გადაწტვეტილება №25057/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.05.2025
№ დოკუმენტი 25057/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25057/2/2025

21 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 13.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25057/2/2025).

 

დავის საგანი:

ცრუმაგიერ პირზე გავრცელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №039-723 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა იპოთეკის შესახებ;

2. შემოსავლების სამსახურის 27.03.2025 წლის №5733 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

ვალის მართვის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №21-17/15361 წერილით ------- რაიონულ სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა მომჩივნის სს „-------“-ს (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 239-ე მუხლის საფუძველზე, მის მთელ ქონებაზე 6.03.2025 №039-723 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

აღნიშნული აქტი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.03.2025 წლის №5733 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-8 მუხლის 23-ე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 246-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით და განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში სადავო შეტყობინება არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 27.03.2025 წლის №5733 გადაწყვეტილება არაკანონიერია, ვინაიდან გადაწყვეტილება მისი მონაწილეობის გარეშე იქნა მიღებული და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა გამოკვლეული.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული რა ოდენობის თანხაზე ვრცელდება გირავნობა/იპოთეკა. პირიქით მოცემულია რომ ვრცელდება ნებისმიერი სახის ქონებაზე. შესაბამისად კანონის იმპერატიული მოთხოვნა დარღვეულია და ეს შეტყობინება კანონსაწინააღმდეგოა. მომჩივანს უძრავი ქონებები შეძენილი აქვს შპს „-------“, რომელიც წარმოადგენს სს „-------“ თავდებ პირს და საგადასახადო ორგანოსთან 6.11.2020 წელს გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, რომლის გამოც 9.11.2020 წლის №039-2213 და №039-2214 შეტყობინებებით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დაიტვირთა ხსენებული კომპანიის ყველა უძრავი ქონება 1 900 000 ლარის ფარგლებში.

გადამხდელის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელება წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს უფლებას და არა ვალდებულებას. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან გადასახადის გადამხდელის უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, შპს „-------“ ქონებაზე ისედაც გავრცელებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებები და დამატებით კიდევ ერთი საგადასახდო გირავნობის/იპოთეკის გავრცელება არ წარმოადგენს არავითარ უზრუნველყოფას და მხოლოდ აზიანებს გადასახადის გადამხდელის უფლებებს. ხოლო თუ დადგინდება სასამართლო წესით ცრუმაგიერობა, ავტომატურად შესაძლებელი იქნება უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.

ითხოვს, ვალის მართვის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №039-723 „საგადასახადო გირავნობა იპოთეკის შესახებ“ შეტყობინების და შემოსავლების სამსახურის 27.03.2025 წლის №5733 ბრძანების ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად პირის ქონებაზე გაავრცელოს გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად:

1. პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება.

2. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.

5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

სადავო საკითხზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 15.04.2025 წლის №30408- 21-17 წერილიდან ირკვევა, რომ 6.03.2025 წლის №21-17/15361 წერილით ------- რაიონულ სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა შპს „-------“-ს (ს/ნ -------), შპს „-------“-ს (სნ -------), შპს „-------“-ს (ს/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------), და ------- (პ/ნ -------) სს „-------“-ს (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 6.03.2025 წლის №039-723 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება სწორედ დავალიანების ფარგლებში არსებობს და ამ დავალიანების დაფარვისთანავე უქმდება. ეს უფლება წარმოიშობა და არსებობს იმის მიუხედავად აქვს თუ არა ქონება იმ პირს ვის მიმართაც იქნა იგი გამოყენებული და რა ღირებულების არის ეს ქონება. კერძოდ, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირდება ქონების არარსებობის პირობებშიც, ვინაიდან იგი ვრცელდება მომავალში შეძენილ ქონებაზეც რომელიც შეძენისთანავე იტვირთება ამ უფლებით. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულება, ამ უფლების წარმოშობის მომენტში, შესაძლებელია აღემატებოდეს საგადასახადო დავალიანების ოდენობას, თუმცა, იძულებითი აღსრულება მაინც საგადასახადო დავალიანების ფარგლებში განხორციელდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია კანონშესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

ცრუმაგიერ პირზე გავრცელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვალის მართვის დეპარტამენტის წერილით სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა მომჩივნის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის მთელ ქონებაზე 6.03.2025 №039-723 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

აღნიშნული აქტი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.03.2025 წლის №5733 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია კანონშესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239; 246