ბრძანება N 8040
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8040
12.04.2023
ი/მ ---ს (ს/ნ ----)
(მის.: ---)
2023 წლის 21 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ---ს (ს/ნ ---) №79246/1/2023 საჩივარი, რომლითაც იგი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 14 თებერვლის №AA1440472 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 მარტის და 30 მარტის სხდომებზე (ოქმი №28 და №33).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 26 იანვარს წარადგინა ID --- განცხადება, რომლითაც მოითხოვა მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება, მომდევნო პერიოდში მცირე მეწარმის სტატუსით გაუთვალისწინებელი საქმიანობის განხორციელების გამო (საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები). 2019 წლის 5 თებერვალს გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა საქმიანობის შეჩერების შესახებ განცხადება და მის შემდეგ არანაირი სამეწარმეო საქმიანობა არ განუხორციელებია. განცხადება სტატუსის გაუქმების მოთხოვნით კი წარადგინა შემდგომ პერიოში განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ ---ს (ს/ნ ---) მიერ 2023 წლის 26 იანვარს წარმოდგენილი „მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების შესახებ“ ID -- განაცხადის თანახმად, პირმა მოითხოვა მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება მცირე მეწარმისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების მიზეზით. აღნიშნულის საფუძველზე 2023 წლის 1 იანვრიდან პირს გაუუქმდა მცირე მეწარმის სტატუსი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის საფუძველზე 2023 წლის 14 თებერვალს შედგა ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი №AA1440472, რომელიც გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულ გვერდზე (www.rs.ge) და მონაცემთა ბაზის მიხედვით გაეცნო 2023 წლის 21 თებერვალს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს;
2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუქნტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ: პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის თანახმად, ქმედება, რამაც ამ კოდექსის 85-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამო გამოიწვია საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის ან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება მცირე მეწარმისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების მიზეზით და სანქციის დაკისრების მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ „მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების შესახებ“ 2023 წლის 26 იანვარის ID -- განაცხადის წარმოდგენამდე მცირე მეწარმისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და გააუქმოს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -- ს (ს/ნ ---) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ „მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების შესახებ“ 2023 წლის 26 იანვარის ID -- განაცხადის წარმოდგენამდე მცირე მეწარმისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და გააუქმოს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების მიხედვით, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელმა განცხადება მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით წარადგინა შემდგომ პერიოდში განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე, ითხოვს დაკისრებული სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
პირმა მოითხოვა მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება მცირე მეწარმისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების მიზეზით. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის საფუძველზე შედგა სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ „მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების შესახებ“ 2023 წლის 26 იანვარის განაცხადის წარმოდგენამდე მცირე მეწარმისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და გააუქმოს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 88 (1,2); 89 (1,2,4); 269 (1); 270 (1); 288.