არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-940(კს-25) 29 დეკემბერი, 2025 წელი
ქ . თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - მ.ღ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 05 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2023 წლის 15 აგვისტოს, მ.ღ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 29 ნოემბრის №1858 ბრძანების მე-3 პუნქტის (დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ბათილად ცნობა და მ.ღ-ის სასარგებლოდ კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირებით 500 ლარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით მ.ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.ღ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ივლისის განჩინებით, მ.ღ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი; კერძოდ, აპელანტს დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის და ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა, რისთვისაც მას განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა.
მ.ღ-ემ 2025 წლის 10 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და იმ განმარტებაზე მითითებით, რომ ვერ ერკვეოდა იურიდიულ საკითხებში, ხოლო მისი სოციალურად დაუცველი სტატუსიდან და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოკლებული იყო ადვოკატის მომსახურების საფასურის გადახდის შესაძლებლობას, იშუამდგომლა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განჩინებით მ.ღ-ის შუამდგომლობა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის თაობაზე დაკმაყოფილდა. მ.ღ-ეს დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განჩინებით მ.ღ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 (ათი) დღით და დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის და ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
მ.ღ-ის ადვოკატებმა 20205 წლის 17 ივლისს განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც იშუამდგომლებს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ ესაჭიროებოდათ დრო საქმის გასაცნობად.
მ.ღ-ემ 2025 წლის 22 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო ხარჯზე დანიშნულ ადვოკატებს არ ენდობოდა, წერილით ჰქონდა მიმართული საქართველოს პარლამენტისთვის სადავო საკითხთან დაკავშირებით და ელოდებოდა პასუხს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის განჩინებით მ.ღ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 (ათი) დღით.
მ.ღ-ემ 2025 წლის 01 აგვისტოს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება, იმ საფუძვლით, რომ მას არ სურდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განჩინების საფუძველზე დანიშნული ადვოკატები და სახელმწიფოს ხარჯზე საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 05 აგვისტოს განჩინებით მ.ღ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მ.ღ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
პალატამ აღნიშნა, რომ მ.ღ-ეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად სამჯერ მიეცა ვადა, თუმცა მან არ უზრუნველყო ხარვეზის სრულად შევსება, შესაბამისად, მიიჩნია, რომ მ.ღ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 05 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ.ღ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხიდან საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება და სახელმწიფოს ხარჯზე სხვა ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მ.ღ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
მ.ღ-ემ 2025 წლის 20 ოქტომბერს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ მ.ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატის მოსაზრებით, უპირველეს ყოვლისა, შეფასება უნდა მიეცეს კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობის საფუძვლიანობას სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის შესახებ, რა მიმართებით პალატა მიუთითებს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე (მე-2 პუნ.); ამ კანონით დადგენილი წესით იურიდიული კონსულტაცია გაიწევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს (მე-3 პუნ.). ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობა, აგრეთვე ადმინისტრაციულ საქმეზე ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა უზრუნველყოფილია, თუ პირი გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა (მისი სასამართლოში წარმომადგენლობა, ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა) მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე (მე-2 პუნ.).
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იმ პირთა კატეგორიებს, რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის გადახდისუუნაროდ ითვლებიან, და გადახდისუუნარობის დადასტურების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის იმავე საფუძვლებს იმეორებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილიც.
„პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 30.06.2014 წ. №424 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე. ამასთან, მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადახდისუუნარო პირის გარდა, გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება აგრეთვე პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას: ა) იმ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი; ბ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი; გ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი; დ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირი; ე) მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მიმდინარეობს ბავშვობიდან; ვ) 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვი; ზ) რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი.
ამდენად, სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნისას აუცილებელია შემდეგი ორი პირობის კუმულატიურად არსებობა: 1. პროცესის მხარე უნდა იყოს გადახდისუუნარო და 2. მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა (მისი სასამართლოში წარმომადგენლობა), საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე უნდა წარმოადგენდეს აუცილებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.ღ-ე განეკუთვნება სოციალურად დაუცველ პირთა კატეგორიას და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულა არის 22740. ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №IV-100/ა ცნობის მიხედვით, მ.ღ-ე არის შშმ პირის სტატუსის მქონე.
მიუხედავად კერძოს საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული სტატუსისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი კუმულატიურად ვერ აკმაყოფილებს სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის შესახებ კანონის ზემოხსენებულ პირობებს; კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხარემ შეავსო თუ არა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალების შეფასებით უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, სახეზე არ არის რაიმე სამართლებრივი სირთულე, რომელიც იურიდიული დახმარების კვალიფიციურად გაწევასა და შესაბამისად, კერძო საჩივრის წარმატებულობაზე იქონიებდა გავლენას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ მ.ღ-ეს დანიშნული ჰყავდა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატები, თუმცა მოსარჩელემ მათ გაურკვეველი დასაბუთებით უნდობლობა გამოუცხადა, და არა მხოლოდ მათ - მისი კერძო საჩივარი შეიცავს არაერთი ადვოკატის სახელსა და გვარს, რომელსაც იგი არ ენდობა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის შინაარსისა და სირთულის გათვალისწინებით, არ არსებობს კერძო საჩივრის ავტორისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის კვლავ დანიშვნის საფუძველი.
რაც შეეხება კერძო საჩივრის საფუძვლიანობის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს იმ ჩამონათვალს, რომელსაც სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლის 1-4 ნაწილებში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ივლისის განჩინებით, მ.ღ-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი არ იყო შედგენილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმისა და ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. შესაბამისად, აპელანტს განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. აპელანტმა 2025 წლის 10 ივლისს განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნა და ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელება.
სააპელაციო პალატის 2025 წლის 15 ივლისის განჩინებით მ.ღ-ეს დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე და გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 (ათი) დღით. ხსენებული განჩინებების შესახებ ეცნობა იურიდიული დახმარების ბიუროს. მ.ღ-ის ადვოკატებმა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელება, ასევე განცხადებით მიმართა მ.ღ-ემაც, რომელმაც ადვოკატების მიმართ უნდობლობის საფუძვლით მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის განჩინებით მ.ღ-ეს კვლავ ათი დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა.
მ.ღ-ემ 2025 წლის 10 აგვისტოს კვლავ მიმართა სააპელაციო პალატას, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელება და სახელმწიფოს ხარჯზე საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ადვოკატის დანიშვნა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 05 აგვისტოს განჩინებით მ.ღ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო მ.ღ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის არაერთგზის გაგრძელებისა და სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის მიუხედავად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზი მ.ღ-ეს არ შეუვსია, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ.ღ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 05 აგვისტოს განჩინება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ღ-ის შუამდგომლობა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. მ.ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 05 აგვისტოს განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა