გადაწყვეტილება №24812/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.03.2025
№ დოკუმენტი 24812/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 24812/2/2025

19 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 07.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 24.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N -----/-/-----).

 

დავის საგანი:

2020 წლის დეკემბრის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 27.12.2024 წლის N -----/----- გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის N 2431 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა:

მომჩივანი 2024 წლის 25 დეკემბრის N -----/21 (კომუნიკატორი N -----) განცხადებით ითხოვდა 2020 წლის დეკემბრის დამატებული ღირებულების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციის ასახვას პირადი აღრიცხვის ბარათზე. მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის N -----/----- გადაწყვეტილებით, მომჩივანს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ გასული იყო საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის N -----/----- გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.02.2025 წლის N 2431 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-4 მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს 2024 წლის 16 ოქტომბრის N 2328 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე და განმარტავს, რომ 2023 წლის 26 დეკემბერს გადამხდელის მიერ 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის დაზუსტების შედეგად ხანდაზმულობის ვადა ერთი წლით გაგრძელდა 19 მარტი 2025 N --/----- 2 საგადასახადო კონტროლის მიზნებისთვის. საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილი არ ითვალისწინებს გაგრძელებულ პერიოდში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების (მ.შ. შესწორებული) პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის შესაძლებლობას და შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციები (მ.შ. შესწორებული) პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას არ ექვემდებარება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

2022 წლის 7 ოქტომბერს კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც დღგ-ის ბრუნვა შეადგენდა 323 234 ლარს. 2023 წლის 26 დეკემბერს ისევ იქნა წარდგენილი იმავე საანგარიშო პერიოდის დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც დღგ-ის დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 323 236 ლარი. 2024 წელს მოხდა აღნიშნული დაზუსტებული საანგარიშო პერიოდის აუდირება და აღმოჩნდა, რომ პირველად და დაზუსტებულ დეკლარაციებში დაფიქსირებული თანხები დოლარის ოფიციალურ გაცვლით კურსთან მიმართებით იყო არაზუსტი და კომპანიამ გადაწყვიტა 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის ხელახალი კორექტირება, თუმცა მომსახურების დეპარტამენტმა დაუსაბუთებლად უთხრა უარი დეკლარაციის გატარებაზე იმ საფუძვლით, რომ თითქოს წარდგენილი დეკლარაცია ხანდაზმულია.

კომპანია მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებზე, განმარტავს, რომ დეკლარაციის დაზუსტებით ერთი წლით გაუხანგრძლივდა ხანდაზმულობის ვადა და ითხოვს 2020 წლის დეკემბრის დამატებული ღირებულების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

დადგენილია, რომ მომჩივანმა 2024 წლის 25 დეკემბრის განცხადებით ითხოვა 2020 წლის დეკემბრის დამატებული ღირებულების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციის ასახვას პირადი აღრიცხვის ბარათზე, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის N -----/---- გადაწყვეტილებით, ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ გასული იყო საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

მომჩივანს მიაჩნია, რომ 2023 წლის დეკემბრის თვის დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციით ერთი წლით გაუხანგრძლივდა ხანდაზმულობის ვადა და ამ მოტივით სურს 2024 წელსაც მიეცეს შესაძლებლობა დააზუსტოს 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია.

საქმეზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 5 მარტის N-----/----- წერილი, სადაც მითითებულია, რომ 2023 წლის 26 დეკემბერს გადამხდელის მიერ 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის დაზუსტების შედეგად ხანდაზმულობის ვადა ერთი წლით გაგრძელდა საგადასახადო კონტროლის მიზნებისთვის. საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილი არ ითვალისწინებს გაგრძელებულ პერიოდში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების (მ.შ. შესწორებული) პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის შესაძლებლობას და შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციები (მ.შ. შესწორებული) პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას არ ექვემდებარება.

საბჭო იზიარებს მოპასუხის პოზიციას აღნიშნულ საკითხზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება, მხოლოდ შესაბამის პერიოდზე საგადასახადო ორგანოს კონტროლის მექანიზმების გამოყენებას ეხება და არ ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოეშობა დეკლარაციის შეუზღუდავად/მუდმივად დაზუსტების უფლება.

შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების გასვლამდე ერთ წელზე ნაკლებ ვადაში, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებულის) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, ერთი წლით გრძელდება, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვის, სანქციის დაკისრების, საგადასახადო შემოწმების და არა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის ან შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციის დაზუსტების ხანდაზმულობის ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

2020 წლის დეკემბრის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანმა განცხადებით ითხოვა დამატებული ღირებულების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციის ასახვა პირადი აღრიცხვის ბარათზე, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის მიერ ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ გასული იყო საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

 

გადაწყვეტილება:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 4;