დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-1121(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.დ-ი
დავის საგანი - ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.2025 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.დ-იმა 20.04.2023 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.04.2023 წლის №SSA 4 23 00356444 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ლ.დ-ის 02.03.2023 წლის (რეგისტრირებული - 06.03.2023წ. №237090) საჩივრის არსებითად განხილვის შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.2025 წლის გადაწყვეტილებით ლ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.04.2023 წლის №SSA 4 23 00356444 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ლ.დ-ის 02.03.2023 წლის (რეგისტრირებული - 06.03.2023წ. №237090) საჩივრის არსებითად განხილვის შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.2025 წლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.2025 წლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, ლ.დ-იმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (...ის რაიონულ განყოფილებას) მის კომპეტენციაში შემავალი საკითხის (სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით) გადასაწყვეტად მიმართა 17.01.2018 წელს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რაიონული განყოფილების 22.01.2018 წლის №2924-2-00107 გადაწყვეტილებით, 2018 წლის პირველი თებერვლიდან ლ.დ-ის დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, თვეში 560 ლარის ოდენობით.
ლ.დ-იმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს №237090 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის დღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში - 06.03.2023 წელს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რაიონული განყოფილების 22.01.2018 წლის №2924-2-00107 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა და განსხვავებული თანხის ანაზღაურება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.04.2023 წლის №SSA 4 23 00356444 გადაწყვეტილებით, ლ.დ-ის ეცნობა, რომ სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება მისი 06.03.2023 წლის №237090 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე, საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი ვადის დარღვევის საფუძვლით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.2023 წლის (საქმე №ბს-1279(კ-22)) გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებებზე, რომლის თანახმად, "დავა საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერებასთან დაკავშირებით, ცხადია, არ უნდა იყოს დროში განუსაზღვრელად დასაშვები, თუმცა დაუშვებელია დავა საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერებაზე დაექვემდებაროს ხანდაზმულობის არაგონივრულ შემზღუდავ დანაწესებს. შესაბამისად, აუცილებელია, არსებობდეს გონივრული ბალანსი უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების სამართლებრივი ხელშეუხებლობის მიღწევისათვის საჭირო ვადასა და პირის უფლებას შორის, აწარმოოს დავა დაცვის ღირსი უფლების რეალიზაციის მიზნით. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადებიც სწორედ უფლების უშუალო შეზღუდვის დროიდან უნდა აითვალოს, ამასთან, ხანდაზმულობის ვადა უნდა იყოს გონივრული. სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საერთო ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა. ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილად კი მიჩნეულ უნდა იქნეს 2019 წლის თებერვალი, რა დროსაც განხორციელდა მოსარჩელე მხარის უფლების უშუალო ხელყოფა".
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე იყო უსაფუძვლო. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, ხოლო აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული ისეთ გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორი მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. სასამართლოსთვის ხანდაზმულობის ვადის გაცდენით მიმართვა - სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით და ქმნის სარჩელის უარყოფის საფუძველს.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეს 22.01.2018 წლის გადაწყვეტილებით დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს, თუმცა არსებული ზოგადი წესიდან გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ მოთხოვნაზე ხანდაზმულობის სპეციალური ვადა ვრცელდება. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით პირისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ერთ-ერთი სახეა, შესაბამისად, აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საპენსიო სამართლის ამ კონკრეტულ შემთხვევას ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. კასატორის მოსაზრებით, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როდესაც დაზარალებულმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო უფლების დარღვევის შესახებ ვერ გაიგო, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იმ მომენტიდან დაიწყება, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პირს უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო. კასატორმა მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს 22.01.2018 წლის №2924-2-00107 გადაწყვეტილებით უკვე დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით, შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან მისთვის ცნობილი იყო უფლების დარღვევის შესახებ და დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის ათვლაც სწორედ მითითებული თარიღიდან დაიწყო და დასრულდა 22.01.2022 წელს.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დგინდება სამოქალაქო კოდექსის მე-2 თავით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის არსებობის ფაქტი, რაც სააგენტოს მისცემდა შესაძლებლობას განვლილი დრო არ მიეღო მხედველობაში. კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს შეეძლო კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიემართა ჯერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის 2023 წლის 24 მარტამდე უკვე დანიშნული კომპენსაციის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით - სასამართლოსთვის, რაც მას არ განუხორციელებია.
კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2022 წლის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-1023(კ-21)) გაკეთებულ განმარტებებზე, რომლის თანახმად მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისთვის ჩაბარების სავალდებულოობაზე, იმავდროულად განმარტავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლისთვის აქტის მხარისთვის ჩაუბარებლობა ავტომატურად არ უნდა გახდეს ხანდაზმულობის ვადების დაცვისგან თავის არიდების საშუალება, ასეთი ვითარება ხელყოფს სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისა და სტაბილური მართლწესრიგის შენარჩუნების მიზნებს. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მოსაზრებით, პირისათვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ იგი ვერ სარგებლობდა სახელმწიფო გასაცემლით. ამდენად, კასატორი თვლის, რომ გასულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, სააგენტო ვერ იმსჯელებდა 2018–2023 წლების გასაცემლის გადაანგარიშებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
ამასთან, კასატორი თვლის, რომ გასათვალისწინებელია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 26.06.2025 წლის 822-IIმს-XIმპ კანონით განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმად, კანონის მე-12 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი და აღინიშნა, რომ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა. ამავე კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად კი განსაზღვრულია, რომ ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მის ამოქმედებამდე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული/განახლებული/გადაანგარიშებული და გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობებზე. კანონი ამოქმედდა 2025 წლის 1 აგვისტოდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და უნდა დაკმაყოფილდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, შედეგად ლ.დ-ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და არ უნდა შეიცვალოს მისთვის დანიშნული კომპენსაციის ოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი (იხ. სუსგ 17.09.2025 წლის №ბს-630(კ-25)). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ლ.დ-იმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (...ის რაიონულ განყოფილებას) მის კომპეტენციაში შემავალი საკითხის (სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით) გადასაწყვეტად მიმართა 17.01.2018 წელს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რაიონული განყოფილების 22.01.2018 წლის №2924-2-00107 გადაწყვეტილებით, 2018 წლის პირველი თებერვლიდან ლ.დ-ის დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, თვეში 560 ლარის ოდენობით.
ლ.დ-იმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რაიონული განყოფილების 22.01.2018 წლის №2924-2-00107 გადაწყვეტილება პირადად ჩაიბარა 27.02.2023 წელს.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს №237090 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის დღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში - 06.03.2023 წელს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რაიონული განყოფილების 22.01.2018 წლის №2924-2-00107 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და განსხვავებული თანხის ანაზღაურება მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 16.03.2023 წლის №SSA 0 23 00279635 მიმართვით ლ.დ-ის ეცნობა, რომ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი იყო კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საჩივარს არ ერთვოდა ვადის დარღვევის საპატიო საფუძველი, ამდენად, მას მიეცა შესაძლებლობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, წერილის ოფიციალური წესით გაცნობიდან ორი კვირის ვადაში წარედგინა საკუთარი მოსაზრებები ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის საპატიო საფუძვლებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 16.03.2023 წლის №SSA 0 23 00279635 მიმართვის პასუხად, 24.03.2023 წელს ლ.დ-იმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინა №314956 განცხადება და მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რაიონული განყოფილების 22.01.2018 წლის №2924-2-00107 გადაწყვეტილება ჩაიბარა 27.02.2023 წელს, რის შემდეგაც გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადაში - 02.03.2023 წელს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით და იმაზე მითითებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი, განმცხადებელმა მოითხოვა საჩივრის განხილვა და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.04.2023 წლის №SSA 4 23 00356444 გადაწყვეტილებით, ლ.დ-ის ეცნობა, რომ სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება მისი 06.03.2023 წლის №237090 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე, საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი ვადის დარღვევის საფუძვლით. გადაწყვეტილების თანახმად, ლ.დ-ის 24.03.2023 წლის №314956 განცხადებით არ იყო წარდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედების (უმოქმედობის) კანონმდებლობით დადგენილ ერთ თვიან ვადაში სადავოდ ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის შინაარსზე და აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
ამასთან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა არის უფლებამოსილებადამთავრებული/ უფლებამოსილებაშეწყვეტილი: ზ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი.
მოცემულ საქმეზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სასამართლოს მიერ შესაფასებელია მოსარჩელე ლ.დ-ის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული საჩივრით მიმართვის საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ლ.დ-ის მიერ 17.01.2018 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რაიონული განყოფილებისათვის წარდგენილი მოთხოვნა (სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ) ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვიტა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ერთ-ერთი ფორმით - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რაიონული განყოფილების 22.01.2018 წლის №2924-2-00107 გადაწყვეტილების) გამოცემის გზით. შესაბამისად, ამ მომენტიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმოეშვა საქართველოს კანონმდებლობით რეგლამენტირებული მოთხოვნების მკაცრად დაცვის ვალდებულება, მათ შორის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რაიონული განყოფილების 22.01.2018 წლის №2924-2-00107 გადაწყვეტილების მხარისათვის ოფიციალური გაცნობის უზრუნველყოფის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის, რომ მოსარჩელე მხარეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რაიონული განყოფილების 22.01.2018 წლის №2924-2-00107 გადაწყვეტილება ოფიციალურად და კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 27.02.2023 წელს, თუმცა, მოცემული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენის დაწყების მომენტს მოპასუხე უკავშირებს არა მითითებულ თარიღს, არამედ მისი მხრიდან ქმედების განხორციელებას - 2018 წლის თებერვლიდან თვიდან კომპენსაციის გაცემის (ჩარიცხვის) ფაქტს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სზაკ-ის 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ.დ-იმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა 06.03.2023 წელს ანუ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რაიონული განყოფილების 22.01.2018 წლის №2924-2-00107 გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აპელირება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, ქმედების განხორციელების მომენტიდან, ადმინისტრაციული საჩივრის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დარღვევის თაობაზე, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა და როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად დადგენილია სადავო საკითხი არ გადაწყვეტილა ქმედების განხორციელების გზით. მხარისათვის სამართლებრივი შედეგი წარმოიშვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებით და არა იმ ქმედების განხორციელებით, რომელიც ამ აქტის თანმდევი შედეგია.
სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას. სახელმწიფო გასაცემელთა დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. პირის უფლებას აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და არა თავისთავად ასეთი აქტის გამოცემის საფუძვლების არსებობა. საპენსიო კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე განსაკუთრებულ წესს, რის გამოც ამ სფეროზე მოქმედებს სზაკ-ის ნორმები წარმოების ჩატარების, აქტის გამოცემისა და მისი ადრესატისადმი გაცნობის შესახებ (სუსგ 25.05.2017 წლის №ბს-815-807(კ-16)). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება, ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა, შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნულით დასტურდება მისი შინაარსის გაცნობა მხარის მიერ (სუსგ 25.05.2017 წლის №ბს-365-360(კ-16)). აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება რა გახდა აქტის გამოცემის საფუძველი და შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის საჩივარს, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს სადავო აქტს (სუსგ 10.01.2019 წლის №ბს-394-394(კ-18)).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია უფლების დაცვის ადმინისტრაციულ-პროცესუალური ვადის ხანდაზმულობის და არა საჩივარში ჩამოყალიბებული მოთხოვნის მატერიალური ხანდაზმულობის ვადის დაცულობის საკითხი. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო კომპენსაცია, რაც გათვალისწინებულია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით, თავისი არსით წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის დროსაც თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა, ხოლო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა (სუსგ 11.03.2025 წლის №ბს-890(კ-23)). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მსჯელობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული საჩივრით მიმართვის საკითხზე და არა საჩივარში დასმული მოთხოვნის საფუძვლიანობა-ხანდაზმულობაზე.
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, მიუთითებს, რომ ლ.დ-ის არ აქვს გაშვებული საკუთარი უფლების დაცვისთვის დადგენილი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული გასაჩივრების ვადა - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1 თვე (მუხლი 180.1). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ცალსახად სახეზე იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.04.2023 წლის №SSA 4 23 00356444 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ლ.დ-ის 02.03.2023 წლის (რეგისტრირებული - 06.03.2023წ. №237090) საჩივრის არსებითად განხილვის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.
ამასთანავე, მიმდინარე დავისაგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების გამო არარელევანტურია კასატორის მითითება უზენაესი სასამართლოს 10.05.2022 წლის №ბს-1023(კ-21) განჩინებაზე. კასატორის მიერ მითითებულ საქმეში დავის საგანს უნივერსიტეტის რექტორის მიერ მოსარჩელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის კანონიერების შეფასება წარმოადგენდა, რაც არსებითად განსხვავდება განსახილველი საქმის დავის საგნისა და ფაქტობრივი გარემოებებისაგან. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მიერ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 26.06.2025 წლის 822-IIმს-XIმპ კანონით განხორციელებულ ცვლილებაზე მითითება, რამეთუ მოცემული დავის საგანს სცდება ლ.დ-ისთვის დანიშნული სახელმწიფო გასაცემელის გაანგარიშების კანონიერების შეფასება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.2025 წლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე