დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-986(2კ-23) 17 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...“-მა 2020 წლის 24 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №002-532 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №47339 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 25 თებერვლის №5111 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 9 ივლისის №002-156 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 7 სექტემბრის №26346 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 9 სექტემბრის №10802/2/2020 გადაწყვეტილების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის №11334/2/2020 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებისათვის საგადასახადო იპოთეკა-გირავნობის მოხსნის დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, საწარმოს კამერალური შემოწმების აქტით გამოუვლინდა 2016 წლის მაისის თვის დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის შემცირება. მოსარჩელე არ ეთანხმება აღნიშნულს და განმარტავს, რომ თანხა დეკლარირებული აქვს 2016 წლის ივლისის თვეში, ხოლო საგადასახადო შემოწმება ჩატარდა 2019 წლის დეკემბერში, რასაც გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს დარღვევად, რადგან, მისი მოსაზრებით, ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2019 წლის ივლისში. მოსარჩელის მოსაზრებით, დარიცხული ჯარიმის - 2853 ლარის შემცირებასთან ერთად ასევე უნდა შემცირებულიყო დარიცხული დღგ-ის თანხა, ვინაიდან ჯარიმა გამოწვეული იყო დღგ-ის არასწორი ჩარიცხვებიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძველიც.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „...“-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 9 სექტემბრის №10802/2/2020 და 2021 წლის 29 აპრილის №11334/2/2020 გადაწყვეტილებები; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს დაევალა შპს „...“-ის 2020 წლის 28 ივლისის №10802/2020 და 2020 წლის 25 სექტემბრის №11334/2/2020 საჩივრების განხილვის შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საბჭოსათვის მოსარჩელის მიერ 2020 წლის 28 ივლისს წარდგენილი საჩივარი არსებითად უნდა განხილულიყო მხარის 2020 წლის 28 თებერვლის განცხადების გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 25 თებერვლის №5111 ბრძანება, ისე 2020 წლის 7 სექტემბრის №26346 ბრძანება უკანონოდ მიიჩნია. პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე სათანადოდ და სრულყოფილად არ უმსჯელია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას და აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა თუ რას წარმოადგენს საჩივარი, საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის. შედეგად კი, მიღებულ იქნა უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. კასატორები მიუთითებენ, რომ საგადასახადო კოდექსი საჩივარს ანიჭებს სამართლებრივ რეკვიზიტებს და აქცევს კონკრეტულ სამართლებრივ ფარგლებში, საჩივარში უნდა იკვეთებოდეს მოთხოვნის არსი. გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტის კანცელარიაში 2020 წილს 28 თებერვალს რეგისტრირებული №44159/21-14 დოკუმენტი კი, არ არის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 თებერვლის №5111 ბრძანებასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებების მნიშვნელოვან ნაწილს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საგადასახადო კოდექსის XIV კარი შეიცავს დებულებებს საგადასახადო დავის წარმოებასთან დაკავშირებით. საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ საგადასახადო კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით (მუხ. 299.1). საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით (მუხ. 299.2). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები (მუხ. 297.1).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 23 დეკემბრის №45857 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელიც 2016 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 1 ივნისამდე საგადასახადო პერიოდს მოიცავდა. შემოწმების შედეგები აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში აისახა. საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, 2016 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 21297 ლარს შეადგენდა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად კი, 2016 წლის მაისის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 54575 ლარი შეადგინა. შედეგად, მომჩივანს დღგ დაერიცხა და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 30 დეკემბერს №47339 ბრძანება და №002-532 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც შპს „...“-მა სსიპ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა.
საჩივრის შედეგად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 თებერვლის №5111 ბრძანებით შპს „...“-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გავრცელების მიზნით აუდიტის დეპარტამენტისათვის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენის წინადადება მიეცა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 50%-იანი სანქციის შეფარდების კანონიერების საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გავრცელების საფუძვლებზე მსჯელობა და აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) დაევალა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2020 წლის 28 თებერვალს გადასახადის გადამხდელმა მიმართა აუდიტის დეპარტამენტს №44159/21-14 განცხადებით, რომელსაც დაურთო 2016 წლის მაისის თვეში დადეკლარირებული ანგარიშ-ფაქტურები და საბუღალტრო საბუთები, ასევე ბრუნვის ისტორია. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიიღო 2020 წლის 9 ივლისის №002-156 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა (დაერიცხა დღგ - 7133 ლარის, ჯარიმა - 713 ლარის და საურავი - 5372.57 ლარის ოდენობით, სულ - 13218.57 ლარი).
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2020 წლის 9 ივლისის №002-156 საგადასახადო მოთხოვნა 2020 წილს 28 ივლისს მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2020 წლის 7 სექტემბრის №26346 ბრძანებით შპს „...“-ის 2020 წლის 28 ივლისისა და 30 ივლისის საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, 2020 წლის 9 ივლისის №002-156 საგადასახადო მოთხოვნა ძალაში დარჩა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 9 სექტემბრის №10802/2/2020 გადაწყვეტილებით, 2020 წლის 28 ივლისის საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო დარჩა განუხილველი. გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზის მონაცემების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 თებერვლის №5111 ბრძანება გადასახადის გადამხდელს ელექტრონულად გაეგზავნა იმავე დღეს, ჩაბარდა და ელექტრონულ გვერდზე გაეცნო 2020 წლის 25 თებერვალს. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა 2020 წლის 16 მარტი იყო, თუმცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 თებერვლის №5111 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით სამსახურს, გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით, 2020 წლის 28 ივლისს წარედგინა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსი, სახელდობრ, 305-ე მუხლის 1-ელი ნაწილი ითვალისწინებს ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გასაჩივრების შესაძლებლობას (დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში). საჩივრის საგადასახადო ორგანოში ან სხვა რომელიმე სახელმწიფო ორგანოში გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში წარდგენა ითვლება გასაჩივრების ვადის დაცვად (მუხ. 305.3).
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია: ა) დააკმაყოფილოს საჩივარი; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი; გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი; დ) განუხილველად დატოვოს საჩივარი; ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს საჩივრის განხილვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლი ჩამოთვლის შემთხვევებს, რა დროსაც დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს. ერთ-ერთი მათგანია საჩივრის განუხილველად დატოვება საგადასახადო ორგანოში საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის გამო.
დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2021 წლის 29 აპრილის №11334/2/2020 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „...“-ის 2020 წლის 25 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №002-532, 2020 წლის 9 ივლისის №002-156 საგადასახადო მოთხოვნისა და 2020 წლის 7 სექტემბრის №26346 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორს, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 9 ივლისის №002-156 საგადასახადო მოთხოვნისა და 2020 წლის 7 სექტემბრის №26346 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში განემარტა, რომ მას საბჭოსთვის არ წარუდგენია კონკრეტული არგუმენტები ან/და მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 თებერვლის №5111 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. ხოლო საჩივრის ავტორის მოთხოვნა დღგ-ში დარიცხული თანხების გაუქმების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საბჭომ განიხილა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 თებერვლის №5111 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი და გამომდინარე აქედან, მოკლებული იყო შესაძლებლობას არსებითად ემსჯელა დღგ-ში დარიცხული თანხების გაუქმების თაობაზე. 2019 წლის 30 დეკემბრის №002-532 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, დავების განხილვის საბჭომ განმარტა, რომ ვინაიდან ამ საკითხზე არსებობდა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 9 სექტემბრის №10802/2/2020 გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, საბჭო ვერ იმსჯელებდა მომჩივნის მიერ მითითებულ დეტალებზე.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ ვინაიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 თებერვლის №5111 ბრძანების შედეგად, გადასახადის გადამხდელმა, 2020 წლის 28 თებერვალს წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია, რომლის განხილვის საფუძველზე საგადასახადო ორგანომ გამოსცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 9 ივლისის №002-156 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელმა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის შემდეგ, 2020 წლის 28 ივლისს წარადგინა საჩივარი ადმინისტრაციულ ორგანოში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საჩივარი გასაჩივრებისათვის დადგენილ 20-დღიან ვადაშია წარდგენილი. პალატა დამატებით აღნიშნავს, მართალია, შპს „...“-ის 2020 წლის 28 ივლისის საჩივარში აღნიშნულია, რომ საჩივარი შეეხებოდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 თებერვლის №5111 ბრძანებას, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების მასალების გათვალისწინებით, ნათელია, რომ 2020 წლის 28 ივლისის საჩივარი წარდგენილ იქნა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მიიღო 2020 წლის 9 ივლისის №002-156 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გამორიცხავს 2020 წლის 28 ივლისის საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. განსახილველი საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ დაძლიეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთი, ხოლო მათი მოსაზრება კომპანიის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე არ არის დაფუძნებული კონკრეტულ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე