გადაწყვეტილება №23102/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23102/2/2024
11 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 20.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23102/2/2024).
დავის საგანი:
ვირტუალური ზონის პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნის (საქმიანობის) დაუდასტურებლობის გამო მოგების გადასახადისგან გათავისუფლებაზე უარი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №002-163 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26691 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 232 198,55 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 134 542
დღგ - 159
მოგების გადასახადი - 30 048
საშემოსავლო გადასახადი - 104 335
ჯარიმა - 67 318
საურავი - 30 338,55
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №002-163 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26691 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:
10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 24.05.2024 წლის №---------- წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26691 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 30.10.2023 წელს. ვინაიდან გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განახორციელა 30.10.2023 წლის №26691 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 12.12.2023 წელს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26691 ბრძანების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობა ფიქსირდება 16.05.2024 წელს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26691 ბრძანება ჩაბარებულად ითვლება 1.01.2024 წელს. ხოლო, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის მე-20 დღე იყო 21.01.2024 წელს (ემთხვევა არასამუშაო, კვირა დღეს). შესაბამისად, საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 22.01.2024 წელს. საჩივარი კანცელარიაში ჩაბარებულია (რეგ. №----------) 20.05.2024 წელს, შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26691 ბრძანების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანი სადავო აქტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია, საბჭოს მიაჩნია, რომ დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი მომჩივანს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (საჯაროდ გავრცელებით).
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარმოდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი; 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ვირტუალური ზონის პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნის (საქმიანობის) დაუდასტურებლობის გამო მოგების გადასახადისგან გათავისუფლებაზე უარი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 24.05.2024 წლის წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26691 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 30.10.2023 წელს. ვინაიდან გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განახორციელა 30.10.2023 წლის №26691 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 12.12.2023 წელს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26691 ბრძანების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობა ფიქსირდება 16.05.2024 წელს. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26691 ბრძანება ჩაბარებულად ითვლება 1.01.2024 წელს. ხოლო, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის მე-20 დღე იყო 21.01.2024 წელს (ემთხვევა არასამუშაო, კვირა დღეს). შესაბამისად, საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 22.01.2024 წელს. საჩივარი კანცელარიაში ჩაბარებულია 20.05.2024 წელს, შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26691 ბრძანების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარმოდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე).