გადაწყვეტილება №18502/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.02.2023
№ დოკუმენტი 18502/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18502/2/2022

23.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------ ----------- (პ/ნ ------------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------- -------ის 22.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18502/2/2022).

 

დავის საგანი:

საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 4.10.2022 წლის №EL185684 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 24.11.2022 წლის №29332 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

4.10.2022 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ის“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა №---------- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მომჩივანი.

საბაჟო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება და მასში განთავსებული საქონელი გადაადგილდებოდა ტრანზიტულად (თურქეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით) საბაჟო გამშვები პუნქტი „----ის“ მიერ შევსებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით D-------- და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განსაზღვრული იყო საბაჟო გამშვები პუნქტი „-------------“.

მომჩივანი საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ის“ ნაცვლად, გამოცხადდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „--------ში“.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული საქონლის მიმართ განსაზღვრული მარშრუტით გადაადგილების ვალდებულების შეუსრლებლობის ფაქტს, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 4.10.2022 წლის №EL185684 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა - 1 000 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.11.2022 წლის №29332 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ მომჩივანმა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებით გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე. შესაბამისად, ადგილი აქვს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტს და დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოძრაობდა ტრანზიტულად, საბაჟო დეკლარაცია ითვალისწინებდა, რომ გადაადგილება უნდა მოეხდინა თურქეთის რესპუბლიკიდან რუსეთის მიმართულებით. რადგან დაკეტილი იყო ამ გზით მიმართულება დატვირთული იყო საქონლით გადაწყვიტა რომ გადასულიყო ყაზბეგის გამშვები პუნქტიდან ამან გამოიწვია არასწორ მოძრაობაზე დაჯარიმება. რადგან იყო დატვირთული საქონელით და ვერანაირი გზა ვერ გამონახა ამან გამოიწვია მისი არასწორი მიმართულებით მოძრაობა. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მისი მდგომარეობა და მოეხსნას ჯარიმა თანხით 1000 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ამავე კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია განსაზღვროს მარშრუტი, რომლითაც უნდა გადაადგილდეს გასატანი საქონელი, და ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი უნდა იქნეს გატანილი. ამასთან, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელსაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გააქვს;

ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გამტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივანმა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილ საბაჟო მარშრუტს, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სადავო 4.10.2022 წლის №EL185684 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 4.10.2022 წლის №EL185684 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.