გადაწყვეტილება №20546/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20546/2/2023
11 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 10.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20546/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - ხარვეზი არ გამოსწორდა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის №086-37 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18075 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 598 872 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 369 090
დღგ - 144 927
საშემოსავლო გადასახადი - 224 163
ჯარიმა - 192 028
საურავი - 37 754
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სურსათით და შერეული საქონლით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 3.06.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახდო შემოწმება, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 23.03.2023 ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა 7.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის №086-37 საგადასახდო მოთხოვნა, რაც 2023 წლის 2 და 20 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18075 ბრძანებით, საჩივრები, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ხარვეზი არ გამოსწორდა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში), დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-15 მუხლის პირველ, მე-2, 21 და მე-3 პუნქტებზე, ამავე მუხლის მე-8 პუნქტზე და საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2.07.2023 წელს წარმოდგენილი საჩივრიდან არ ირკვეოდა მოთხოვნის არსი. ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის მე-15 მუხლის 21 პუნქტის მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №21-04/54357 წერილით, შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განისაზღვრა 7 კალენდარული დღის ვადა. აღნიშნული წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა მიმდინარე წლის 6 ივლისს.
გადასახადის გადამხდელის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით 20.07.2023 წელს წარმოდგენილ იქნა საჩივარი, რომელშიც დაფიქსირებული არ იყო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ან/და კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მომჩივანი დაამყარებდა თავის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის წარმოდგენის არცერთ ეტაპზე არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მომჩივანი ამყარებს თავის მოთხოვნებს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივრები არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, ხოლო მომჩივნის მიერ, დადგენილ ვადაში არ არის გამოსწორებული აპარატის მიერ მითითებული ხარვეზი. ამასთან, სახეზე არ არის საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებულ „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-15 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განახლების საფუძვლები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-----“-ის (ს/ნ ----) საჩივრები საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს, რომ ცვლილება იქნას შეტანილი მოგების გადასახადში ვინაიდან შპს ----- ახორციელებდა ხშირად ისეთი ობიექტიდან პროდუქციის მიღებას, სადაც ვადაგასულ და დაზიანებულ პროდუქტს ვერ ცვლიდა და უწევდა განადგურება, რამაც გამოიწვია ნაშთების დაგროვება.
შპს ----- მუშაობდა საკვები პროდუქტებით საბითუმო/საცალო რეალიზაციაზე, ხშირ შემთხვევაში პროდუქცია შეძენილია მარკეტ „------დან“ და სხვადასხვა საწყობებიდან, ვერ ხდებოდა ვადაგასული პროდუქციის ახლით გადაცვლა, ხდებოდა ნაგავსაყრელზე განადგურება. ითხოვს მოგების გადასახადში შეტანილ იქნას ცვლილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს თუ საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი.
საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ხარვეზის არსებობის მიუხედავად მიიღოს საჩივარი წარმოებაში, თუ იგი არსებითად არ უშლის ხელს საჩივრის განხილვას.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივრებში დაფიქსირებული გასაჩივრებული დოკუმენტი და დანართად წარდგენილი განცხადების ტექსტი იძლევა სამართლებრივ საფუძველს, რომ შემოსავლების სამსახურმა არსებითად განიხილოს აღნიშნული საჩივრები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრების განუხილველად დატოვება არამართლზომიერია. შედეგად, შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18075 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18075 ბრძანება;
3. საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - ხარვეზი არ გამოსწორდა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სურსათით და შერეული საქონლით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 3.06.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახდო შემოწმება, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 23.03.2023 ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა 7.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის №086-37 საგადასახდო მოთხოვნა, რაც 2023 წლის 2 და 20 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18075 ბრძანებით, საჩივრები, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ხარვეზი არ გამოსწორდა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში), დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრების განუხილველად დატოვება არამართლზომიერია. შედეგად, შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18075 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(1), 300(1"გ")(3), 301("ვ").