დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1248(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- გ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 29 აპრილს გ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2019 წლიდან დღემდე დასაქმებულია სსიპ ...ის სახლ-მუზეუმში, ...ის პოზიციაზე. მოსარჩელე 2023 წლის 1 მაისამდე ღებულებოდა პენსიასაც და ხელფასსაც. 2024 წლის თებერვალში მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტა განაპირობა მის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებამ. ამასთან, მოპასუხეს მოეთხოვა არასწორად მიღებული გასაცემლის - 6165 ლარის უკან დაბრუნება. მოსარჩელემ მოითხოვა დარიცხული თანხის ჩამოწერა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა: სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურის სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 1 მაისის 2023/3 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე ამავე სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის SSA 7 24 00320256 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; პენსიის დარიცხვის შესახებ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურის სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის SSA 7 23 01157500 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრისთვის მის სასარგებლოდ პენსიის შეწყვეტის დღიდან 2023 წლის - 1 მაისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება და სახელმწიფო პენსიის გაცემა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს N SSA 2 24 00545108 და N SSA 5 24 00714130 გადაწყვეტილებების, რომლითაც გ. კ-ეს უარი ეთქვა პენსიის აღდგენა/ხელახლა დანიშვნაზე, ბათილად ცნობა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით გ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურის სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 1 მაისის 2023/3 გადაწყვეტილება გ. კ-ეის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ და ამავე სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის SSA 7 24 00320256 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურის სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის SSA 7 23 01157500 გადაწყვეტილება გ. კ-ეზე საპენსიო დავალიანების 6165 (ექვსი ათას ას სამოცდახუთი) ლარის დარიცხვის შესახებ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრს დაევალა პენსიის შეწყვეტის დღიდან - 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე გ. კ-ეისათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 21 მაისის N SSA 2 24 00545108 და 2024 წლის 03 ივლისის N SSA 5 24 00714130 აქტები, რომლითაც გ. კ-ეს უარი ეთქვა პენსიის აღდგენა/ხელახლა დანიშვნაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრს დაევალა გ. კ-ეისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა (აღდგენა) სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-ე 2019 წლიდან დღემდე დასაქმებულია ...ს ...ის სახლ-მუზეუმში, ...ის პოზიციაზე. გ. კ-ე 2023 წლის 1 მაისამდე ღებულობდა პენსიასაც და ხელფასსაც.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრმა 2023 წლის 28 აპრილს გ. კ-ეს ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა წერილი, რომელიც არ ჩაბარდა ადრესატს. წერილში მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გ. კ-ე დასაქმებული იყო შრომითი ხელშეკრულებით. ვინაიდან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება იზღუდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, მას 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდებოდა სახელმწიფო გასაცემელი. 2023 წლის 1 მაისის N2023/3 გადაწყვეტილებით გ. კ-ეს ზემოაღნიშნული საფუძვლით შეუწყდა პენსია.
2023 წლის 31 ოქტომბრის NSSA 7 23 01157500 წერილით გ. კ-ეს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ვინაიდან სახელმწიფო პენსია წყდება ბენეფიციარის საჯარო საქმიანობის განხორციელების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, აღნიშნულის შემდგომ ჩარიცხული თანხები ექვემდებარება ბიუჯეტში აღდგენას. ამდენად, მოსარჩელეს მოეთხოვა მიღებული გასაცემლის - 6165 ლარის უკან დაბრუნება. 7.02.2024წ. გ. კ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული თანხის ჩამოწერა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის SSA 7 24 00320256 გადაწყვეტილებით გ. კ-ეის განცხადება დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ გასული იყო გასაჩივრების ვადა.
2024 წლის 16 აპრილს გ. კ-ემ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა პენსიის (სახელმწიფო გასაცემის) აღდგენა. სააგენტოს 2024 წლის 21 მაისის N SSA 2 24 00545108 აქტით გ. კ-ეს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე. გ. კ-ემ ზემოაღნიშნული აქტი ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 3 ივლისის N SSA 5 24 00714130 აქტით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველ, მე-3 მუხლებზე, “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, მე-5 მუხლებზე, “მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ა” ქვეპუნქტზე, “კულტურის შესახებ” საქაართველოს კანონის მე-5 მუხლის “თ” ქვეპუნქტზე, მე-14 მუხლზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველ, მე-2, მე-8 და მე-9 მუხლებზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ...ს ...ის სახლ-მუზეუმი, სადაც მოსარჩელე მუშაობს, წარმოადგენს სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას. ამდენად, მოსარჩელის სამუშაო ადგილი და განხორციელებული საქმიანობის მახასიათებლები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის დასახელებულ ნორმებს, რომლის მიხედვითაც კულტურულ სფეროში საქმიანობა საჯარო საქმიანობის განხორციელებად არ მიიჩნევა. პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ...ის სახლ-მუზეუმში ...ის პოზიციაზე მუშაობა არ ზღუდავს სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩელე გ. კ-ეისათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 01 მაისის №2023/3 გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. მოსარჩელემ სადავო აქტი გაასაჩივრა მისი ჩაბარებიდან ერთთვიან ვადაში, რაც სრულად შეესაბამება საპროცესო კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, კანონშეუსაბამოა სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის №SSA 7 24 00320256 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 21.11.2008წ. N3/331 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოსარგებლე სხვადასხვა მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, მათ შორის სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი ჩამოყალიბდნენ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებად. მიუხედავად იმისა, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, დებულების თანახმად, სხვა საქმიანობასთან ერთად ახორციელებს მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, მართვას, მოვლა-პატრონობას, უშუალოდ სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზეც შესაძლებელია გავრცელდეს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათი. ამასთან, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის N05/05 ბრძანებით დამტკიცებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულება, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, ...ის სახლ-მუზეუმის ბაზაზე.
ზემოაღნიშნული დებულების მე-8 მუხლის თანახმად სააგენტოს მმართველობის სფეროში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, სხვა სამსახურებთან ერთად, წარმოადგენენ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს. კასატორები მიიჩნევენ, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზეც შესაძლებელია გავრცელდეს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობა. კასატორები აღნიშნავენ, რომ გ. კ-ე დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის სახლ-მუზეუმში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს და არა ცალკე არსებულ, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული სტატუსის მქონე დაწესებულებას. კასატორები მიიჩნევენ, რომ საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით მოსარჩელეს მართებულად შეუწყდა, ხოლო შემდგომ უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე. მხარეს 2024 წლის 22 მაისს ჩაბარდა შეტყობინება პენსიის შეწყვეტის შესახებ, მან გაუშვა საჩივრის წარდგენის ვადა, რის გამოც განცხადება მართებულად დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსდა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურის სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 1 მაისის 2023/3 გადაწყვეტილების და განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ამავე სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის SSA 7 24 00320256 გადაწყვეტილების კანონიერება, საპენსიო დავალიანების დარიცხვის შესახებ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურის სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის SSA 7 23 01157500 გადაწყვეტილების კანონიერება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრისთვის მის სასარგებლოდ პენსიის შეწყვეტის დღიდან 2023 წლის - 1 მაისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დაკისრება და სახელმწიფო პენსიის გაცემა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მისთვის პენსიის აღდგენა/დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს N SSA 2 24 00545108 და N SSA 5 24 00714130 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. კ-ე 2019 წლიდან დღემდე დასაქმებულია ...ს ...ის სახლ-მუზეუმში, ...ის პოზიციაზე. მოსარჩელე 2023 წლის 1 მაისამდე ღებულობდა პენსიასაც და ხელფასსაც.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის 2023 წლის 28 აპრილის 8 23 00447537 წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით გ. კ-ე დასაქმებული იყო შრომითი ხელშეკრულებით. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება იზღუდებოდა პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, რის გამოც მას 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდებოდა სახელმწიფო გასაცემელი. ზემოაღნიშნული წერილი გ. კ-ეს ფოსტით გაეგზავნა, თუმცა იგი ადრესატს არ ჩაბარდა.
2023 წლის 31 ოქტომბრის SSA 7 23 01157500 წერილით გ. კ-ეს ეცნობა, რომ სახელმწიფო პენსია შეწყდება ბენეფიციარის საჯარო საქმიანობის განხორციელების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და შემდგომ ჩარიცხული თანხები ექვემდებარება ბიუჯეტში აღდგენას, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 6165 (ექვსი ათას ას სამოცდახუთი) ლარს. ზემოაღნიშნული თანხების ჩამოწერის მოთხოვნით ადმინისტრაციულ ორგანოს 2024 წლის 7 თებერვალს მიმართა გ. კ-ემ.
2024 წლის 29 მარტს სოციალური მომსახურეობის სააგენტოში მოსარჩელეს ჩაბარდა სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის SSA 7 24 00320256 გადაწყვეტილება, სადაც განმარტებულია, რომ გასაჩივრების ვადის გასვლის გამო განუხილველად დარჩა მისი განცხადება.
2024 წლის 16 აპრილს გ. კ-ემ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა პენსიის (სახელმწიფო გასაცემის) აღდგენა. გ. კ-ეს ამ განცხადების განხილვაზე სააგენტომ უარი უთხრა 2024 წლის 21 მაისის N SSA 2 24 00545108 აქტით, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით ზემდგომ თანამდებობის პირთან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 3 ივლისის N SSA 5 24 00714130 აქტით არ დაკმაყოფილდა გ. კ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის დანიშნული სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა განაპირობა მისმა საქმიანობამ, კერძოდ იგი მუშაობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის სახლ-მუზეუმში. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს გ. კ-ე ახორციელებდა თუ არა საჯარო საქმიანობას, რაც “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე შესაძლოა გამხდარიყო მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის და საქიანობის განხორციელების მომენტში პენსიის აღდენა/დანიშვნის უარმყოფელი კანონისმიერი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის N2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებულ საკუთრებად მიიჩნევა. საქმეში „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ (SPORRONG AND LÖNNROTH v. SWEDEN, no. 7151/75) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ „პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი მოიცავს სამ წესს. პირველი წესი, რომელიც ზოგადი ხასიათისაა, აცხადებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს; ის გათვალისწინებულია პირველი ნაწილის პირველი წინადადებით. მეორე წესი მოიცავს ქონების ჩამორთმევას და ამ უკანასკნელს გარკვეულ პირობებს უქვემდებარებს; ის მოიპოვება იმავე ნაწილის მეორე წინადადებაში. მესამე წესი აღიარებს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, სხვა ზომების გარდა, გააკონტროლოს ქონების გამოყენება ზოგადი ინტერესის შესაბამისად, ისეთი კანონების მიღებით, რომელთაც ის აუცილებლად ჩათვლის ამ მიზნით; ეს წესი გათვალისწინებულია პირველი მუხლის მეორე ნაწილით“. ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, პენსიის შემცირება ან შეწყვეტა შესაძლოა წარმოადგენდეს საკუთრების უფლებაში ჩარევას. თუმცა, როგორც წესი, სასამართლო ამგვარ ჩარევებს აფასებს არა საკუთრების ან მის გამოყენებაზე კონტროლის წართმევის კუთხით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის პირველი წინადადების ჭრილში. შედეგად, ის ამ სახის ქმედებებს პირის მიერ მისი საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში ჩარევად მოიაზრებს. ერთ-ერთი გადაწყვეტილებით, საქმეზე ვიეცზორეკი პოლონეთის წინააღმდეგ (Wieczorek v. Poland, § 57), ევროსასამართლომ დაადგინა, რომ „როცა სარგებლის მოცულობა მცირდება ან მისი გაცემა წყდება, ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ჩარევას საკუთრებაში, რაც გამართლებას საჭიროებს“.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ "სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ხოლო ამავე კანონის მე-17 მუხლით რეგლამენტირებული პენსიის შეწყვეტის საფუძვლებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს სწორედ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდი, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის "ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონის მიზნებისათვის საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმი განმარტებულია, როგორც კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო სამსახურად ერთმნიშვნელოვნად არ მიიჩნევა კულტურულ, საგანმანათლებლო და კვლევით სფეროში განხორციელებული საქმიანობა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები), ხოლო მეორე პუნქტის “ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალია ...ის სახლ-მუზეუმი. ზემოაღნიშნული დებულების მე-9 მუხლის თანახმად, მუზეუმებისა და მუზეუმნაკრძალების ძირითადი ამოცანებია:ა) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; გ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; დ) სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე) სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; ვ) სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) მუზეუმებთან და მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიერო პოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადება განხორციელება; თ) ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ი) მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი, შესაბამისად, ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით, კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო პენსიის მიღების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ უნდა იქნას დაშვებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო საამართლოს განმარტებას მასზედ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, შექმნილია რა მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების უფლებამონაცვლეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებით პირდაპირ განსაზღვრულია და გამიჯნულია როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე, კონკრეტული სამსახურების სახეობები და მათი საქმიანობა და ფუნქციები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მუზეუმების საქმიანობის მიზნებიდან და დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე, ...ის სახლ-მუზეუმში განხორციელებული საქმიანობა არ განეკუთვნება საჯარო საქმიანობას, ხოლო მასში დასაქმებული პირი წარმოადგენს, სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს და არა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს. მოსარჩელე მისი დასაქმებელი (...ის სახლ-მუზეუმი) საქმიანობის სპეციფიკიდან და ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ საგამონაკლისო შემთხვევათა ნუსხაში, რომელში განხორციელებული საქმიანობაც არ მიიჩნევა საჯარო სამსახურად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. კ-ე არ ახორციელებდა საჯარო საქმიანობას, შესაბამისად, სახეზე არ იყო მისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი. ამდენად, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო აქტები, რომელთა არაკანონიერად მიჩნევის პირობებში, ასევე არსებობდა მოპასუხისთვის გ. კ-ეის მიმართ სახელმწიფო პენსიის დანიშვნა (აღდგენის) თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. საკასაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2023 წლის 1 მაისიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის დაკისრებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა