არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 01.06.2026
საქმის ნომერი
ბს-139(კს-26)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-139(კს-26) 1 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

მოსარჩელე - დ.ა-ი, ბ.მ-ე (გვარის შეცვლამდე ბ.დ-ა)

მოპასუხე - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

კერძო საჩივრის ავტორი - დ.ა-ი, ბ.მ-ე (გვარის შეცვლამდე ბ.დ-ა)

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.ა-იმა და ბ.მ-ემ (გვარის შეცვლამდე ბ.დ-ა) სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 5 დეკემბრის №44-4423339108 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელეებისთვის უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ის ..., ნაკვეთი ...-ის მიმდებარედ, ფართით 450.04 კვ.მ, საკუთრების უფლების გადაცემა.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ.ა-ის და ბ.დ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ.ა-ის და ბ.დ-ას მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინებით დ.ა-ის და ბ.დ-ას სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით, საქმის მასალებში (სარჩელში მითითებულ ძირითად მისამართზე, ხოლო სააპელაციო საჩივარში მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე) მითითებულ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ...ის №..., გაეგზავნა დ.ა-ის და ბ.დ-ას წარმომადგენელს, ადვოკატ ნ.ჩ-ის და ჩაბარდა ნ.ა-ეს 2025 წლის 27 ნოემბერს, 13:22:50 საათზე. მართალია, №... უკუგზავნილი, რომლითაც ირკვევა, რომ ნ.ჩ-ისთვის გაგზავნილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა ნ.ა-ეს, არ შეიცავს გადაწყვეტილების ჩამბარებლის ადრესატთან დამოკიდებულების თაობაზე ინფორმაციას, თუმცა ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეამოწმა ნ.ა-ე (პ/ნ..., დაბადების თარიღი - ... ... ...) და დაადგინა, რომ ნ.ა-ე არის ადრესატის, ნ.ჩ-ის სრულწლოვანი ოჯახის წევრი, ისინი ცხოვრობენ ერთ მისამართზე. ნ.ა-ის რეგისტრაციის მისამართი - ქალაქი ქუთაისი, ...ას ..., №..., ბინა №... და ნ.ჩ-ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ძირითადი მისამართი იდენტურია. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ადრესატს (ადვოკატ ნ.ჩ-ის) ჩაბარდა მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე - 2025 წლის 27 ნოემბერს.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა აპელანტების ორ წარმომადგენელს სხვადასხვა დროს, კერძოდ: ნ.ჩ-ის - 2025 წლის 27 ნოემბერს, ხოლო მ.მ-ის - 2025 წლის 16 დეკემბერს. შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მოხდეს გზავნილის პირველი ჩაბარების (გადაწყვეტილების ასლის ნ.ჩ-ისთვის ჩაბარების) თარიღიდან. ამდენად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო გზავნილის გადაცემის (2025 წლის 27 ნოემბრის) მომდევნო დღიდან (28 ნოემბრიდან) და ამოიწურა - 2025 წლის 11 დეკემბერს, ხუთშაბათს, 24:00 საათზე. 16.12.2025 წლით დათარიღებული სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი არ არის ფოსტის/ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და რეგისტრირებულია 2025 წლის 16 დეკემბერს. შესაბამისად, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, წარდგენილია კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმომადგენლის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი არ იწვევს კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება/აღდგენას, მით უფრო, რომ როგორც საქმის მასალები მოწმობს სწორედ წარმომადგენლის საზღვარგარეთ ყოფნის დროს - 2025 წლის 16 დეკემბერსაა წარდგენილი პირველი სააპელაციო საჩივარი.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა დ.ა-ისა და ბ.მ-ის (გვარის შეცვლამდე ბ.დ-ა) მიერ.

კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრების ვადა უნდა ათვლილიყო იმ მომენტიდან, როდესაც წარმომადგენელმა მ.მ-იმა ჩაიბარა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება 2025 წლის 16 დეკემბერს. ნ.ჩ-ის 2025 წლის 13 მაისს ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია კისრის მიდამოში, ნერვზე არსებული სიმსივნური წანაზარდის გამო. რეაბილიტაციის მიზნით კი, გაემგზავრა საზღვარგარეთ. საზღვარგარეთ ყოფნის გარემოება დამატებით ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება ფაქტობრივად ვერ მიიღო, თუმცა იმ მომენტიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა დასაბუთებული გადაწყვეტილების შინაარსი, წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, განჩინება შეიცავს მხოლოდ ზედაპირულ მითითებას, რომ ნ.ა-ე ნ.ჩ-ის სრულწლოვანი ოჯახის წევრია, თუმცა არ არის აღნიშნული მათი დამოკიდებულების შესახებ. არც უკუგზავნილშია მითითებული ნ.ა-ის დამოკიდებულება ნ.ჩ-ისთან, რაც კანონის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს. როგორც სასამართლოს მოკვლეული ინფორმაციით დასტურდება, უწყება გაგზავნილია ნ.ჩ-ის სამუშაო მისამართზე (ქ. ქუთაისი, ...ის ...) და არა საცხოვრებელ მისამართზე. ჩაბარების დასტურით ვერ დგინდება, რა დამოკიდებულება აქვს ნ.ა-ეს ნ.ჩ-ისთან პიროვნულად ან სამსახურებრივად. ინკვიზიციურობის პრინციპი გამოყენებულ იქნა იმპერატიული ნორმის საწინააღმდეგოდ. სასამართლომ ჩაბარების აქტის ნაკლოვანება შეავსო ამომრჩეველთა ერთიანი ბაზის მონაცემებით. ეს მონაცემები არ წარმოადგენს ჩაბარების მტკიცებულებას, არ ცვლის ჩაბარების მომენტისთვის არსებულ რეალობას. ინკვიზიციურობის პრინციპი ვერ გამოიყენება იმპერატიული ნორმის საწინააღმდეგოდ და ვერ გაამართლებს ჩაბარების აქტის სავალდებულო რეკვიზიტის არარსებობას. კანონი პირდაპირ ადგენს, რომ უკუგზავნილში უნდა იყოს მითითებული მიმღების კავშირი ადრესატთან, ეს არის სავალდებულო რეკვიზიტი და მისი არარსებობა იწვევს ჩაბარების აქტის არაკანონიერებას, ვადის დათვლის შეუძლებლობას. სასამართლოს ვალდებულება იყო ჩაბარების აქტის შემოწმება და შეფასება, აკმაყოფილებდა თუ არა იგი კანონის მოთხოვნას. სასამართლომ არ აღნიშნა, რომ აქტი არასრულყოფილია. საქმეში ერთადერთი კანონიერი ჩაბარების აქტი არის მ.მ-იზე განხორციელებული ჩაბარება 2025 წლის 16 დეკემბერს. უკანონო ჩაბარება იურიდიულ შედეგს ვერ წარმოშობს, კანონიერად განხორციელებული ჩაბარება კი - წარმოშობს. შესაბამისად, თუ ერთმა წარმომადგენელმა პირადად ჩაიბარა გადაწყვეტილება, ეს არის ერთადერთი ვალიდური მომენტი, საიდანაც უნდა დაიწყოს ვადის ათვლა. სააპელაციო სასამართლომ დატოვა საჩივარი განუხილველად, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ნ.ჩ-ი იყო საზღვარგარეთ. ჩაბარების აქტში მითითებული პიროვნება, ნ.ა-ე დაუდგენელია რა კავშირშია ადრესატთან. აღნიშნული არ დასტურდება არც ჩაბარების აქტით და არც საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებით დ.ა-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 17 აპრილის განჩინებით ბ.მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ა-ისა და ბ.მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დ.ა-იმა და ბ.მ-ემ გაუშვეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონით განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 369-ე მუხლები) იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. იმავე წესზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით.

განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა მოსარჩელე დ.ა-ისა და ბ.მ-ის წარმომადგენელს ნ.ჩ-ის სარჩელში მითითებულ ძირითად მისამართზე: ქუთაისი, ...ის №... და ჩაბარდა ნ.ა-ეს (პ/ნ...) 2025 წლის 27 ნოემბერს (ს.ფ 198-199). საგულისხმოა, რომ კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ არ ხდიან იმ მისამართის სისწორეს, რომელზეც გაგზავნილ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამასთან, არც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ გარემოებას უარყოფენ, რომ ნ.ა-ე წარმოადგენს ნ.ჩ-ის სრულწლოვან ოჯახის წევრს. მოსარჩელეები აპელირებენ მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილი არ შეიცავს ინფორმაციას ნ.ა-ის ადრესატთან დამოკიდებულების შესახებ, სასამართლომ კი, მხოლოდ ზედაპირული მითითება გააკეთა ოჯახის წევრობის თაობაზე ისე, რომ არ დაუდგენია გზავნილის მიმღებისა და ადრესატის კონკრეტული დამოკიდებულება.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაუგზავნოს როგორც უშუალოდ მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, ასევე, გზავნილი გააგზავნოს აღნიშნულ პირთა მიერ საქმეში მითითებული მისამართებიდან ნებისმიერზე, საკუთარი შეხედულებით და კანონმდებელი არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას, სასამართლოს მიერ მხარის მისამართის არჩევასთან დაკავშირებით. ვინაიდან საქმეში მითითებულ მისამართზე ნ.ა-ემ, პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, დასტურდება, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა. ზემოხსენებული დასკვნის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრება კერძო საჩივრის ავტორებს (აპელანტებს), რომლებმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს ვერ წარმოუდგინეს რაიმე მტკიცებულება, რაც მითითებულ დასკვნას გააქარწყლებდა. კერძო საჩივრის ავტორების მხოლოდ ზეპირი სახის განმარტება, რომ გზავნილი ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა - ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაბუთებულ შედავებად, რაც ზემოაღნიშნული დასკვნის გაქარწყლების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. საყურადღებოა, რომ 2025 წლის 2 აპრილის უწყება, რომლითაც მოსარჩელეთა წარმომადგენელს ნ.ჩ-ის ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ, გაგზავნილი იყო მისამართზე ქ. ქუთაისი, ...ის №... და გზავნილი ჩაბარებული აქვს იმავე პირს - ნ.ა-ეს (პ/ნ ...). ამასთან, გზავნილზე მითითებულია, რომ ნ.ა-ე არის ადრესატის, ანუ ნ.ჩ-ის შვილი (ს.ფ. 75-76).

მართალია, 2025 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელეთა სხვა წარმომადგენლის - მ.მ-ის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების ჩაბარება და გადაწყვეტილება მ.მ-ის ჩაბარდა ამავე დღეს, თუმცა საგულისხმოა, რომ მითითებული გადაწყვეტილება დ.ა-ისა და ბ.დ-ას წარმომადგენელს ნ.ჩ-ის ჩაბარებული ჰქონდა კანონით დადგენილი წესით 2025 წლის 27 ნოემბერს. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა კი, აითვლება უფრო ადრინდელი თარიღიდან, კერძოდ, გადაწყვეტილების მოსარჩელეთა უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის - ნ.ჩ-ისთვის ჩაბარების დღიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 28 ნოემბერს და დასრულდა 2025 წლის 11 დეკემბერს 24:00 საათზე (ხუთშაბათი). აპელანტების წარმომადგენლის ნ.ჩ-ის მიერ თავდაპირველი სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია და სასამართლოში წარდგენილია 2025 წლის 16 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

ამდენად, აპელანტებმა გაუშვეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, რომლის გაგრძელებას ან აღდგენას კანონმდებელი იმპერატიულად კრძალავს. მოცემული ვალდებულების დარღვევა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს ავალდებულებს, მიიღოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აპელანტების მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში არ არის რეალიზებული, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ა-ისა და ბ.მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა