გადაწყვეტილება №17718/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17718/2/2022
3.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ---------- (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 3.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----------ის 7.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17718/2/2022).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ივლისის №081-122 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22831 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 297 364 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 185 133
დღგ - 94 474
საშემოსავლო გადასახადი - 90 659
ჯარიმა - 86 130
საურავი - 26 101
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 14.03.2022 წლის №6368 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №18417 ბრძანება და №081-122 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 16 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 5 სექტემბრის №22831 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22831 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე, 301-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მომჩივანი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტს, 2022 წლის 13 ივლისის №18417 ბრძანებას და №081-122 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2022 წლის 15 ივლისს. შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარდგენილია გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2022 წლის 16 და 30 აგვისტოს.
მომჩივანი განმარტავს, რომ მის მიერ საჩივარი გადაგზავნილია 2022 წლის 10 აგვისტოს, თუმცა აღმოჩნდა, რომ საჩივარი არ გაიგზავნა, ვინაიდან ერთ-ერთი გრაფა „შემმოწმებელი“ იყო გაწითლებული. ამიტომ, იგივე საჩივარი ატვირთა ხელახლა, სადაც საჩივრის წარდგენის თარიღად მიეთითა 2022 წლის 16 აგვისტო. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და საჩივრის წარმოებაში მიღებას.
მოცემულ შემთხვევაში, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელმა საჩივარში მითითებული არგუმენტებით ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 2022 წლის 10 აგვისტოს საჩივარი გაგზავნილ იქნა ელექტრონულად, თუმცა აღნიშნული საჩივარი არ გადაიგზავნა (მოხვდა შენახულში) მომჩივნის ტექნიკური შეცდომის გამო. კერძოდ, გაწითლებული იყო „შემმოწმებლის“ გრაფა. საჩივრის გაგზავნის ბოლო ვადა იყო 2022 წლის 13 აგვისტო. შემოსავლების სამსახურთან კონსულტაციის შემდგომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 16 და 30 აგვისტოს გაგზავნილ იქნა კომუნიკატორის საშუალებით 2 წერილი, რათა არ ჩაეთვალათ აღნიშნული საჩივარი დაგვიანებულად.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22831 ბრძანებით მომჩივნის თხოვნა არ დაკმაყოფილდა, თუმცა მიეცა უფლება გაესაჩივრებინა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხულ თანხებს და წარმოადგენს არგუმენტაციას დარიცხვის არამართლზომიერების თაობაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2022 წლის 15 ივლისს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2022 წლის 15 აგვისტო (ორშაბათი), ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2022 წლის 16 აგვისტოს.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 10 აგვისტოს საჩივარი გაგზავნილ იქნა ელექტრონულად, თუმცა აღნიშნული საჩივარი არ გადაიგზავნა ტექნიკური შეცდომის გამო.
შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის 19.12.2022 წლის №-----21-08 წერილით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურში 16.08.2022 წელს წარდგენილი საჩივარი გადასახადის გადამხდელს შექმნილი აქვს 10.08.2022 წელს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არსებობს გასაჩივრების ვადის აღდგენის საკმარისი საფუძველი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი დაუბრუნდეს ამავე სამსახურს განსახილველად.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22831 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს განსახილველად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
ფაქტობრივი გარემოება
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 16 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 5 სექტემბრის №22831 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22831 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არსებობს გასაჩივრების ვადის აღდგენის საკმარისი საფუძველი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი დაუბრუნდეს ამავე სამსახურს განსახილველად.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(10);