გადაწყვეტილება №18991/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.04.2023
№ დოკუმენტი 18991/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18991/2/2023

27.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "------" (პ/ნ "------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 1.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18991/2/2023).

 

დავის საგანი:

ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №EL199762 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3283 ბრძანება.

 

შეფარდებული სანქცია:

ჯარიმა - 1 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

9.02.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, მგზავრებისთვის განკუთვნილ დარბაზში შემოვიდა მომჩივანი, რომელმაც საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას, განაცხადა რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის სიგარეტი.

აღნიშნული პირის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, აღმოჩნდა არადეკლარირებული სიგარეტი „KING“ – 600 ღერი (30 კოლოფი), რომელიც მოთავსებული ქონდა სხეულზე, ქურთუკის შიგნით, წელის არეში.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №EL199762 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა (№69601082260 საქონლის ჩამორთმევის ოქმი).

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.02.2023 წლის №3283 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ოქმით დაკისრებული სანქცია (ჯარიმა და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) მართლზომიერია.

საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. შესაბამისად, მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი მოქმედი საბაჟო ფორმალობები. ამასთან, საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივრის არ დაკმაყოფილების ძირითად მიზეზად მითითებულია, რომ 2022 წლის 27 თებერვლიდან 2023 წლის 9 თებერვლამდე დაფიქსირებული აქვს 12 გასვლა-შესვლა. 12 გასვლაშესვლისგან 8 გასვლა-შესვლა აქვს ავტომობილით ოფიციალური მივლინებით რიზესა და ტრაპზონის აეროპორტებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, პირველი შემთხვევა ჰქონდა სიგარეტზე გადასვლის.

მომჩივანი განმარტავს, რომ ყველა გასვლა-შესვლაზე ხდებოდა ფიზიკური დათვალიერება და არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა გატანის ან რაიმეს შემოტანის ფაქტი. გასვლა შემოსვლა ხდებოდა სახელმწიფო ავტომობილით, ამ ერთი ფაქტის გარდა.

ითხოვს გათვალიწინებულ იქნას ის ფაქტი, რომ აღნიშნული არის პირველი შემთხვევა და ეპატიოს ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ 9.02.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, შემოსულ მომჩივანს ფიზიკური დათვალიერებისას, აღმოაჩნდა არადეკლარირებული/დამალული სიგარეტი „KING“ – 600 ღერი (30 კოლოფი), რომელიც მოთავსებული ქონდა სხეულზე (ქურთუკის შიგნით წელის არეში).

მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, განმარტავს, რომ ყველა საზღვრის კვეთისას ხდებოდა ფიზიკური დათვალიერება და არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა გატანის ან რაიმეს შემოტანის ფაქტი. გასვლა შემოსვლა ხდებოდა სახელმწიფო ავტომობილით, ამ ერთი ფაქტის გარდა.

ითხოვს გათვალიწინებულ იქნას ის ფაქტი, რომ აღნიშნული არის პირველი შემთხვევა და ეპატიოს ჯარიმა.

საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივანმა განაცხადა, რომ არ გადააადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, ხოლო ფიზიკური პირისა და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების დროს საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ აღმოჩენილი იქნა აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი, მომჩივნის მიერ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისთვის სანქცია შეფარდებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით.

გადამხდელი ითხოვს გათვალიწინებულ იქნას ის ფაქტი, რომ აღნიშნული არის პირველი შემთხვევა და ეპატიოს ჯარიმა

 

ფაქტობრივი გარემოებები

ფიზიკური დათვალიერების შედეგად, აღმოჩნდა არადეკლარირებული სიგარეტი (30 კოლოფი), რომელიც მოთავსებული ქონდა სხეულზე, ქურთუკის შიგნით, წელის არეში.

გადამხდელს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივანმა განაცხადა, რომ არ გადააადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, ხოლო დათვალიერების დროს აღმოჩენილი იქნა აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი, მომჩივნის მიერ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისთვის სანქცია შეფარდებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

27(1),73(1),168(3)

საგადასახადო კოდექსი : 199 („დ.გ“)