ბრძანება N 14594
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14594
26.06.2023
შპს „---------“ (ს/ნ ---------)
(მის.: -----------------)
2023 წლის 13 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 13 მაისის №19669/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის №053-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ შეძენების მიხედვით მაქსიმალური ფასნამატი შეადგენს 12%-12,5%-ს. აცხადებს, რომ მართალია საწარმო აქამდე ვერ მუშაობდა პროგრამულად და შეუძლებელი იყო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით, თუმცა პროდუქცია იყოფოდა კატეგორიებად და მენეჯერი ხელმძღვანელობდა კატეგორიაზე წინასწარ განსაზღვრული ფასნამატით. ასევე, დამატებით მიუთითებს, რომ ფასების ფიქსაციის დროს დაფიქსირებული ფასნამატი ემთხვევა გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ფასნამატს. აგრეთვე, აცხადებს, რომ გადამხდელს აქვს როგორც დაუბეგრავი, ისე დაბეგრილი პროდუქცია.
2. მომჩივანი არ ეთანხმება ფულადი დანაკლისის ოდენობას და აღნიშნულის დაკვალიფიცირებას დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ითხოვს დამფუძნებლის შეტანილი/გატანილი თანხის გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ დამფუძნებელს ნაღდი ანგარიშსწორების გამო უწევდა სალაროში თანხის შეტანა, ვინაიდან სხვაგვარად მომწოდებელთან ანგარიშსწორებას ვერ განახორციელებდა და მიღებისას პროდუქციას ექნებოდა იგივე ფასი, რაც კონკურენტ ობიექტებს, შესაბამისად ვერ შეძლებდა კონკურენციის გაწევას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 დეკემბრის №33189 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ---------) 2022 წლის 11 აგვისტოს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
,,1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფულის დანაკლისის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 დეკემბრის №33189 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2023 წლის 29 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 8 479 ლარი, მათ შორის გადასახადი 5 652 ლარი, ხოლო ჯარიმა 2 827 ლარი.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა წერილობითი განცხადება, რომლითაც მოითხოვა ნაშთად დარჩენილი თანხის დივიდენდად განხილვა. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. ხოლო მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფულის დანაკლისის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) მიხედვით, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარდგენილი განცხადების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა ფულადი დანაკლისის ოდენობა განიხილა საწარმოს დირექტორზე გაცემულ დივიდენდად და შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, სულ 8 479 ლარით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.
2. მომჩივანი არ ეთანხმება ფულადი დანაკლისის ოდენობას და აღნიშნულის დაკვალიფიცირებას დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა წერილობითი განცხადება, რომლითაც მოითხოვა ნაშთად დარჩენილი თანხის დივიდენდად განხილვა. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
302(6);304(21)
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9)