ბრძანება N 13280
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13280
05 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
(მის: ---) 2024 წლის 16 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 მაისის სხდომაზე (ოქმი N55) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) N89667/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 15 მაისის NCB1622818 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2024 წლის 10 აპრილს 00:47 სთ-ზე გამოწერა N---- ელ. სასაქონლო ზედნადები, რომლის დაწყების ადგილიც იყო ---- და დასრულება ---, სადაც ატვირთული იყო 16,5 კუბ მეტრი დახერხილი ხე მასალა და დაიცალა ---ში. მომჩივანი აცხადებს, რომ 2024 წლის 15 მაისს საგადასახადო მონიტორინგის მიერ მიუვიდა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სადაც მითითებულია იგივე მძღოლი და იგივე მანქანა, რომელიც გადამოწმებულ იქნა 2024 წლის 10 აპრილს 4:29 სთ-ზე და რომელსაც არ ჰქონდა სასაქონლო ზედნადები, რის გამოც დააჯარიმეს 10000 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ მის მიერ მასალა დაცლილი იქნა ---ში და იმის შემდეგ აღნიშნული მანქანა სად წავიდა და ვისი მასალა დატვირთა, მისთვის უცნობია. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2024 წლის 10 აპრილს, 04:29 საათზე, ქ. ---ზე, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით ---, რომლითაც ხორციელდებოდა ი/მ ---ის (ს/ნ --- ) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის, დახერხილი ხის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირება, ---ის რაიონიდან ქ. --- ის მიმართულებით. ელექტრონული მოწყობილობა ტაბით გადამოწმებისას აღნიშნულ სახ. ნომერზე შესაბამისი ელ. ზედნადები არ მოიძებნა. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში გადამოწმებული ინფორმაციის შედეგად დგინდება, რომ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების სახ. ნომერზე ---, 2024 წლის 10 აპრილს 00:46 სთ-ზე გამოწერილი იყო ი/მ ---ის (ს/ნ ----) შიდა გადაზიდვის ელ. ზედნადები N--- (16.5 მ.კუბ -ზე), რომლის მიხედვითაც ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ---ის რაიონი --- N0-იდან, ---ის N0 მიმართულებით. რეალურად კი ავტოსატრანსპორტო საშუალება --- შეუჩერებლად გადაადგილდებოდა --- ის რაიონი --- N0-იდან - ქ. --- მიმართულებით, რასაც ადასტურებს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ, კამერებიდან მიღებული ჩანაწერები (რაც თავისთავად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მოხდა საქონლის ჩამოცლა და ხელმეორედ დატვირთვა სხვა საქონლით). კანონით გათვალისწინებული შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ზემოხსენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით --- გადაყვანილი და დალუქულ მდგომარეობაში განთავსებული იქნა ---ს რაიონ ს. ---ში დაცულ ტერიტორიაზე. ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტემენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის N59328/05/24 საფუძველზე დადგინდა, რომ დახერხილი ხის მასალის საერთო რაოდენობამ შეადგინა 16.7 კუბ.მ, რომლის საერთო საბაზრო ღირებულებამ შეფასების თარიღისთვის შეადგინა 13360 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წლის 15 მაისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა NCB1622818 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 3² ნაწილის შესაბამისად, შეეფარდა სანქცია 10000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
“გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:
ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;
ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;
ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;
გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, 11. სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
12. სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
3 2. ამ მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტემენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის N59328/05/24 საფუძველზე დადგინდა, რომ დახერხილი ხის მასალის საერთო რაოდენობამ შეადგინა 16.7 კუბ.მ, რომლის საერთო საბაზრო ღირებულებამ შეფასების თარიღისთვის შეადგინა 13360 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წლის 15 მაისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა NCB1622818 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 3² ნაწილის შესაბამისად, შეეფარდა სანქცია 10000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286-ე მუხლის 3² ნაწილი.