დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 02.12.2025
საქმის ნომერი
ბს-753(კ-კს-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-753(კ-კს-25) 02 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ.შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ ქონების მართვის სააგენტო; მესამე პირი - ნ.ლ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 22 ნოემბერს ვ.შ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 12 ოქტომბრის №1257 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სარჩელისა და მოპასუხე მხარეთა არაერთგზის დაზუსტების შემდგომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ქ. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიმართ ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 12.10.2021წ. №1257 განკარგულება და კომისიას დაევალოს ...ში, ...ის ქ.30-ში მდებარე 843 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე ვ.შ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა; 2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.02.2022წ. №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; 3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 04.02.2022წ. ბრძანება №ბ61.012203522. ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს ყველა სახის ტრანზაქცია - რეგისტრაციის წარმოება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ..., ...ის ქუჩის ბოლო, ს/კ ...

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 აპრილის განჩინებით, ვ.შ-ის წარმომადგენლის ე.უ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ყველა სახის ტრანზაქცია - რეგისტრაციის წარმოება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ..., ...ის ქუჩის ბოლო, ს/კ..., წინამდებარე საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეში №3/7285-21, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ნ.ლ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ივნისის განჩინებით, ნ.ლ-ის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (საჩივრის 1-ლი პუნქტი) დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნაზე სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსდეს მისაყენებელი ზიანის ოდენობის თანხა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ვ.შ-ის საჩივარი. გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 აპრილის განჩინების გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ივნისის განჩინება. არ დაკმაყოფილდა ნ.ლ-ის საჩივარი. ნ.ლ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ვ.შ-ის სარჩელზე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლი 04 თებერვლის Nბ61.012203522 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, ვინაიდან მხარეს არ ჰქოდა გამოყენებული ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენილის შესაძლებლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ვ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ვ.შ-ის წარმომადგენლის ე.უ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალა ყველა სახის ტრანზაქცია - რეგისტრაციის წარმოება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ..., ...ის ქუჩის ბოლო, ს/კ..., წინამდებარე საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლის შუამდგომლობა და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შემდეგი მოთხოვნის ნაწილში: მოპასუხეს დაევალოს, გამოსცეს განკარგულება ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე ...ის ქუჩა N30 საერთო ფართი 843.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის (ვ.შ-ის პ/ნ...) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინებით ვ.შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლი, ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი და განმარტა, რომ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს. მიუთითა, რომ მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე მფლობელობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში საჭიროა, რომ პირი იყოს ნივთს დაუფლებული და განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას).

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე მითითებით, სადაც ჩამოთვლილია თუ რა შეიძლება იყოს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლომ მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 13 ივნისის N7.119 დადგენილება არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს და შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მართლზომიერად მიიჩნია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცევა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში, რამდენადაც მისი ფლობა - სარგებლობის ფაქტი ემყარება სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა მითითებული მოტივაციით მიიჩნია უსაფუძვლოდ.

რაც შეეხება მოთხოვნას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ მიუ თითა „საჯარო რეესტრის შესახებ "კანონის მე-2, მე-8, მე-9 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლები და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 04 თებერვლის Nბ61.012203522 ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ქ.თბილისში, ..., ...ის ქუჩის ბოლოს მდებარე 236 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე. ასევე მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 08 თებერვლის რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილება, ქ.თბილისი, ...ში, ...ის ქუჩის ბოლოში მდებარე 236 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ... საკადასტრო კოდით დაარეგისტრირა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება და განმარტა, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 4 თებერვლის Nბ61.012203522 ბრძანება დღეის მდგომარეობით ბათილად, არარა აქტად, ან ძალადაკარგულად არ არის ცნობილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი ძალაშია, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა. ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მხარის მიერ წარდგენილ დამატებით მტკიცებულებებზე (რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2024 წლის 26 დეკემბრის N... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 21 თებერვლის N36322 გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინება) და მიუთითა, რომ მოსარჩელემ, როგორც სადავო უძრავი ქონების მართლზომიერმა მფლობელმა განმეორებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ.შ-ის მიერ.

კასატორის წარმომადგენელი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და და განმარტავს, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ უდავო ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიიჩნეული ის ფაქტები, რომ ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის N06.11.105 დადგენილებით მიღებული იქნა ...ში ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების განაწილების კანონიერების შემსწავლელი დროებითი კომისიის წინადადება (სხდომის ოქმი N3, 02.04.2002) და დამტკიცდა ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის N10.48 გადაწყვეტილება თანდართული სიის მიხედვით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების განაწილების შესახებ. ამავე დადგენილებით, ...ის გამგეობას მიეცა უფლება ინდივიდუალურად განეხილა თვითოეული ოჯახის საქმე და მიეღო გადაწყვეტილება გამოსაყოფი ნაკვეთის ადგილმდებარეობისა და საპროექტო ნომრის განსაზღვრის შესახებ. წარმომადგენლის განმარტებით, თანდართულ სიაში 173 ადგილობრივ ოჯახთან ერთად ვ.შ-ი (შ-ი) შეყვანილია დამტკიცებულ სიაში. ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ...ის გამგეობის 2002 წლის 13 ივნისის დადგენილებით, დაკმაყოფილდა ...ში, ...ის ქუჩა N90-ში მცხოვრები ვ.შ-ის მოთხოვნა და გამოეყო მიწის ნაკვეთი ინდ. ბინათმშენებლობისათვის ...ში, ...ის ქუჩის ბოლოში. წარმომადგენლის განმარტებით, ფაქტობრივად დაკავებულ ტერიტორიაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნას და ბათილად არ ცნობს სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 თებერვლის N... გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სადაო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სახელზე.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე და განმარტავს, რომ ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. განმარტავს, რომ კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს - ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ - სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიეცა შესაძლებლობა სათანადოდ დაეცვა კანონით მინიჭებული უფლებები. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ.შ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 12 ოქტომბრის №1257 განკარგულების (აღიარებაზე უარი) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 თებერვლის №... გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ) კანონიერება. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლებასთან ერთად კანონმდებლის მიერ გაწერილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდველი გარემოებები, საკასაციო პალატა დეტალურად მიუთითებს შემხებლობაში არსებულ მტკიცებულებებს და აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასება დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივრის და შესაბამისად სარჩელის ბედს. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტების კანონიერებასთან ერთად უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა მოპასუხისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის N06.11.105 დადგენილებით მიღებული იქნა ...ში ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების განაწილების კანონიერების შემსწავლელი დროებითი კომისიის წინადადება (სხდომის ოქმი N3, 02.04.2002) და დამტკიცდა ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის N10.48 გადაწყვეტილება თანდართული სიის მიხედვით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების განაწილების შესახებ. ამავე დადგენილებით ...ის გამგეობას მიეცა უფლება ინდივიდუალურად განეხილა თითოეული ოჯახის საქმე და მიეღო გადაწყვეტილება გამოსაყოფი ნაკვეთის ადგილმდებარეობისა და საპროექტო ნომრის განსაზღვრის შესახებ. თანდართულ სიაში 173 ადგილობრივ ოჯახთან ერთად, ვ.შ-ი (ვ.შ-ი - გვარი ჩასწორებული დოკუმენტში კალმით) შეყვანილია დამტკიცებულ სიაში.

ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ...ის გამგეობის 2002 წლის 13 ივნისის დადგენილებით, დაკმაყოფილდა ...ში, ...ის ქუჩა N90-ში მცხოვრები მოქალაქე ვ.შ-ის თხოვნა და გამოეყო მიწის ნაკვეთი ინდ. ბინათმშენებლობისათვის ...ში, ...ის ქუჩის ბოლოში არსებული ფაქტიურად დაკავებულ ტერიტორიაზე. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრები და ფართობი უნდა დაზუსტდეს წითელი ხაზების შემდეგ.

დადგენილია, რომ 2017 წლის 8 სექტემბერს ვ.შ-იმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (... სარეგისტრაციო ნომერი) და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისი, ..., ...ის ქუჩა N30 (საერთო ფართობი 843.00 კვ.მეტრი).

დადგენილია, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს სააგენტომ, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაუგზავნა ვ.შ-ის განცხადება და უძრავ ნივთთან დაკავშირებით (ქ.თბილისი, ..., ...ის ქუჩა N30 (საერთო ფართობი 843.00 კვ.მეტრი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 22 დეკემბრის N... სამსახურებრივი ბარათით დადგენილია, რომ წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე, მოცემულ უძრავ ნივთზე 2017 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთის დანიშნულების და კატეგორიის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 02 ივლისის N... წერილით ირკვევა, რომ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივის 2021 წლის 31 მარტის N14/33845 ცნობით სააგენტოს გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის N06.11.105 დადგენილება თანდართული სიით და ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ...ის გამგეობის 2002 წლის 13 ივნისის N7.119 დადგენილება, რომლითაც ...ის ქუჩა №90-ში მცხოვრებ ვ.შ-ის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის გამოეყო მიწის ნაკვეთი ...ში, ...ის ქუჩის ბოლოს ფაქტობრივად დაკავებულ ტერიტორიაზე. წერილში მითითებულია, რომ 2002 წლის 4 აპრილის N06.11.105 დადგენილება თანდართული სიით და ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ...ის გამგეობის 2002 წლის 13 ივნისის N7.119 დადგენილება, წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემული დოკუმენტაციით არ დგინდება უძრავი ნივთის ფართობი და აღნიშნულის კვლევის ნაწილში შესაძლებელია, სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი გამგეობის ჩართულობა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე. ამასთან, N... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ უფლებამოსილმა პირმა დაინტერესებულ მხარეს განუსაზღვრა კანონმდებლობით დადგენილი ვადა ზემოაღნიშნული სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის იდენტურობის თაობაზე განცხადების წარსადგენად, ამასთან, მიაწოდა ინფორმაცია N... განცხადებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებასთან დადგენილი ზედდების შესახებ. სარეგისტრაციო მოთხოვნის დამაზუსტებელი განცხადების წარუდგენლობის საფუძვლით 2021 წლის 14 ივნისს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N... გადაწყვეტილება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 12 ოქტომბრის N1257 განკარგულებით, ვ.შ-ის უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისი, ..., ...ის ქუჩა N30 (საერთო ფართობი 843.00 კვ.მეტრი), საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულების თანახმად, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 02 ივლისის წერილობითი მიმართვით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოების საქმის მასალებში არსებული ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის N06.11.105 დადგენილება თანდართული სიით და ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 13 ივნისის N7.119 დადგენილება, რომლითაც ვ.შ-ის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი ...ში, ...ის ქუჩის ბოლოს ფაქტობრივად დაკავებულ ტერიტორიაზე, წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამდასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცევა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში, რამდენადაც მისი ფლობა - სარგებლობის ფაქტი ემყარება სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯელობის საგანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 12 ოქტომბრის №1257 განკარგულების (საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 თებერვლის №... (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილების კანონიერება, ასევე ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლიანობა.

ვინაიდან სადავოა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 12 ოქტომბრის №1257 განკარგულების (საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი) კანონიერება, პირველყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაადგინა კერძო პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება). კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისათვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში.

მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლს (სადავო პერიოდის რედაქცია), რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. დასახელებული საკანონმდებლო აქტი აწესრიგებს რა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ასევე პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე განსაზღვრავს იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს, ამავდროულად, ხელს უწყობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებას და მიწის ბაზრის განვითარებას. საყურადღებოა, რომ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს.

კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა - ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, აგრეთვე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ხოლო ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

აქვე, მნიშვნელოვანია მიეთითოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება - მოვალეობებს. დასახელებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე პუნქტის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები კი ადგენს, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა - დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო - სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო - სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია/დადასტურდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, საქართველოს ეროვნულ არქივსა თუ სხვა ადმინისტრაციული ორგანოების არქივებში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, ასევე მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერები), თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ან სხვა დოკუმენტი. ხოლო მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მხარემ მარეგისტრირებელ ორგანოს (08.09.2017 წელი) რეგისტრაციისთვის წარუდგინა ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 13 ივნისის N7.119 დადგენილება, რომლის მიხედვითაც გამოეყო უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის. რეესტრის 2017 წლის 27 დეკემბრის N... მიმართვით, ვ.შ-ის განცხადება და საქმის მასალები საჯარო რეესტრმა გადაუგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს აპელირება ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე).

გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 13 ივნისის N7.119 დადგენილება არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს და შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - აღიარების კომისიამ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცევა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში, რამდენადაც მისი ფლობა - სარგებლობის ფაქტი ემყარება სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო პალატა განსაკუთრებით ყურადღებას გაამახვილებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 02 ივლისის N... წერილზე, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ 2002 წლის 4 აპრილის N06.11.105 დადგენილება თანდართული სიით და ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ...ის გამგეობის 2002 წლის 13 ივნისის N7.119 დადგენილება, წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო შეეფასებინა ვ.შ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტი და თავად მიეღო გადაწყვეტილება, ამის საპირისპიროდ, საკითხი განსახილველად გადაეგზავნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. საკასაციო პალატა შეზღუდულია წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებით. გასაჩივრებულია მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 12 ოქტომბრის №1257 განკარგულების (საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი) კანონიერება. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, ფაქტობრივი გარემოებების და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცევა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში, რამდენადაც მისი ფლობა-სარგებლობის ფაქტი ემყარება სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხონას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების მითითებული ნაწილის გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

რაც შეეხაბა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების მართებულობას სადავო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 თებერვლის №... გადაწყვეტილების ნაწილში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლებს, მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-8, მე-9 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებზე და განმარტავს შემდეგს: დადგენილია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 04 თებერვლის Nბ61.012203522 ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ქ.თბილისში, ..., ...ის ქუჩის ბოლოს მდებარე 236 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე. დადგენილია, რომ 2022 წლის 07 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა და მოითხოვა ქ.თბილისი, ...ში, ...ის ქუჩის ბოლოში მდებარე 236 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებას თან ერთოდა მიწის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 04 თებერვლის Nბ61.012203522 ბრძანება. ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 08 თებერვალს მიიღო რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.თბილისი, ...ში, ...ის ქუჩის ბოლოში მდებარე 236 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, კერძოდ იმ მოცემულობაში, როდესაც რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 4 თებერვლის Nბ61.012203522 ბრძანება დღეის მდგომარეობით, ბათილად, არარა აქტად, ან ძალადაკარგულად არ არის ცნობილი, შესაბამისად იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი ძალაშია, დაუსაბუთებელია აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო - სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის/შესაგებლის საფუძვლად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ (სუსგ საქმე №ბს-180(კ-19), 31.03.2023წ.). სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე მითითებით განამრტავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხონას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების მითითებული ნაწილის გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ვ.შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ვ.შ-ის (პ/ნ...) საკასაციო საჩივარზე ე.უ-ას (პ/ნ...) მიერ 2025 წლის 02 ოქტომბერს გადახდილია (...; საბუთის ნომერი -...) სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ვ.შ-ის უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება;

3. ვ.შ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე.უ-ას (პ/ნ...) მიერ 2025 წლის 02 ოქტომბერს გადახდილი (...; საბუთის ნომერი -...) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე