დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 03.06.2026
საქმის ნომერი
ბს-601(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-601 (კ-23) 3 ივნისი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. კ-ი, თ. შ-ი (მოსარჩელეები)

მესამე პირები - ქ. თბილისის მუნიციპალური მერიის მუნიციპალური ინსპექცია, შპს “...”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი. კ-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) და თ. შ-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“, პირველ მოსარჩელესთან ერთად - „მოსარჩელეები“) წარადგინეს სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", „მერია“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვეს:

ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი მერიის 28.12.2018 წლის №704 ბრძანება, კერძოდ, მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების ნაწილი - ,,ასევე მე-3 სართულსა და ტექნიკურ სართულს შორის არსებული სართულშუა გადახურვის ფილის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა’’ - ამოღებული იქნეს სადავო ბრძანებიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.2019 წლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმული იქნენ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია და შპს ,,...''.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.06.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 28.12.2018 წლის №704 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის მუნიციპალური ინსპექციის 01.10.2018 წლის №... დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,...“-ს დაევალა ქ.თბილისში, ...ს ქუჩა №... (იგივე ...ს გამზირი №5) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა №4-ში, მე-3 სართულსა და ტექნიკურ სართულს შორის არსებული სართულშუა გადახურვის ფილის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,...“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე პირი“) მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მერიამ და მესამე პირმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. 35-67). გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

4.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ...ს ქუჩა №... (იგივე ...ს გამზ. №5), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 11706,00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 31; შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17, №18, №19, №20, №21, №22, №23, №24, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., შენობა №4, ფართი 40.22 კვ.მეტრი, 01.06.2018 წლიდან, თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია პირველი მოსარჩელის, ა. ნ-ის, ს. ნ-ის (10.055 კვ.მეტრი), მესამე პირის (20.11 კვ.მეტრი) და მეორე მოსარჩელის (10.055 კვ.მეტრი) სახელზე.

4.2. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ...ს ქუჩა №70 (იგივე ...ს გამზ. №5),საკადასტრო კოდი: №..., შენობა №4, ტექნიკური სართული (+10.69 ნიშნული), ფართი 647.47 კვ.მეტრი, 31.05.2017 წლიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მესამე პირის სახელზე.

4.3. მერიის ზედამხედველობის საქალაქოსამსახურის მიერ მესამე პირის მიმართ 05.07.2018 წელს შედგენილი იქნა მითითება №..., რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ...ს ქუჩა №70 (იგივე ...ს გამზ. №5), საკადასტრო კოდი: №..., შენობა №4-ში, სადარბაზოს სივრცეში, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მიმდინარეობდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, განხორციელებულია სართულშუა გადახურვის ფილების დემონტაჟი, მოწყობილია კაპიტალური კიბის ბაქნები, ასევე დამატებით მოწყობილია ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის კიბე და კოჭები. ამავე მითითებით მხარეს, დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია ან ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში. ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადა.

4.4. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 01.08.2018 წელს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №... მესამე პირის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული 05.07.2018 წლის №... მითითების პირობები.

4.5. ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 01.10.2018 წლის №946 მოხსენებითი ბარათით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილეს ეცნობა, რომ ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დაფიქსირდა მესამე პირის მიერ 05.07.2018 წლის №... მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ფაქტი.

4.6. მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 01.10.2018 წელს მიღებული იქნა №... დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც მესამე პირი დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით ქ.თბილისში, ...ს ქუჩა №70 (იგივე ...ს გამზ. №5), საკადასტრო კოდი: №...-ზე, შენობა №4-ში, სადარბაზოს სივრცეში, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისათვის (განხორციელებულია სართულშუა გადახურვის ფილების დემონტაჟი, მოწყობილია კაპიტალური კიბის ბაქნები, ასევე დამატებით მოწყობილია ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის კიბე და კოჭები). ამავე დადგენილებით, მესამე პირს დაევალა ქ.თბილისში, ...ს ქუჩა №70 (იგივე ...ს გამზ. №5), საკადასტრო კოდი: №...-ზე, უნებართვოდ რეკონსტრუირებული შენობა №4-ის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

4.7. 01.11.2018 წელს მესამე პირის დირექტორმა №20/01183051516-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 01.10.2018 წლის №... დადგენილების ბათილად ცნობა.

4.8. მერიის 28.12.2018 წლის №704 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი მერიის მუნიციპალური ინსპექციის 01.10.2018 წლის №... დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც მესამე პირს დაევალა ქ.თბილისში, ...ს ქუჩა №70 (იგივე ...ს გამზ. №5), №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა №4-ში, სადარბაზოს სივრცეში მოწყობილი კაპიტალური კიბის ბაქნების, დამატებით მოწყობილი ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის კიბის და კოჭების დემონტაჟი, ასევე მე-3 სართულსა და ტექნიკურ სართულს შორის არსებული სართულშუა გადახურვის ფილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩა ძალაში.

4.9. საქმეში წარმოდგენილია 25.07.2018 წლის კონსტრუქციული დასკვნა, რომლის თანახმად, არქიტექტურული გადაწყვეტით იგეგმება აღნიშნული კიბის უჯრედის მესამე სართულიდან პირვანდელ სახურავის დონეზე ასასვლელი გაუქმებული კიბის მარშის აღდგენა და ამჟამინდელი ტექნიკური სართულიდან სასტუმროს სართულზე ასასვლელი კიბის მარშის მოწყობა. კიბის ლითონის გაგლინული ელემენტების მონტაჟისათვის გამოყენებული იქნება არსებული კვანძები და ჩასატანი დეტალები. ამავე დროს, აღნიშნულის განსახორციელებლად საჭირო ხდება არსებული ზედა დონის რკინაბეტონის კოჭის დემონტაჟი, რომელიც თავის დროზე მოწყობილი იყო ლიფტების ღიობებისათვის - ამჟამად მათი ფუნქცია ანულირებულია და დემონტაჟი დასაშვებია.

4.10. საქმეში წარმოდგენილია 11.09.2018 წლის №181108245 სანოტარო აქტი ფაქტის დადასტურების შესახებ, რომლის თანახმად, ნოტარიუსმა დაამოწმა ფაქტი, რომ სადარბაზოში (საკადასტრო კოდი: №...), მდებარე მისამართზე: ... №5, შენობა №4-ში (ს/კ: №...) სადარბაზოდან მარჯვენა და მარცხენა სართულები სხვადასხვა დონეზეა და ისინი ერთმანეთს კიბეებით უკავშირდება. მე-3 სართულის მარჯვენა, გრძელი ნაწილი მიწიდან უფრო დაბალ დონეზეა, ვიდრე მარცხენა ნაწილი. მე-3 სართულზე ამომავალი კიბე უპირისპირდება შენობის მარჯვენა ნაწილში სამედიცინო ცენტრ ,,...ის’’ კარებს, ხოლო აღნიშნული დონიდან შენობის მარცხნივ ამავალ კიბეს ავყავართ სადარბაზოს მარცხენა ნაწილის შენობის მე-3 სართულზე, რომელშიც გაჭრილია ახალი კარები. ამავე აქტში ნოტარიუსი აღნიშნავს, რომ მის მიერ აღნიშნულ ფართში განხორციელებული წინა ფაქტების დადასტურების შემდგომ კიდევ ერთი ,,ბალკა’’ იყო გადაჭრილი და მოცილებული კიბის უჯრედის თავზე.

4.11. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მესამე პირისათვის ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №70 (იგივე ...ს გამზირი №5) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა №4-ში, მე-3 სართულსა და ტექნიკურ სართულს შორის არსებული სართულშუა გადახურვის ფილის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალების მართლზომიერება. კერძოდ, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია მე-3 სართულსა და ტექნიკურ სართულს შორის არსებული სართულშუა გადახურვის ფილის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალება იმ მოტივით, რომ საინვენტარიზაციო გეგმით დადასტურდა მესამე სართულიდან ტექნიკურ სართულზე ამავალი კიბის არსებობა, რაც გამორიცხავს სართულშუა გადახურვის ფილის არსებობას და მისი დემონტაჟის ფაქტს.

4.12. პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის პირველი მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. აღნიშნული კოდექსით მოწესრიგებულია სამშენებლო სამართალდარღვევისას სანქციის დაკისრების წინაპირობები. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილია სუბიექტები, რომელთა სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება, კერძოდ, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მესამე პირი დაჯარიმდა იმ დროს მოქმედი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ადგენდა, რომ უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია − გამოიწვევდა დაჯარიმებას 4 000 ლარით.

4.13. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავდა, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებდა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.09.2009 წლის №57 დადგენილება (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 02.03.2020წ. N139 დადგენილებით). აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. იმავე დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

4.14. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ იქნა სათანადოდ გამორკვეული და დასაბუთებული. კერძოდ, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ საჩივრის განმხილველ ორგანოს არ გაუმახვილებია ყურადღება სადარბაზოს პირველ, მე-2 და მე-3 სართულების გეგმებზე (იხ.ს.ფ. 93-94), კერძოდ, აღნიშნული სართულების გეგმები და ტექნიკური სართულის გეგმა (იხ. ს.ფ. 136) ხომ არ გამორიცხავდა მე-3 სართულიდან ტექნიკურ სართულზე ამავალი სადავო კიბის არსებობას. მესამე პირის განმარტებით, მე-3 სართულის გეგმაზე მითითებული კიბე წარმოადგენს მე-3 სართულიდან ტექნიკურ სართულზე ამავალი კიბის გეგმას, თუმცა მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული კიბის უჯრედი აღნიშნავს არა მე-3 სართულიდან ტექნიკურ სართულზე ამავალ კიბეს, არამედ მე-2 სართულიდან მე-3 სართულზე ამავალ კიბეს, ხოლო შემდგომი კიბე მარჯვენა ფლიგელის მე-3 სართულიდან მარცხენა ფლიგელის მე-3 სართულზე ამავალ კიბეს, ისევე როგორც პირველი სართულის გეგმაზე. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული კიბე აღნიშნავს სადარბაზოში ეზოდან შემავალი კარებიდან მარჯვენა ფლიგელის პირველ სართულზე ამავალ კიბეს, რაზეც არ არის ყურადღება გამახვილებული მოპასუხის მიერ. გასაჩივრებულ ბრძანებაში ასევე არ არის მსჯელობა 25.07.2018 წლის კონსტრუქციული დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ არქიტექტურული გადაწყვეტით იგეგმება აღნიშნული კიბის უჯრედის მესამე სართულიდან პირვანდელ სახურავის დონეზე ასასვლელი გაუქმებული კიბის მარშის აღდგენა და ამჟამინდელი ტექნიკური სართულიდან სასტუმროს სართულზე ასასვლელი კიბის მარშის მოწყობა. აღნიშნულის განსახორციელებლად საჭირო ხდება არსებული ზედა დონის რკინაბეტონის კოჭის დემონტაჟი, რომელიც თავის დროზე მოწყობილი იყო ლიფტების ღიობებისათვის - ამჟამად მათი ფუნქცია ანულირებულია და დემონტაჟი დასაშვებია. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ამ კოჭებისა და საქმეში წარმოდგენილ ფოტოებზე არსებული ე.წ. ,,ბალკების’’ არსებობით ხომ არ გამოირიცხებოდა მათ ადგილას რაიმე კიბის არსებობა.

4.15. სასამართლომ ასევე მართებულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია მასზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უზრუნველეყო ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირების მონაწილეობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო ფართი (საკადასტრო კოდი: №...), თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია პირველი მოსარჩელის, ა. ნ-ის, ს. ნ-ის (10.055 კვ.მეტრი), მესამე პირის (20.11 კვ.მეტრი) და მეორე მოსარჩელის (10.055 კვ.მეტრი) სახელზე. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელეებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალწარმოება სწორედ მათი საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

4.16. სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ...ს ქუჩა №70/იგივე ...ს გამზ. №5 (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 11706,00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 31; შენობა-ნაგებობები: №1-24), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...), შენობა №4, ფართით 40.22 კვ.მეტრი, 01.06.2018 წლიდან თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია პირველი მოსარჩელის, ა. ნ-ის, ს. ნ-ის (10.055 კვ.მეტრი), მესამე პირის (20.11 კვ.მეტრი) და მეორე მოსარჩელის (10.055 კვ.მეტრი) სახელზე (ტ.1, ს.ფ.13). იმავე მისამართზე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №..., შენობა №4, ტექნიკური სართული (+10.69 ნიშნული), ფართი 647.47 კვ.მეტრი, 31.05.2017 წლიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მესამე პირის სახელზე (ტ.1, ს.ფ.107).

9. მოპასუხის მუნიციპალური ინსპექციის 01.10.2018 წლის №... დადგენილებით მესამე პირი დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით ქ.თბილისში, ...ს ქუჩა №70/იგივე ...ს გამზ. №5, №... საკადასტრო კოდით მდებარე მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა №4-ში, სადარბაზოს სივრცეში, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისათვის (განხორციელებულია სართულშუა გადახურვის ფილების დემონტაჟი, მოწყობილია კაპიტალური კიბის ბაქნები, ასევე დამატებით მოწყობილია ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის კიბე და კოჭები). ამავე დადგენილებით, მესამე პირს დაევალა უნებართვოდ რეკონსტრუირებული შენობა №4-ის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (ტ.1, ს.ფ.131-133).

10. მერიის 28.12.2018 წლის №704 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მესამე პირის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი მერიის მუნიციპალური ინსპექციის 01.10.2018 წლის №... დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც მესამე პირს დაევალა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა №4-ში, სადარბაზოს სივრცეში მოწყობილი კაპიტალური კიბის ბაქნების, დამატებით მოწყობილი ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის კიბის და კოჭების დემონტაჟი, ასევე მე-3 სართულსა და ტექნიკურ სართულს შორის არსებული სართულშუა გადახურვის ფილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩა ძალაში (ტ.1, ს.ფ. 67-75).

11. წინამდებარე დავის გარგლებში სადავო საკითხს წარმოადგენს მესამე პირისათვის ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №70/იგივე ...ს გამზირი №5, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა №4-ში, მე-3 სართულსა და ტექნიკურ სართულს შორის არსებული სართულშუა გადახურვის ფილის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალების მართლზომიერება. სარჩელის საგანია: ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი მერიის 28.12.2018 წლის №704 ბრძანება, კერძოდ, მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების ნაწილი - ,,ასევე მე-3 სართულსა და ტექნიკურ სართულს შორის არსებული სართულშუა გადახურვის ფილის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა’’ - ამოღებული იქნეს სადავო ბრძანებიდან.

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, 28.12.2018 წლის №704 ბრძანების გასაჩივრებული ნაწილის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევის, ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.

13. სამშენებლო სამართალდარღვევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთი სახე (სუსგ №ბს-555(კ-20), 12.01.2023წ.). შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს საჯარო სამშენებლო სამართლიდან, კერძოდ, მშენებლობის წესრიგის სამართლიდან, რომელიც არეგულირებს მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობაზე ზედამხედველობისა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესებს (სუსგ №ბს-1084 (2კ-23), 26.11.2025წ.).

14. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სზაკ-ის 202-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

15. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი კი ადგენს ადმისტრაციული ორგანოს ვალდებულებას საქმის გარემოებების გამოკვლევის თაობაზე, კერძოდ: 1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; 2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ; 3. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია; 4. დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას; 5. დაინტერესებული მხარე ვალდებულია გამოცხადდეს ადმინისტრაციულ ორგანოში და მისცეს ახსნა-განმარტება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

16. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემულ მსჯელობას, რომ საჩივრის განმხილველ ორგანოს/მოპასუხეს არ გაუმახვილებია ყურადღება სადარბაზოს პირველ, მე-2 და მე-3 სართულების გეგმებზე (იხ.ს.ფ. 93,94), კერძოდ, აღნიშნული სართულების გეგმები და ტექნიკური სართულის გეგმა (იხ. ს.ფ. 136) ხომ არ გამორიცხავდა მე-3 სართულიდან ტექნიკურ სართულზე ამავალი სადავო კიბის არსებობას. მოსარჩელეები უარყოფენ ასეთი კიბის არსებობას და დამატებით უთითებენ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადასტურების სანოტარო აქტსა (“სადარბაზოდან მარჯვენა და მარცხენა სართულები სხვადასხვა დონეზეა და ისინი ერთმანეთს კიბით უკავშირდება”) ტ.1, ს.ფ.26-30) და 25.07.2018 წლის კონსტრუქციულ დასკვნაზე (ტ.1, ს.ფ.215).

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სზაკ-ის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სუსგ №ბს-974(2კ-19), 17.09.2020წ.; №ბს-793(3კ-25), 26.02.2026წ.).

18. ასევე, სადავო არ არის გარემოება მასზე, რომ მოსარჩელეებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალწარმოება სწორედ მათი საჩივრის საფუძველზე დაიწყო. სზაკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში.

ხსენებულ მუხლში დეკლარირებული წესი ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპთაგანია, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების მაქსიმალურ დაცვას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული პირები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას (შდრ. სუსგ Nბს-701(3კ-19), 22.07.2021წ.).

19. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება ესარგებლა სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (სუსგ №ბს- 681-681(კ-18), 13.12.2018წ.).

20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2022 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე