნულის თობაზე, 2024 წლის 31 ოქტომბრის N549654 (შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის N180490/21) განცხადების პასუხად, გადამხდელს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 1 ნოემბრის N21-11/81554 წერილით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ზედმეტად გადახდილ თანხასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია).
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ 01.01.2021 წლიდან 01.01.2024 წლამდე პერიოდში ----ის (პ/ნ ----) პირადი აღრიცხვის ბარათზე არ ფიქსირდება გატარებული ოპერაცია, გარდა ნულოვანი ჩანაწერისა. საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ --- ის (პ/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს:
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილ თანხად აისახოს ჩამოწერილი ზედმეტობა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ 01.01.2021 წლიდან 01.01.2024 წლამდე პერიოდში პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ ფიქსირდება გატარებული ოპერაცია, გარდა ნულოვანი ჩანაწერისა. შესაბამისად, განხორციელდა 2023 წლის 31 დეკემბრისთვის რიცხული ზედმეტად გადახდილ თანხის (1417 ლარი) ჩამოწერა. აღნიშნულის თობაზე, გადამხდელს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის წერილით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4 (8).