შეწყდა

ადმინისტრაციული 16.04.2015
საქმის ნომერი
ბს-265-207-კ-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.04.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ბს-265-207-კ-05 16 აპრილი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. რ-ემ 12.06.2003წ. სარჩელით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ა.ტ-ის, აღმასრულებელ თ. მ-ის და მესამე პირის თ.გ-ის მიმართ ამბროლაურის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 20.11.2001წ. ოქმის ბათილად ცნობის და შპს ,,...“ არსებულ წილზე საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 04.06.2003წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 10.10.2003წ. გადაწყვეტილებით ა.რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ავთანდილ რ-ის მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.03.2004წ. განჩინებით ა. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ა.რ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.09.2004წ. განჩინებით ა.რ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.03.2004წ. განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 20.01.2005წ. გადაწყვეტილებით ა.რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 10.10.2003წ. გადაწყვეტილება, ა.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 20.11.2001წ. ოქმი და მისი შედეგები. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ი-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარე, თავდაპირველი მოპასუხე ა.ტ-ე გარდაცვლილია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.05.2005წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ა.ტ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მხარეებს 27.02.2008წ., 11.07.2008წ., 28.07.08წ., 08.02.2010წ., 09.03.2010წ., 28.03.2011წ., 22.11.2013წ., 14.11.2014წ. გაეგზავნათ მიმართვები ა.ტ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით. ამასთანავე, მხარეები გაფრთხილებულ იქნენ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტში 28.12.2007 წ. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მხარის გარდაცვალების გამო უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოება ჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, რის შემდეგაც მხარის საპროცესო სტატუსის გათვალისწინებით საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი ან შეწყდება საქმის წარმოება.

09.03.2010წ. ა.ტ-ის მეუღლემ ნ. ი-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ სამკვიდრო მოწმობა არ გაცემულა, ამასთანავე მიუთითა, რომ მას პრეტენზია არ ექნებოდა საქმის შეწყვეტის შესახებ.

18.12.2014წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ და აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ა.ტ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დადგენილი წესები.

საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე ა.ტ-ე გარდაცვლილია. აღნიშნული გარემოების საფუძველზე სსკ 279-ე მუხლის `ა~ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.05.2005წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ა.ტ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი, ანუ პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცლე. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ვადა არა უმეტეს 6 თვით. თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება.

საკასაციო სასამართლოდან 2008-2014 წლებში მხარეებს არა ერთი მიმართვა გაეგზავნათ ა.ტ-ის სავარაუდო საპროცესო უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, მხარეებს არა ერთხელ განემარტათ მოპასუხის საპროცესო უფლებამონაცვლის დაუდგენლობის თანამდევი სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მიმართვებში აღინიშნა, რომ სამკვიდრო მოწმობის წარმოუდგენლობისა და საკასაციო სასამართლოსათვის საქმის წარმოების განახლების პროცესუალური წინაპირობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, სსკ-ის 281-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდება საქმის წარმოება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 09.03.2010წ. ა.ტ-ის მეუღლემ ნ. ი-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ სამკვიდრო მოწმობა არ გაცემულა, ამასთანავე მიუთითა, რომ მას პრეტენზია არ ექნებოდა საქმის შეწყვეტის შესახებ. 18.12.2014წ. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა აგრეთვე კასატორმა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ და აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ა.ტ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე და შესაბამისად, მოკლებულია სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის შესაძლებლობას. ამდენად, მხარეებმა განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლეს გარდაცვლილი მოპასუხის უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ არსებობს ამავე კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ა.ტ-ის ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სსკ-ის 283-ე მუხლის შესაბამისად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარზე უნდა განახლდეს საქმის წაროება, რადგან აღარ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა მოხდება საერთო წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1" და 281-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით, 283-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეწყდეს =ბს-265-207-კ-05 საქმის წარმოება ა.ტ-ის ნაწილში;

2. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ.მურუსიძე

მ.ვაჩაძე