გადაწყვეტილება №19046/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19046/2/2023
6.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 8.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19046/2/2023)
დავის საგანი:
საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის არასწორად დეკლარირების საფუძვლით საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად საბაჟო გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №001-233 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.02.2023 წლის №2936 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 581 103.75 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 275 448.6
ჯარიმა - 275 448.6
საურავი - 30 206.55
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ყვავილებით და სხვა მცენარეებით. საბაჟო დეპარტამენტის 1.11.2022 წლის №27529 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის მიერ № "------" საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში საქონლის მიწოდების პირობაა CPT ან CIP , დეკლარაციებში და მის თანმხლებ დოკუმენტებში (ინვოისებში) ასევე გამოყოფილია საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება, რომელებიც (მნიშვნელოვნად დაბალია) რეალურად/სრულად არ ასახავს საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველომ, საქონლის საბაჟო ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ტრანსპორტირების ხარჯის სიზუსტის დადგენის მიზნით ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოითხოვა მომჩივნისგან. პერიოდის მიხედვით შერჩეული დეკლარაციების თანმხლები სატრანსპორტო ზედნადებებით (Air Waybill) გაწეული მომსახურების (ტვირთის გადაზიდვის) შესაბამისი ხარჯების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ასევე გამოთხოვილია უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „---------“ (ს/ნ „---------“ ) და უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს „----------“ (ს/ნ „----------“).
საპასუხოდ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციიდან აღსანიშნავია, შემდეგი:
1) მომჩივნის მიერ №"-------" 30.06.2022 განცხადებით, წარდგენილი თიბისი ბანკის 23.05.2019-23.06.2022 წლების პერიოდზე გაცემული გადარიცხვების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერიდან იკვეთება, რომ მოცემულ პერიოდში ტვირთის ექსპორტიორთან ეტაპობრივად გადარიცხული თანხა შეუსაბამობაშია შესაბამის პერიოდში მის მიერ საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებასთან;
2) უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „---------“ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში 6.09.2022 წლის №"-------" განცხადებით, სატრანსპორტო ზედნადებების (Air Waybill) მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტს მიაწოდა ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების ამსახველი დოკუმენტები, რომლებშიც მითითებული თანხები ბევრად აღემატება შესაბამის საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ ტრანსპორტირების ხარჯებს. საბაჟო დეპარტამენტს ასევე აცნობეს, რომ სატრანსპორტო ზედნადებებში (Air Waybill) მითითებული თანხები სრულად ასახავს შესაბამისი ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯს;
3) უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს „----- -სგან “ სატრანსპორტო ზედნადებების (Air Waybill) მიხედვით №"-------" წერილით გამოგზავნილ ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების ამსახველ დოკუმენტში მოცემული თანხები ასევე ბევრად აღემატება შესაბამის საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ ტრანსპორტირების ხარჯებს.
მოპოვებული ინფორმაციისა და საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გაირკვა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ) და დაეკისრა ჯარიმა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
შემოწმების შედეგები აისახა საბაჟო დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №------- საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 14.12.2022 წლის №31447 ბრძანება და ამავე თარიღის №001-233 საგადასახადო მოთხოვნა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით,ქვემდებარეობის მიხედვით 16.12.2022 წლის № „---------“ წერილით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.
საბაჟო დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №ა224-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, 14.12.2022 წლის №31447 ბრძანება და ამავე თარიღის №001-233 საგადასახადო მოთხოვნა 11.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.02.2023 წლის №2936 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მომჩივნის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით დარიცხული სანქცია და საბაჟო ვალდებულება მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ მოთხოვნის მიუხედავად შემოწმების მიერ არ მომხდარა შემოწმების მასალების გადაცემა, რომელიც დაეხმარებოდა საკითხის დეტალურად გარკვევაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული შემოწმების მასალები გადამხდელს გაეგზავნა მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით, რომელსაც ადრესატი გაეცნო 14.12.2022 წელს.
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების მიერ ტრანსპორტირების ხარჯის განსაზღვრისათვის გამოყენებულია სატრანსპორტო ზედდებულის (Air Waybill) მონაცემები. შედეგად გაზრდილია იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულება და დამატებით დარიცხულია საბაჟო გადასახდელი დღგ-ის სახით.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ პროდუქციის იმპორტირება ხდება CPT ან CIP თბილისი მიწოდების პირობით, რაც გულისხმობს გამყიდველის მიერ პროდუქციის მიწოდებას დანიშნულების ადგილამდე. შესაბამისად გადამზიდავ კომპანიასთან კომპანიას კავშირი არ აქვს, მას ქირაობს მომწოდებელი. ანგარიშსწორებაც ხორციელდება, მხოლოდ მომწოდებელთან.
აღნიშნულის გათვალისწინებით სადავო აქტების გაუქმებას და საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა მათი თანამონაწილეობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 ნაწილების მიხედვით:
2. საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:
ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;
ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის შემდეგი საფუძველი: პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად:
6. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:
ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;
ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია.
7. ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე.
მომჩივანი მიუთითებს, რომ საქონლის იმპორტი ხდება CPT ან CIP თბილისი მიწოდების პირობით, რაც გულისხმობს გამყიდველის მიერ პროდუქციის მიწოდებას დანიშნულების ადგილამდე. შესაბამისად, გადამზიდავ კომპანიასთან კავშირი არ აქვს, მას ქირაობს მომწოდებელი და ანგარიშსწორებაც ხორციელდება, მხოლოდ მომწოდებელთან.
დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში. აღნიშნულის დადგენას საფუძვლად დაედო: მომჩივნის მიერ ტვირთის ექსპორტიორთან ეტაპობრივად გადარიცხული თანხის შეუსაბამობა შესაბამის პერიოდში მის მიერ საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებასთან და უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „---------“ და უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს „---------“ მიერ სატრანსპორტო ზედნადებების (Air Waybill) მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტისთვის მიწოდებული ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების (შესაბამისი ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის) ამსახველი დოკუმენტები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების (საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის), რომელიც წარმოადგენს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს, საქონლის გაფორმებისას არასწორად წარდგენამ და დეკლარაციებში არასწორად ასახვამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნის ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.