დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.03.2025
საქმის ნომერი
ბს-896(2კ-კს-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-896(2კ-კს-24) 10 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ჩ-ი-ჭ-ეისა (მოსარჩელე) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაზე; ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის დამატებით გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 28 ნოემბერს დ. ჩ-ი-ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის N2608 განკარგულების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა N..., საერთო ფართობი 1 004 კვ.მ., დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, დ. ჩ-ი-ჭ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის N2608 განკარგულება; დაევალა მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა N..., საერთო ფართობი - 1 004 კვ.მ., საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დ. ჩ-ი-ჭ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით; დაეკისრა მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დ. ჩ-ი-ჭ-ეის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ინდივიდუალური აუდიტორის - თ. კ-ეის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის - 1 200 (ათას ორასი) ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ჩ-ი-ჭ-ემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, დ. ჩ-ი-ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ჩ-ი-ჭ-ეის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის №2608 განკარგულება; დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისში, ...ს ქ. N..., 983 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, მე-51 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტის კანონიერების დასაბუთებასთან მიმართებით მიუთითებს რამდენიმე გარემოებაზე. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, თავდაპირველად მოსარჩელე არ ითხოვდა 1 004 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული მოცემულობა მოსარჩელის წარმომადგენლის მხრიდან ახსნილი იქნა იმ გარემოებით, რომ პირველი აზომვა მოხდა შეცდომით, აიზომა მხოლოდ მიწის ნაკვეთის ერთი ნაწილი, სადაც ძირითადი სახლია განთავსებული და რომელშიც ამჟამად ცხოვრობს მოსარჩელე. დ. ჩ-ი-ჭ-ეისთვის კი არ იყო ცნობილი, რომ მიწის ნაკვეთის ფართი იყო 1 004 კვ.მ. და მას თავიდანვე ეგონა, რომ განაცხადი შეტანილი ჰქონდა მთლიან მიწის ნაკვეთზე, როგორც ეს დღეის მდგომარეობით აქვს მოთხოვნილი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე წინა განცხადებებით ითხოვდა უფრო ნაკლები ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, არ ქმნის 2021 წლის 15 ივნისის განცხადების (საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაინტერესებული პირი დღეის მდგომარეობით პრეტენზიას აცხადებს 1 004 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე, რომელთან მიმართებითაც ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზეც ასახულია შენობა-ნაგებობა N1 და N2. ასევე, წარდგენილი იქნა შ. ო-ეის, ბ. გ-ის, ქ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და მ. გ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ე, მამასთან ერთად 90-ანი წლებიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. N.... სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსხვავებით წინა განცხადებებისაგან, რომლებშიც მოსარჩელე N1 ნაგებობაზე მიუთითებდა, ამჟამინდელ მოთხოვნაში ფიგურირებს N2 ნაგებობა, რომელიც ჩანს 2005 წლის ორთოფოტოზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კომისიის წარმომადგენელმა მოსარჩელის მხრიდან ფართის გაზრდა ახსნა N2 ნაგებობის საერთო ფართში მოქცევით, რაც განაპირობებდა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა კომისიის მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, რამდენადაც მიჩნეული იქნა, რომ არ დგინდებოდა ამ შენობა-ნაგებობების ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული არგუმენტის საპირწონედ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ინდივიდუალური აუდიტორის თ. კ-ეის 2023 წლის 29 მაისის აუდიტორულ დასკვნაზე (საექსპერტო) უძრავი ქონების ხანდაზმულობის შესახებ. სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 8 დეკემბრის N5007896423 წერილის თანახმად ირკვევა, რომ შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის დადგენის რაიმე სახის მეთოდიკა ბიუროს არ გააჩნია, გარდა ორთოფოტოსი, სადაც უნდა ჩანდეს საკვლევი ობიექტი, თუმცა, ზემოაღნიშნული აუდიტორული დასკვნა საყურადღებოა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N...-ის (პირობით საკადასტრო კოდი: ...) აღწერის თვალსაზრისით. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ხსენებულ მისამართზე არსებული, თვითნებურად დაკავებული არასასოფლო-სამეურნეო 1 004 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს ერთიან სივრცეში და შემოღობილია მიწაში ბეტონით მყარად ჩამაგრებულ ლითონის სვეტებზე შემოვლებული, ხანდაზმული, ერთიანი მავთულის ღობით. ეზოში მდებარეობს დეფორმირებული ნაგებობა, სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებით შექმნილი კონსტრუქცია, რომელიც დაკავშირებულია გრუნტთან უძრავად და რომლის არსებობაც დგინდება (,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონის ამოქმედებამდე) საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 2005-2007 წლის ორთოფოტოზე და ტოპოგეგმაზე. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ეზოში შეყვანილია კომუნიკაციები. ეზოში დგას აგრეთვე მრავალწლოვანი ნარგავები: ალუბალი, კაკალი, ბროწეული, ლეღვი, ვაშლი, მსხალი, ტყემალი, ვაზი და სხვა, რომელთა ასაკი 20-25 წელზე მეტია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ერთიან სასაზღვრო მიჯნაშია მოქცეული, გამყარებულია როგორც ზემოაღნიშნული დასკვნით, ასევე მოწმეთა ახსნა-განმარტებებით და 2005 წლის ორთოფოტოთი, რომლითაც დგინდება მიწის ნაკვეთზე N2 შენობა-ნაგებობის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არსებობისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი.

ამასთან, რაც შეეხება N1 შენობა-ნაგებობის საძირკვლის არსებობას სადავო მიწის ნაკვეთზე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ მითითებული ნაგებობის საძირკველი მისი მამის მიერ ჩასხმული იყო 90-იან წლებში, მამა კი ცხოვრობდა N2 შენობა-ნაგებობაში. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ორთოფოტოზე N1 შენობა-ნაგებობის საძირკველი არ ჩანს, რადგან მას ფარავს ეზოში მდგომი მრავალწლიანი ლეღვის ხის ფოთლები. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის აღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ვინაიდან სადავო ტერიტორიაზე ნარგავების არსებობას ადასტურებს საქმეში დაცული აუდიტის დასკვნა, 2005 წლის ორთოფოტოზე N1 შენობა-ნაგებობის საძირკვლის არდაფიქსირება უპირობოდ არ გამორიცხავს მოსარჩელის განმარტების მართებულობას N1 შენობა-ნაგებობის თაობაზე, მით უფრო, რომ 2010 წლის ორთოფოტოზე, შენობა უკვე ჩანს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის N2608 განკარგულებაში ასევე ყურადღება არის გამახვილებული თ. ჩ-ის განაცხადზე, რომლითაც იგი ითხოვდა ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, საერთო ფართობის 527 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. კომისიის მიერ დადგენილი იქნა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილზე, რომელზედაც განთავსებულია შენობა N02, საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა სწორედ თ. ჩ-ი ზემოაღნიშნული განცხადებით. ამასთან, მართალია, მისი მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ იქნა დაკმაყოფილებული, თუმცა კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები არ იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაუფლებული იყო მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას როგორც საკუთარს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოსთვის წარმოდგენილი იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 13 ივლისის განკარგულება. აღნიშნული განკარგულებით დგინდება, რომ თ. ჩ-ის უარი ეთქვა თბილისში, ...ში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, საერთო ფართობის 527 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

სააპელაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ითხოვს მიწის ნაკვეთს, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს სხვა დაინტერესებული პირი, აბათილებს საქმეზე წარმოდგენილი თ. ჩ-ის საქმის ადმინისტრაციული წარმოების მასალები, სადაც დაცულია ორთოფოტო, რომელზეც მონიშნულია დ. ჩ-ი-ჭ-ეისა და თ. ჩ-ის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები. აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ხსენებული პირების დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მომიჯნავეა. აღნიშნული მოცემულობის სისწორეს საბოლოოდ ამყარებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 5 მარტის N50774 წერილი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს გადაეცა სიტუაციური ნახაზი. აღნიშნული სიტუაციური ნახაზი ასახავს მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთსა და თ. ჩ-ის მიწის ნაკვეთის ზედდების ფართობს. მოცემული მტკიცებულებით დასტურდება, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ეის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი 10.6 კვ.მ-ით გადადის თ. ჩ-ის სადავო მიწის ნაკვეთის მხარეზე. ამდენად, ზედდება არის მხოლოდ 10.6 კვ.მ-ით და არა მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელზეც მდებარეობს N2 შენობა-ნაგებობა, როგორც ამას განმარტავს კომისია სადავო განკარგულებაში.

მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოკვლევა-შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევა, სავსებით შესაძლებელს ხდის სადავო საკითხის არსებითად და არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტას, რადგან სადავო შემთხვევაში არ არსებობს დ. ჩ-ი-ჭ-ეის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელზეც არ ფიქსირდება ზედდება. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების პირობები, არამედ სახეზეა მოსარჩელესთან მიმართებით სადავო გადაწყვეტილების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ბათილობის საფუძველი. ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა დაკითხვის და საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია დ. ჩ-ი-ჭ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის 983 კვ.მ. (1 004-10.6) ფართზე თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დ. ჩ-ი-ჭ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა ინდივიდუალური აუდიტორის - თ. კ-ეის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის - 1 200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით გადახდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება, თუმცა არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებაში, რის გამოც პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის საფუძველზე, თავისი ინიციატივით, უფლებამოსილია გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს აპელანტ (მოსარჩელე) დ. ჩ-ი-ჭ-ეის მიერ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ინდივიდუალური აუდიტორის - თ. კ-ეის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის - 1 200 (ათას ორასი) ლარის ანაზღაურების მოწინააღმდეგე მხარისათვის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დაკისრება.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე და 53-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2023 წლის 1 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით და საბანკო გადახდების ქვითრებით დასტურდება მოსარჩელის მიერ ინდივიდუალური აუდიტორისთვის მის მიერ გაწეული მომსახურების საერთო ღირებულების - 1 200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით, გადახდის ფაქტი. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ი-ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოწინააღმდეგე მხარეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაეკისროს მოსარჩელე დ. ჩ-ი-ჭ-ეის სასარგებლოდ ინდივიდუალური აუდიტორის - თ. კ-ეის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის - 1 200 (ათას ორასი) ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით, დ. ჩ-ი-ჭ-ეის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა დ. ჩ-ი-ჭ-ეის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ჩ-ი-ჭ-ეის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორი - დ. ჩ-ი-ჭ-ე მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი. კერძოდ, კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით დადასტურებულია დ. ჩ-ი-ჭ-ეის მიერ მითითებული კანონის ამოქმედებამდე 1 004 კვ.მ. მიწის ფლობის, მასზე შენობა-ნაგებობის არსებობისა და მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცეში არსებობის ფაქტი. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებად არ მიიჩნევს მიწის ნაკვეთზე სხვა პირის მიერ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის არსებობას, მით უფრო, თუ ასეთი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. გარდა ამისა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და არ არის შესული კანონიერ ძალაში.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოებით უტყუარად არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებები მოსარჩელის მიერ აღნიშნული ფართის 1990 წლიდან ფლობასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. კასატორი ასევე განმარტავს, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ეს თავდაპირველი განცხადებით საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილი ჰქონდა უფრო ნაკლები მოცულობის ფართზე, რაზეც ეთქვა უარი. აღნიშნული ფართი არ მოიცავდა ამჟამად მოთხოვნილ იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც დგას შენობა N02 და რომლის ნაწილზეც საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა ასევე თ. ჩ-ი. ამასთან, კასატორის განმარტებით, არ იკვეთება თავდაპირველი და გაზრდილი ფართის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნას კასატორი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება ასევე საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მათ მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაზე წარდგენილია საკასაციო საჩივარი, რომელიც შეიცავს დეტალურ დასაბუთებას მითითებული გადაწყვეტილების უკანონობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნულ პირობებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებაც უკანონოა და არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ჩ-ი-ჭ-ეისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაზე; ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის დამატებით გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, დ. ჩ-ი-ჭ-ეის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებაზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით, დ. ჩ-ი-ჭ-ეის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი განჩინება; დ. ჩ-ი-ჭ-ეის განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე, დაკმაყოფილდა; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე №330310022006510595, საქმე N3ბ/3262-23) დაშვებული უსწორობა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №330310022006510595, საქმე N3ბ/3262-23) სამოტივაციო ნაწილის 27-ე გვერდის პირველ აბზაცსა და 28-ე გვერდის პირველ და მე-3 აბზაცებში მიწის ნაკვეთის ფართად ნაცვლად ,,983 კვ.მ“-ისა, მიეთითა ,,993 კვ.მ.“; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №330310022006510595, საქმე N3ბ/3262-23) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში ნაცვლად ,,ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის №2608 განკარგულება; დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ...ს ქ. N..., 983 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.“, მიეთითა ,,ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის №2608 განკარგულება; დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ...ს ქ. N..., 993 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.“

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ეისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 22 მაისს დ. ჩ-ი-ჭ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს გზის მიმდებარე ტერიტორია, ფართობი: 691 კვ.მ., საკუთრების უფლების აღიარება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 24 ნოემბრის N462 საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი N15), დ. ჩ-ი-ჭ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს გზის მიმდებარე ტერიტორია, ფართობი: 691 კვ.მ., საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

2017 წლის 14 სექტემბერს დ. ჩ-ი-ჭ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს მიმდებარედ, ფართობი: 682 კვ.მ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 2 ოქტომბერს N406156 წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გადაუგზავნა დ. ჩ-ი-ჭ-ეის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს მიმდებარედ (682 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2019 წლის 18 თებერვლის სხდომაზე (საკითხი N68) განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 ოქტომბრის N406156 წერილის საფუძველზე კომისიაში შესული დ. ჩ-ი-ჭ-ეის განცხადება და მიიჩნია, რომ განმცხადებელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე (ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ახალი გარემოების დამდგენი დოკუმენტაცია), უარი უნდა ეთქვას მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ს მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, რაც აისახა კომისიის 2019 წლის 18 თებერვლის N6 სხდომის ოქმში. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2019 წლის 5 აპრილს მიღებული იქნა განკარგულება N561, რომლის თანახმად, დ. ჩ-ი-ჭ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ს მიმდებარედ, საერთო ფართობი - 682 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე.

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 24 ნოემბრის N462 საოქმო გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 აპრილის N561 განკარგულება დ. ჩ-ი-ჭ-ემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინებით (საქმე N3/3700-19), დ. ჩ-ი-ჭ-ეის სარჩელზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 24 ნოემბრის N462 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/3700-19), დ. ჩ-ი-ჭ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 აპრილის №561 განკარგულება „მიწის ნაკვეთზე დ. ჩ-ი-ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისში, დიდი დიღმის მიმდებარედ მდებარე 682 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დ. ჩ-ი-ჭ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე N3/3700-19) შესულია კანონიერ ძალაში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3/3700-19) საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2021 წლის 7 ივნისის სხდომაზე (საკითხი N2) ხელახლა განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 ოქტომბრის N406156 წერილით კომისიაში შესული დ. ჩ-ი-ჭ-ეის განცხადება და მიიჩნია, რომ განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ს მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, რაც აისახა კომისიის 2021 წლის 7 ივნისის N27 სხდომის ოქმში. ამავე სხდომაზე დ. ჩ-ი-ჭ-ემ განაცხადა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე 2010 წელს ამოიყვანა კედლები, მანამდე ჰქონდა საძირკველი და პატარა ხის შენობა, ამასთან, მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობის ნანგრევიც. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2021 წლის 9 აგვისტოს მიღებული იქნა განკარგულება N940, რომლის თანახმად, დ. ჩ-ი-ჭ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ს მიმდებარედ, საერთო ფართობი - 682 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე.

2021 წლის 15 ივნისს დ. ჩ-ი-ჭ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. N..., საერთო ფართობი - 1 004 კვ.მ. ამასთან, განმცხადებელმა მიუთითა, რომ თანახმა იყო განცხადება გადაგზავნილიყო საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. აღნიშნულ განცხადებას თან დაერთო მათ შორის განმცხადებლის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი აზომვითი ნახაზი, რომელზეც ასახულია შენობა-ნაგებობა N1 და N2. ასევე, შ. ო-ეის, ბ. გ-ის, ქ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და მ. გ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები. შ. ო-ეე და ბ. გ-ი 2015 წლის 20 მაისის და 21 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით ადასტურებენ, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ე 1995 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილის მიმდებარედ. ამასთან, ისინი აცხადებენ თანხმობას, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ემ კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს აღნიშნული ქონების საკუთარ სახელზე გაფორმება/რეგისტრაცია. ქ. ბ-ი, ვ. ბ-ი და მ. გ-ი 2021 წლის 14 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით ადასტურებენ, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ე 1995 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. N.... ამასთან, ისინი აცხადებენ თანხმობას, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ემ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს აღნიშნული უძრავი ქონების ლეგალიზება/დაკანონება და საკუთარ სახელზე რეგისტრაცია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 12 ივლისს N282808 წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გადაუგზავნა დ. ჩ-ი-ჭ-ეის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. N..., საერთო ფართობი - 1 004 კვ.მ., საკუთრების უფლების აღიარება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2022 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე (საკითხი N27) განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 ივლისის N282808 წერილის საფუძველზე კომისიაში შესული დ. ჩ-ი-ჭ-ეის განცხადება და მიიჩნია, რომ განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. N..., საერთო ფართობი - 1 004 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, რაც აისახა კომისიის 2022 წლის 26 სექტემბრის N62 სხდომის ოქმში. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2022 წლის 11 ნოემბერს მიღებული იქნა განკარგულება N2608. განკარგულებაში მითითებულია, რომ არ დასტურდება დ. ჩ-ი-ჭ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) დგინდება, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე, წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით, ამჟამად არსებული N1 საცხოვრებელი სახლი (აშენებული) განთავსებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. აქვე საყურადღებოა ის გარემოება, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ეს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილზე (საერთო ფართობი - 682.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე არაერთხელ ეთქვა უარი, ვინაიდან დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლი (წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით, ამჟამად არსებული N1 შენობა, რომლის საფუძველზეც განმცხადებელი ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას) განთავსებული იყო ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ. 2021 წლის 7 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე (ოქმი N27) დ. ჩ-ი-ჭ-ემ თავად განმარტა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის კედლები ამოიყვანა 2010 წელს, მანამდე კი, განთავსებული იყო დროებითი (ხის) შენობა. რაც შეეხება მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებულ გაზრდილ მოთხოვნას, კომისიამ მიიჩნია, რომ იგი არ განაპირობებდა განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, დ. ჩ-ი-ჭ-ეის თავდაპირველი განცხადების განხილვისას, საკუთრების უფლების აღიარება წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოთხოვნილი იყო 682.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და იგი არ მოიცავდა განსახილველი განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა N02 (აშენებული). შესაბამისად, თავდაპირველი გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, განმცხადებელი პრეტენზიას არ აცხადებდა განსახილველი განცხადებით დამატებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით. ასევე, არ იკვეთება განმცხადებლის მიერ გაზრდილ ფართობზე მიწის ნაკვეთის თავდაპირველად მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი. ამასთან, აღნიშნული განკარგულების თანახმად, კომისიის მიერ დადგენილი იქნა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილზე, რომელზედაც განთავსებულია შენობა N02, საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა ასევე თ. ჩ-ი. მართალია მისი მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ იქნა დაკმაყოფილებული, თუმცა კომისიამ მიიჩნია, რომ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები არ იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაუფლებული იყო მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას როგორც საკუთარს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის N2608 განკარგულებით, დ. ჩ-ი-ჭ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. N..., საერთო ფართობი - 1 004 კვ.მ.), საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საქმის მასალებში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია ინდივიდუალური აუდიტორის თ. კ-ეის 2023 წლის 29 მაისის აუდიტორული დასკვნა (საექსპერტო) უძრავი ქონების ხანდაზმულობის შესახებ. დასკვნაში მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N...-ში (პირობით საკადასტრო კოდი: ...) არსებული, თვითნებურად დაკავებული არასასოფლო-სამეურნეო 1 004 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს ერთიან სივრცეში და შემოღობილია მიწაში ბეტონით მყარად ჩამაგრებულ ლითონის სვეტებზე შემოვლებული, ხანდაზმული, ერთიანი მავთულის ღობით. ეზოში მდებარეობს დეფორმირებული ნაგებობა, სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებით შექმნილი კონსტრუქცია, რომელიც დაკავშირებულია გრუნტთან უძრავად და რომლის არსებობაც დგინდება (,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონის ამოქმედებამდე) საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 2005-2007 წლის ორთოფოტოზე და ტოპოგეგმაზე. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ეზოში შეყვანილია კომუნიკაციები. ეზოში დგას აგრეთვე მრავალწლოვანი ნარგავები: ალუბალი, კაკალი, ბროწეული, ლეღვი, ვაშლი, მსხალი, ტყემალი, ვაზი და სხვა, რომელთა ასაკი 20-25 წელზე მეტია.

ამასთან, საქმის მასალებში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 8 დეკემბრის წერილი, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, ბიურო აღნიშნავს, რომ ამგვარი ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის მომზადება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობების დაცვით, რომ საკვლევი ობიექტი უნდა ჩანდეს ორთოფოტოზე (წლების მიხედვით), რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული შენობა-ნაგებობის (მისამართის, საკადასტრო კოდის ან სხვა მონაცემის მითითებით) ორთოფოტოზე დაფიქსირების შემთხვევაში, ბიუროს მიერ გაიცემა დასკვნა, რომ კონკრეტული შენობა-ნაგებობა ფიქსირდება ამა თუ იმ წლის ორთოფოტოზე და აშენებულია ორთოფოტოს გადაღებისთვის არსებულ პერიოდში ან მანამდე. სხვა რაიმე სახის მეთოდიკა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის განსაზღვრას, ბიუროს არ გააჩნია.

საქმის მასალებში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წლის 5 მარტს მომზადებული სიტუაციური ნახაზი, რომლითაც დგინდება, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ეისა და თ. ჩ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებს შორის ფიქსირდება ზედდება 10.6 კვ.მ.-ის ნაწილში.

საქმეში ასევე წარმოდგენილია სს ,,თ...ს“ მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, დ. ჩ-ი-ჭ-ეის სააბონენტო ბარათი სს ,,თ...ს“ მონაცემთა ბაზაში გახსნილია 2016 წლის 24 ნოემბრიდან და შპს ,,თბ...ს“ ცნობა, რომლის თანახმად, დ. ჩ-ი-ჭ-ე აბონენტად რეგისტრირებულია 2017 წლის 18 იანვრიდან.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის N2608 განკარგულებით, დ. ჩ-ი-ჭ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. N..., საერთო ფართობი - 1 004 კვ.მ.), საკუთრების უფლების აღიარებაზე. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნული განკარგულების კანონშესაბამისობას ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოებით უტყუარად არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებები მოსარჩელის მიერ აღნიშნული ფართის 1990 წლიდან ფლობასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2005 წლის ფერად ორთოფოტოზე, რომელზეც ფიქსირდება შენობა-ნაგებობა. ამასთან, მოწმეები როგორც საქმეში წარმოდგენილი სანოტარო განცხადებების საფუძველზე, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას პირდაპირ ადასტურებენ დ. ჩ-ი-ჭ-ეის მიერ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს. საქმეში ასევე წარმოდგენილია სს ,,თ...სა“ და შპს ,,თბ...ს“ მიერ გაცემული ცნობები, დ. ჩ-ი-ჭ-ეის აბონენტად რეგისტრაციის თაობაზე. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორი ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას იმის თაობაზე, რომ არ იკვეთება დ. ჩ-ი-ჭ-ეის მიერ მოთხოვნილი თავდაპირველი და გაზრდილი ფართის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ინდივიდუალური აუდიტორის თ. კ-ეის 2023 წლის 29 მაისის აუდიტორული დასკვნით, რომელიც მართალია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 8 დეკემბრის წერილის გათვალისწინებით, ვერ დაადასტურებს შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობას, თუმცა შეიცავს მითითებას ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ერთიან სივრცეში და შემოღობილია მიწაში ბეტონით მყარად ჩამაგრებულ ლითონის სვეტებზე შემოვლებული, ერთიანი მავთულის ღობით. ეზოში მდებარეობს დეფორმირებული ნაგებობა, სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებით შექმნილი კონსტრუქცია, რომელიც დაკავშირებულია გრუნტთან უძრავად და რომლის არსებობაც დგინდება (,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონის ამოქმედებამდე) საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 2005-2007 წლის ორთოფოტოზე და ტოპოგეგმაზე. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ეზოში შეყვანილია კომუნიკაციები. ეზოში დგას აგრეთვე მრავალწლოვანი ნარგავები: ალუბალი, კაკალი, ბროწეული, ლეღვი, ვაშლი, მსხალი, ტყემალი, ვაზი და სხვა, რომელთა ასაკი 20-25 წელზე მეტია.

ამასთან, რაც შეეხება კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განმარტებას იმის თაობაზე, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ეს თავდაპირველი განცხადებით საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილი ჰქონდა უფრო ნაკლები მოცულობის ფართზე, რაზეც ეთქვა უარი და აღნიშნული ფართი არ მოიცავდა ამჟამად მოთხოვნილ იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც დგას შენობა N02 და რომლის ნაწილზეც საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა ასევე თ. ჩ-ი, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული გარემოებები მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წლის 5 მარტს მომზადებულ სიტუაციურ ნახაზზე, რომლითაც დგინდება, რომ დ. ჩ-ი-ჭ-ეისა და თ. ჩ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებს შორის ფიქსირდება ზედდება 10.6 კვ.მ.-ის ნაწილში. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მითითებული ფართი მხარეთა შორის სადავოა, მასზე პრეტენზიას აცხადებს ასევე თ. ჩ-ი და არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდებოდა ზედდებაში არსებულ ფართზე მისი საკუთრების უფლების არარსებობის ფაქტი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა მითითებული ფართის გამოკლებით, დ. ჩ-ი-ჭ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე და 53-ე მუხლებისა და საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, ასევე, საბანკო გადახდების ქვითრების გათვალისწინებით, კანონიერია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ინდივიდუალური აუდიტორის - თ. კ-ეის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის - 1 200 (ათას ორასი) ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, დ. ჩ-ი-ჭ-ეისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ჩ-ი-ჭ-ეისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი