დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-751(2კ-25) 14 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - თ. ს-ი, გ. შ-ი, ბ. პ-ი, ზ. გ-ე, დ. გ-ი, თ. ქ-ე, თ. გ-ე, შ. მ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ს-მა, გ. შ-მა, ბ. პ-მა, ზ. გ-ემ, დ. გ-მა, თ. ქ-ემ, თ. გ-ემ და შ. მ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართ და 2024 წლის 19 ივნისის სასამართლო სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოითხოვეს: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 19 აპრილის №01231092945 წერილის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 21 აპრილის №160123111115 გადაწყვეტილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 11 ივლისის №1023 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 21 აპრილის №16-0123111115 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო, 2023 წლის 14 აპრილის №012310426-67 განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების (ელექტრონული გადაწყვეტილება - 2023 წლის 22 მაისი) ბათილად ცნობა, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელეების 2023 წლის 4 აპრილის განცხადების საფუძველზე საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ს-ის, გ. შ-ის, ბ. პ-ის, ზ. გ-ის, დ. გ-ის, თ. ქ-ის, თ. გ-ის და შ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 19 აპრილის №01231092945 წერილი, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 21 აპრილის №160123111115 გადაწყვეტილება, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 21 აპრილის №16-0123111115 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო 2023 წლის 14 აპრილის №012310426-67 განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება (ელექტრონული გადაწყვეტილება - 2023 წლის 22 მაისი) და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა განცხადების საფუძველზე; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 11 ივლისის №1023 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 21 აპრილის №16-0123111115 გადაწყვეტილებაში მითითებულია იმის თაობაზე, თუ რა მტკიცებულებების წარდგენა დაევალათ განმცხადებლებს, ასევე ზოგადად იმ ნორმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს, თუმცა, აქტი არ შეიცავს მსჯელობას და შესაბამის დასაბუთებას. გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია სააგენტოს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახურის 2023 წლის 19 აპრილის წერილი, რომელიც ასევე არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას. არც 2023 წლის 21 აპრილის №160123111115 გადაწყვეტილებაში და არც მის საფუძვლად არსებულ წერილში (2023 წლის 19 აპრილის წერილი) არ არის განმარტებული საპროექტო ინდივიდუალური მიწის ნაკვეთებისათვის სამანქანო შესასვლელ-გამოსასვლელების ...ას ქუჩიდან მოწყობის მიზანშეუწონლად მიჩნევის კონკრეტული საფუძვლები და გარემოებები. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გაურკვეველია, რა ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სადავო აქტების გამოცემისას. პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებაში უნდა მიეთითოს ის გარემოებები, რაც გახდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მხოლოდ მიზანშეწონილობის საკითხზე მითითება არ ქმნის ადმინისტრაციული აქტის საკმარის დასაბუთებას. სადავო საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციულ ორგანოში მოსარჩელეთა მიერ საქმეში წარმოდგენილ წინასაპროექტო კვლევის განმარტებით ბარათზე, რომლის თანახმად, „რაც შეეხება, სატრანსპორტო სქემას, რომელიც ითვალისწინებს ...ის ქუჩიდან და ...ას ქუჩის მხრიდან საპროექტო ნაკვეთებში შესასვლელ გამოსასვლელი გზის მოწყობას, სატრანსპორტო სქემასთან ერთად წარმოდგენილია საქართველოს ტრანსპორტისა და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის დირექტორის რ. ვ-ის საექსპერტო დასკვნა, სადაც წერია, რომ შენობების განთავსების შემთხვევაში, მათი ექსპლუატაცია, მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული შესასვლელ-გამოსასვლელების მოწყობა სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციონირებისათვის არ გამოიწვევს ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებულ რაიმე სახის დაბრკოლებებს, უარყოფით შედეგებს, ავტოსაგზაო შემთხვევებს, საცობებს.“ რაც შეეხება თვითმმართველის საკუთრებაში არსებული სივრცეების კერძო საკუთრებაში გაერთიანებისა და კონტურის ცვლილების მიზანშეუწონლობის საკითხს, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის არგუმენტი, რაც მოცემულ დასკვნას დაუსაბუთებლად აქცევს. მსგავსი მიდგომით კი, საბოლოოდ გადამეტებულად იზღუდება მოსარჩელეთა უფლების რეალიზების შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხარვეზის არსს და მიზანს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი და საჭირო ფაქტობრივი/დოკუმენტალური სიცარიელის შევსება წარმოადგენს, შესაბამისად, განმცხადებლისათვის ცხადი და ნათელი უნდა იყოს თუ რა ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა დაევალა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და რა კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით, რათა მან შეძლოს ხარვეზის სრულად და ჯეროვნად გამოსწორება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზი და მისი პირობა იყო ცალსახად ბუნდოვანი, მასში არ იყო მითითებული ხარვეზის დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რაც თავის მხრივ, გამორიცხავდა განმცხადებლების მიერ მისი გამოსწორების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტები არ შეიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე, რატომ არის შეუძლებელი მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, საჯარო და კერძო ინტერესის გათვალისწინებით, ისე რომ არც მოსარჩელეთა კანონით დაცულ ინტერესს მიადგეს ზიანი და საჯარო ინტერესიც იქნეს გათვალისწინებული. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2, მე-5 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესაძლებელია განმცხადებელს დაევალოს ისეთი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისთვის, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს, კანონით გათვალისწინებულის გარდა, სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია. კასატორი ასევე მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებულ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებზე“ და აღნიშნავს, რომ გაუნაშენიანებელი ტერიტორიების ათვისება დაიშვება მხოლოდ განაშენიანებული ტერიტორიების ქალაქგანვითარების პოტენციალის ამოწურვის ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის განაშენიანებაც დასაშვებია მხოლოდ სათანადო საინჟინრო, სატრანსპორტო და მწვანე ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის პირობებში. კასატორის მითითებით, განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების ორივე ეტაპს (1. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება და 2. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების მიზნით წარმოება) ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო. კასატორი აღნიშნავს, რომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც მას შეუძლია, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, კონკრეტული სახით განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების მიზანშეწონილობა. კასატორის მოსაზრებით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით და მათი თანაზომიერი დაბალანსების შედეგად, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საპროექტო ინდივიდუალური მიწის ნაკვეთებისთვის სამანქანო შესასვლელ-გამოსასვლელების ...ას ქუჩის მხრიდან მოწყობის შესაძლებლობა, რადგან ...ას ქუჩა წარმოადგენს მთავარ გზას, მთავარი გზის მხრიდან კი არ არის მიზანშეწონილი ახლო მანძილზე შესასვლელ-გამოსასვლელების მოწყობა, ვინაიდან აღნიშნული გამოიწვევს მთავარ გზაზე მოძრაობის გადატვირთვას/შეფერხებას. ამდენად, კასატორის აზრით, ხსენებული ხარვეზი კანონიერადაა დადგენილი.
მე-2 პუნქტით დადგენილ ხარვეზთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ მართებულად განემარტა მხარეს, რომ საჭიროა საპროქტო არეალის, დაურეგისტრირებელი ტერიტორიის და საპროექტო მიწის ნაკვეთების რეგისტრირებული/გამიჯნული ფართობების ცალ-ცალკე და ჯამურად ცხრილში დატანა. აღნიშნული ემსახურება წინასაპროექტო კვლევის ეტაპზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
რაც შეეხება მე-3 პუნქტით დადგენილ ხარვეზს, ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნავს, სააგენტომ თავისი დისკრეციის ფარგლებში მიზანშეწონილად არ მიიჩნია თვითმმართველის საკუთრებაში არსებული სივრცეების გადაგეგმარების ნახაზით განსაზღვრული ტერიტორიების გაერთიანება კერძო საკუთრებაში, ასევე, ჩრდილოეთ მიმართულებით საპროექტო სამშენებლო ნაკვეთების კონტურის ცვლილება.
მე-4 პუნქტით დადგენილ ხარვეზთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან კოჯორი-შინდისის საპროექტო გზათა ქსელსა და საპროექტო მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებს შორის ფიქსირდება დაურეგისტრირებელი სივრცეები, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი საპროექტო ფუნქციური ზონირების გეგმაზე კოჯორი-შინდისის საპროექტო გზათა ქსელზე და საპროექტო ნაკვეთებამდე დარჩენილ სივრცემდე სატრანსპორტო ზონა 1-ის (ტზ-1) გავრცელება გამომდინარეობდა არსებული გზის კონტურის შენარჩუნების მიზნიდან. ასევე, გზისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ცალკე საკადასტრო ერთეულად გამოყოფის ფართობის, ასევე, ზომების მითითითება განპირობებულია მითითებული ტერიტორიის განვითარების რეგლამენტის დადგენისთვის, შესაბამისად, ხსენებული ხარვეზის დადგენა და აღნიშნულთან დაკავშირებით განმცხადებლისთვის დამატებით განმარტების წარდგენის დავალება გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნიდან.
რაც შეეხება მე-5 პუნქტით დადგენილ ხარვეზს, კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესსა და მათი დაცვის ზონების“ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის, სანიტარიული ნორმების დაცვისა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას სავალდებულო პირობას წარმოადგენს დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის მოპოვება. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა 2023 წლის 14 აპრილის განცხადებას თან არ ერთვოდა ზემოაღნიშნული მფლობელის პოზიცია ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში საპროექტო ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით, შესაბამისად დადგენილი ხარვეზი გამომდინარეობდა კანონმდებლობიდან.
მე-6 პუნქტით დადგენილ ხარვეზთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს N14-39 დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ გაუნაშენიანებელი ტერიტორიის განაშენიანებისას სავალდებულოა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო, საინჟინრო და მწვანე ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს საპროექტო ტერიტორიის მინიმუმ 20%-ის მწვანე ნარგავების გასაშენებელ სივრცედ გამოყენებას, ხოლო მოსარჩელეთა 2023 წლის 14 აპრილის განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალების პროექტში არ არის გათვალისწინებული ზემოხსენებული მოთხოვნები, კერძოდ, საპროექტო არეალში არ ხდება ერთიანი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა, შესაბამისად, ტრანსპორტისა და უბრანული განვითარების სააგენტოს მიერ აღნიშნული ხარვეზის დადგენა და დამატებითი პროექტირების დროს საპროექტო არეალში კონსოლიდირებულად ერთიანი სარეკრეაციო სირცის გათვალისწინების დავალება და მისი აღმოუფხვრელობის საფუძვლით 2023 წლის 14 აპრილის განცხადების განუხილველად დატოვება კანონიერია.
მე-7 პუნქტით დადგენილ ხარვეზთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს N14-39 დადგენილების მე-8 მუხლის 33 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევა უნდა შეიცავდეს, წყალმომარაგების ლიცენზიატის წერილობით პოზიციას, არსებული სასმელი წყლის წყალმომარაგების და წყალარინების სისტემა (შემდგომში – წყალმომარაგების სისტემა) არსებითი განახლების/განვითარების გარეშე უზრუნველყოფს თუ არა ამ საპროექტო ზონაზე გათვალისწინებული სამშენებლო ობიექტ(ებ)ის, სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ტექნიკური პარამეტრებით დაკმაყოფილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ განმცხადებელს თანდართული დოკუმენტაციის სახით არ წარუდგენია ზემოაღნიშნული წერილობითი პოზიცია, შესაბამისად, ხსენებული განცხადებისათვის აღნიშნული ხარვეზის დადგენა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის დავალება კანონშესაბამისია.
მე-8 პუნქტით დადგენილ ხარვეზთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ ხსენებული პუნქტ არის საინფორმაციო ხასიათის, ვინაიდან მის საფუძველზე არ ხდება რაიმე უფლების/მოვალეობის წარმოშობა, შეცვლა, შეწყვეტა ან დადასტურება, ასევე, დამოუკიდებლად რაიმე სახის სამართლებრივი შედეგის დადგომა, შესაბამისად, სადავო აქტის ხსენებული პუნქტის ბათილად ცნობა ვერ განიხილება ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში.
მე-9 პუნქტით დადგენილ ხარვეზთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამუშავებისას სავალდებულოა საპროექტო არეალში შემავალი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა თანხმობის წარდგენა, რადგან აღნიშნული წარმოების ფარგლებში ხდება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება, მესაკუთრის ნებართვის და ინტერესის გარეშე კი მისი დამტკიცება დაუშვებელია. აღნიშნული თანხმობა განცხადებას არ ერთვოდა, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით ხსენებული ხარვეზიც კანონშესაბამისია.
რაც შეეხება სადავო აქტით დადგენილი ტექტნიკური ხარვეზების კანონიერებას, ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ აღნიშნული ხარვეზები ტექნიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის საჭირო წინასაპროექტო კვლევის პროექტის ტექნიკური ნაწილის გამართვას. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ტექნიკური ხარვეზების დადგენა ასევე გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნიდან.
სააგენტოს 2023 წლის 19 აპრილის N01231092945 წერილის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს სზაკ-ის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნულ წერილში დაფიქსირებული პოზიცია გაზიარებულ იქნა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 21 აპრილის სადავო აქტში, რომლითაც მხარეს დაუდგინდა ანალოგიური შინაარსის ხარვეზი და მისი კანონშეუსაბამობა წინამდებარე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე ვერ დადგინდა, კასატორის მოსაზრებით არ იკვეთება 2023 წლის 19 აპრილის წერილის ბათილად ცნობის საფუძველი. კასატორი თვლის, რომ ხსენებული წერილი ატარებს საინფორმაციო ხასიათს და სასამართლოს არსებითად არ უნდა შეეფასებინა.
კასატორი მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის მიზანშეწონილობის კრიტერიუმით განხილვის აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება. კასატორი ყურადღებას ამახვილებს საჯარო ინტერესზე და აღნიშნავს, რომ ...ას ქუჩა წარმოადგენს მთავარ გზას, რომლიდანაც გზის მოწყობა გამოიწვევს მოძრაობის გადატვირთვას/შეფერხებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია სასამართლოს მიერ გარემოებების შეფასების ადმინისტაციული ორგანოსთვის დავალება, რამდენადაც იდენტური შემთხვევა არ არსებობს. ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, აღნიშნული სასამართლოს მხრიდანაც ვერ იქნა მითითებული და ამ მოცემულობაში სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო როგორც საპროცესო ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით.
კასატორი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო 2023 წლის 19 აპრილის წერილთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სწორედ მასში ასახული პოზიცია სამანქანო შესასვლელ-გამოსასვლელების ...ას ქუჩიდან მოწყობის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გათვალისწინებულ იქნა სააგენტოს სადავო 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებაში. რაც შეეხება უშუალოდ სადავო გადაწყვეტილებას, კასატორი სააგენტო აღნიშნავს, რომ ...ას ქუჩა წარმოადგენს მთავარ გზას და არ არის მიზანშეწონილი მთავარი გზიდან ახლო მაძინლზე შესასვლელ-გამოსასვლელების მოწყობა, ვინაიდან აღნიშნული გამოიწვევს მთავარ გზაზე მოძრაობის გადატვირთვას/შეფერხებას. სააგენტოს მიერ მოთხოვნილ იქნა საპროექტო არეალში კონსოლიდირებულად ერთიანი სარეკრეაციო სივრცის დაგეგმარება, რათა საპროექტო ტერიტორია უზრუნველყოფილ იქნას მწვანე ინფრასტრუქტურით და ტერიტორიაზე შეიქმნას ჯანსაღი/ნორმალური საცხოვრებელი გარემო. აღნიშნულის გათვალისწინება კი უნდა მოხდეს საპროექტო მიწის ნაკვეთების გამოყენებით. ვინაიდან კოჯორი-შინდისის საპროექტო გზათა ქსელსა და საპროექტო მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებს შორის ფიქსირდება დაურეგისტრირებელი სივრცეები, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ იქნა საპროექტო ფუნქციური ზონირების გეგმაზე კოჯორი შინდისის საპროექტო გზათა ქსელზე და საპროექტო ნაკვეებამდე დარჩენილ სივრცემდე სატრანსპორტო ზონა 1-ის (ტზ-1) გავრცელება, რათა შენარჩუნდეს არსებული გზის კონტური (კოჯორი-სინდისის გზათა ქსელი წარმოადგენს საპროექტო გზათა ქსელს). ასევე, კასატორის მითითებით, გზისთვის განკუთვნილი ტერიტორია უნდა გამოიყოს ცალკე საკადასტრო ერთეულად, მიეთითოს ფართობი და ზომები. აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია მითითებული ტერიტორიის განვითარების რეგლამენტის დადგენისთვის და ამასთან, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის პოზიციის დაფიქსირებულთვის შესაბამისი საფუძვლის არსებობისათვის, ვინაიდან, დაურეგისტრირებელი ტერიტორიის საპროექტო არეალში შეყვანასთან დაკავშირებით საკითხი პოზიციის დასაფიქსირებლად გადაგზავნილ უნდა იქნეს სსიპ ქონების მართვის სააგენტოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2023 წლის 14 აპრილს ნ. ხ-მა №012310426-67 განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და ქ. თბილისში, სოფელ ...აში №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე (მესაკუთრეები (მოსარჩელეები) - თ. ს-ი, გ. შ-ი, ბ. პ-ი, ზ. გ-ე, დ. გ-ი, თ. ქ-ე, თ. გ-ე და შ. მ-) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცება მოითხოვა.
2023 წლის 14 აპრილის №012310426-67 განცხადების პასუხად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 19 აპრილის №01231092945 მიმართვით განმცხადებელს ეცნობა, რომ 1. სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხო და შეუფერხებელი საგზაო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეუწონლად მიიჩნევდა, საპროექტო ინდივიდუალური მიწის ნაკვეთებისთვის სამანქანო შესასვლელ-გამოსასვლელების მოწყობას ...ას ქუჩიდან; 2. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი იყო სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები, რომელთა შიდა გეგმარებაში (არსებობის შემთხვევაში) და საკადასტრო საზღვრის მიმდებარედ გათვალისწინებული იქნებოდა არანაკლებ 1.5 მეტრის სიგანის ტროტუარები. საკადასტრო საზღვრის პერიმეტრზე ან/და შიდა გეგმარებაში სამანქანო გზის მოწყობის შემთხვევაში გასათვალისწინებელი ტროტუარებისგან დამოუკიდებლად ორმხრივი გზა - 5.5 მეტრი. ასევე, საპროექტო ნაკვეთებისთვის სამანქანო შესასვლელ გამოსასვლელი მონაკვეთის სიგანისთვის უნდა განსაზღვრულიყო 3.5 მეტრი. სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევდა, გეგმარებაში გათვალისწინებული გზები შესაბამისობაში ყოფილიყო კოჯორი-შინდისის ქალაქგეგმარებითი პროექტის ,,B1“ არეალით გათვალისწინებულ გზათა ქსელთან. ამასთან, წერილში მითითებული იყო, რომ ზემოხსენებული გადამოწმდებოდა და დაზუსტდებოდა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შეთანხმების ეტაპზე.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 21 აპრილის №16-0123111115 სადავო გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-3 მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების თანახმად, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გაუნაშენიანებელი ტერიტორიების ათვისება დაიშვება მხოლოდ განაშენიანებული ტერიტორიების ქალაქგანვითარების პოტენციალის ამოწურვის ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობითა და განაშენიანების რეგულირების წესებით განსაზღვრული პროცედურებით მიღებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით. განაშენიანების რეგულირების წესებით დაშვებული ნებისმიერი ფორმით გამოყენება და განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ტერიტორიები უზრუნველყოფილია სათანადო საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განაშენიანებული ტერიტორიების ქალაქთმშენებლობითი განვითარება (რაციონალიზაცია, ინტენსივობის-სიმჭიდროვის ზრდა) დასაშვებია, მხოლოდ არსებული საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისობის ან გაუმჯობესების პირობებში. ასევე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული გენერალური გეგმის მიხედვით ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1) და მცირეზე სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით 2023 წლის 14 აპრილის №12310426-67 განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი შემდეგი ძირითადი შენიშვნებით:
„1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახურის 2023 წლის 19 აპრილის წერილით დადგინდა ხარვეზი - უსაფრთხო და შეუფერხებელი საგზაო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საპროექტო ინდივიდუალური მიწის ნაკვეთებისთვის სამანქანო შესასვლელ-გამოსასვლელები არ მოეწყოს ...ას ქუჩიდან, შესაბამისად, წარსადგენია განახლებული საპროექტო წინადადება;
2. ცხრილში დასატანია საპროექტო არეალის, დაურეგისტრირებელი ტერიტორიის და საპროექტო მიწის ნაკვეთების რეგისტრირებული/გამიჯნული ფართობები ცალ-ცალკე და ჯამურად;
3. განსამარტია, თუ რატომ ხდება თვითმმართველის საკუთრებაში არსებული სივრცეების გადაგეგმარების ნახაზით განსაზღვრული ტერიტორიების გაერთიანება კერძო საკუთრებებში. არ უნდა მოხდეს ჩრდილოეთ მიმართულებით საპროექტო სამშენებლო ნაკვეთების (რეგისტრირებული) კონტურის ცვლილება;
4. საპროექტო ფუნქციური ზონირების გეგმაზე კოჯორი შინდისის საპროექტო გზათა ქსელზე და საპროექტო ნაკვეთებამდე დარჩენილ სივრცემდე გავრცელდეს სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1). გზისთვის განკუთვნილი ტერიტორია გამოიყოს ცალკე საკადასტრო ერთეულად, მიეთითოს ფართობი და ზომები. აღნიშნული აისახოს ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლების ცხრილშიც. გრგს-ს არეალი ჩრდილოეთით დაზუსტდეს №... საკადასტრო ერთეულამდე, ისე რომ არ დარჩეს ქალაქისათვის გამოუყენებელი ტერიტორია;
5. საპროექტო არეალს კვეთს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 6-10კვ. საჰაერო ხაზი (ს.კ №...). წარსადგენია შესაბამისი უწყების პოზიცია ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარებასთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით, გენგეგმაზე სამშენებლოდ შეზღუდვის არეალის დატანით, ზომების მითითებით (აღნიშნული დატანილი იქნას ყველა შესაბამის გეგმაზე);
6. პროექტირების დროს გასათვალისწინებელია, რომ საპროექტო არეალში კონსოლიდირებულად მოხდეს ერთიანი დაგეგმარება (გამოიყოს ცალკე საკადასტრო ერთეულად და მიენიჭოს საჯარო სარეკრეაციო სივრცის სერვიტუტი). ამასთანავე, საპროექტო ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურით;
7. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების წესების მე-8 მუხლის 3 3 ; 3 4 ; 11 1 ; 11 2 ; 12; 13; 14; 15 პუნქტების გათვალისწინებით, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამუშავების ეტაპზე წარსადგენია წყალმომარაგების ლიცენზიანტის მიერ გაცემული წერილობითი პოზიცია საპროექტო ტერიტორიაზე სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემასთან დაკავშირებით;
8. საპროექტო არეალში დაურეგისტრირებელი ტერიტორიების ადგილმონაცვლეობასთან და არეალში შემავალი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) გათვალისწინებასთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოში საკითხი გადაიგზავნება განმცხადებლის მიერ განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ;
9. წარსადგენია №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა მიერ გაცემული თანხმობები სათანადო ფორმით (მინდობილობები, აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განმცხადებლისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე)“.
ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია ტექნიკური ხარვეზი. კერძოდ, განმცხადებელს დაევალა:
1. საპროექტო წინადადების ყდაზე ფუნქციური დანიშნულების მითითება. - საპროექტო ტერიტორიის შესაბამისი ექსპერტის მიერ დამოწმებული და დათარიღებული ტოპოგეოდეზიური რუკის pdf ფაილის შესაბამის ველში ატვირთვა;
2. არსებული საკადასტრო საზღვრების გეგმაზე (გვ. 43) მე-8 და მე-9 ნაკვეთების ნუმერაციის გასწორება.
ხსენებული ხარვეზების გამოსასწორებლად განმცხადებელს განესაზღვრა 30 დღის ვადა და განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა განუხილველად.
2023 წლის 14 აპრილის №012310426-67 განცხადება, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 21 აპრილის №16-0123111115 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო, 2023 წლის 22 მაისს დარჩა განუხილველად (სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ელექტრონული გადაწყვეტილება).
დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელეებმა 2023 წლის 18 მაისს №19/01231382936-10 და 2023 წლის 29 მაისს №19/01231491894-01 ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 19 აპრილის №01231092945 წერილის, 2023 წლის 21 აპრილის №16-0123111115 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის და ამავე წერილებით დადგენილი ხარვეზების აღმოუფხვრელობის გამო 2023 წლის 14 აპრილის №01231042667 განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 11 ივლისის №1023 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმების, გენერალური გეგმებისა და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავება და დამტკიცება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებზე“ და აღნიშნავს, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას („დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია დედაქალაქის ტერიტორიაზე: უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება; სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა. ამავე „წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ეტაპებს აწარმოებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დებულების“ შესაბამისად, დაგეგმარებითი საქმიანობის წარმოება და ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა და კონტროლი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება (მუხ.3, პ.2, ქვ.პ. „ო“,”ჟ“).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების თაობაზე წარდგენილი განაცხადის განხილვა და ხარვეზების დადგენა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლოს კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთარი, ექსკლუზიური ფუნქციის განხორციელებისას, დისკრეციული უფლებამოსილება შეზღუდულია კანონმდებლობის მოთხოვნებით, რომელიც გულისხმობს ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესაბამისობას ადამიანის ძირითად უფლებებთან, დაგეგმვის ძირითად პრინციპებთან. ქალაქების განვითარების სფეროს სირთულე ბუნებრივად განაპირობებს გეგმარებითი პოლიტიკის რეალიზაციისას კომპეტენტური ორგანოს თავისუფალი მიხედულების ფართო სპექტრს, რაც არ გამორიცხავს სასამართლო კონტროლის შესაძლებლობას პირის საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლებასთან შესაბამისი საშუალებით ინტერესთა თანაფარდობაზე (Sporrong and Lonnrot v. Shveden, 23.09.1982, §69).
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ადმინისტრაციული დისკრეციული უფლებამოსილება სპეციალიზებულ სფეროში. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. Nბს-448-443(კ-12)). დისკრეციის სფეროს შეზღუდვას მიზნად აქვს არა მიხედულების სრული აღმოფხვრა, არამედ მისი თვითნებობაში გადაზრდის თავიდან აცილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს შესაძლებლობას კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება (სზაკ-ის მე-2 მუხ. „ლ“ ქვ.პ.). დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია (სუსგ 2019 წლის 7 მარტის საქმე Nბს-797 (კ-18)). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ამოწმებს არა თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ იმას, თუ რამდენად დაეყრდნო სააგენტო რეალურ, ობიექტურ ფაქტებს და ხომ არ გადაიზარდა მისი მიხედულება თვითნებობაში. უშეცდომო დისკრეციული გადაწყვეტილების მიღების სტანდარტი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, რომ ხარვეზების დადგენისას მისი მიხედულებები იყოს მატერიალურად შესრულებადი, ლოგიკური და სათანადოდ დასაბუთებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილებისას ადმინისტრაციულ ორგანოს მომეტებულად აქვს ვალდებულება დაასაბუთოს გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას, სასამართლო იკვლევს, რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სუს 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; სუს 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).
განსახილველ საქმეზე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ განაცხადზე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დადგინდა ხარვეზი. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ძირითადი შენიშვნების გაცემისა და ხარვეზის დადგენის ინსტიტუტი ემსახურება ურბანული გეგმარებითი წარმოების სრულყოფას და არა მის ხელოვნურ შეფერხებას.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 22-ე მუხლის შესაბამისად, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის საჭიროა წინასაპროექტო კვლევა (1), ხოლო წინასაპროექტო კვლევა მოიცავს: ა) ფიზიკური გარემოს კვლევას; ბ) დოკუმენტურ კვლევას; გ) ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას (2). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებებზე, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე 2023 წლის 14 აპრილის №012310426-67 განცხადებას თან ერთვის: წინასაპროექტო კვლევა, წინასწარი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები, მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების საექსპერტო დასკვნა, ტრანსპორტზე ზეგავლენის შეფასება, ექსპერტიზის დასკვნა. წინასაპროექტო კვლევის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, სატრანსპორტო სქემა ითვალისწინებდა ...ის ქუჩიდან და ...ას ქუჩის მხრიდან საპროექტო ნაკვეთებში შესასვლელ-გამოსასვლელი გზის მოწყობას. საქართველოს ტრანსპორტის და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის 2023 წლის 7 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტაცია, შესრულებული საპროექტო გადაწყვეტა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემა შესაბამისობაშია/თავსებადია არსებულ ინფრასტრუქტურასთან და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, მისაღებია სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციონირებისათვის. ამავე დასკვნის შესაბამისად, №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე შენობების განთავსების/აშენების შემთხვევაში, მათი ექსპლუატაცია, მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული/მითითებული შესასვლელ-გამოსასვლელის მოწყობა მიმდებარედ, გზის მონაკვეთზე, სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციონირებისათვის არ გამოიწვევს ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებულ რაიმე სახის დაბრკოლებებს, უარყოფით შედეგებს, ავტოსაგზაო შემთხვევებს, საცობებს. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში დაცულ სსიპ ლევან სამხარაულის სახეობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 6 დეკემბრის №008672923 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, სოფელ ...აში, ...ას ქუჩაზე №107-ში მდებარე №... (მოსარჩელე თ. ს-ის საკუთრება) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან (...ას ქუჩა), რომელიც წარმოადგენს უმოკლეს და ოპტიმალურ მისასვლელ გზას (ტომი 2, ს.ფ. 468-471).
ზემოაღნიშნული გარემოებების მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეუწონლად მიიჩნია საპროექტო ინდივიდუალური მიწის ნაკვეთებისთვის სამანქანო შესასვლელ-გამოსასვლელების მოწყობა ...ას ქუჩიდან და განმცხადებლებს დაავალა განახლებული საპროექტო წინადადების წარდგენა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითება ...ას ქუჩიდან შესასვლელის მოწყობის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით წარმოადგენს მხოლოდ ორგანოს სუბიექტურ შეფასებას და არა დასაბუთებას, რომელიც დაადასტურებდა მოძრაობის გადატვირთვის რეალურ საფრთხეს მაშინ, როდესაც მოსარჩელეებმა წარადგინეს საექსპერტო დასკვნა, რომელიც საპირისპიროზე მიუთითებს.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, განმცხადებლის მიერ წარდგენილი იყო წინასაპროექტო კვლევის განმარტებითი ბარათი და სატრანსპორტო სქემასთან ერთად, სპეციალიზებული დაწესებულების საექსპერტო დასკვნები, რომელიც მიუთითებდა, რომ შესასვლელ-გამოსასვლელების ...ას ქუჩიდან მოწყობა სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციონირებისათვის არ გამოიწვევდა მოძრაობის შეფერხებას, საცობებს ან რაიმე სახის უარყოფით შედეგებს. გარდა იმისა, რომ მოსარჩელეების მიერ წარდგენილია ...ას ქუჩიდან მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელ-გამოსასვლელი სქემები, ამავდროულად, საქმის მასალებით დასტურდება სხვა მესაკუთრეთა სასარგებლოდ მათ მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელ-გამოსასვლელების მოწყობა ...ას ქუჩიდან. სააგენტომ ისარგებლა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებით და არ გაიზიარა აღნიშნული საექსპერტო დასკვნა, რაც თავისთავად წარმოადგენს ორგანოს ლეგიტიმურ უფლებას, თუმცა, დისკრეცია არ ნიშნავს აბსოლუტურ და დაუსაბუთებელ თავისუფლებას. სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ადმინისტრაციული ორგანო არ იზიარებს საექსპერტო დასკვნებს, იგი ვალდებულია აქტის წერილობით დასაბუთებაში ასახოს საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. სადავო აქტში კი არ არის მოცემული რაიმე სახის მსჯელობა, რაც გააქარწყლებს წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნებს და დაადასტურებს, რომ მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული/მითითებული შესასვლელ-გამოსასვლელის მოწყობა მიმდებარედ, გზის მონაკვეთზე, სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციონირებისათვის გამოიწვევს ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებულ რაიმე სახის დაბრკოლებებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ზოგადი, შაბლონური მითითებით „მიზანშეუწონლობის“ თაობაზე, უარყო განმცხადებლის მოთხოვნა. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სადავო არეალი მოიცავს არა ერთ ერთეულს, არამედ რამდენიმე დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთს, შესაბამისად, სააგენტომ საკითხის ხელახალი გამოკვლევისას უნდა შეისწავლოს თითოეული მათგანის განლაგება და ისე განსაზღვროს მათთან მისასვლელი გზა, რომ თითოეულ მიწის ნაკვეთს ჰქონდეს შეუფერხებელი მიერთების წერტილი ტერიტორიაზე არსებულ შესაბამის საგზაო ქსელთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას, კანონმდებლობის შესაბამისად, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იგივე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვა. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინება სავალდებულოა დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოსთვის, ხოლო მე-9 მუხლის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ინტერესთა შეჯერების პროცესში წარმოდგენილი და გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ალტერნატიული გადაწყვეტები და სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესისა და კერძო ინტერესის შეწონასწორება და დაბალანსება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის საზომი პროპორციულობის პრინციპია, რომლის თანახმად რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას, ამასთანავე, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს, დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე, შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და უნდა იყოს პროპორციული. ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვის შემოწმების ერთ-ერთი ეტაპია აუცილებლობა. მმართველობითი ღონისძიება აუცილებელია მაშინ, როდესაც არ არსებობს მიზნის მიღწევის სხვა ისეთი საშუალება, რომელიც უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს კერძო ინტერესს. საჯარო და კერძო ინტერესების შეწონასწორებისა და ბალანსის უზრუნველყოფის ვალდებულება ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების დაცვას (სუსგ 26.01.2021წ. საქმე №ბს-1112(კ-18)).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა განხილვისას, უნდა შეფასდეს და მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ უნდა დასაბუთდეს არა ზოგადად ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებასა და მიზანშეწონილობაზე მითითებით, არამედ კონკრეტული მტკიცებულებებისა და შესაბამისი მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების შემთხვევაში წარმოშობილი შესაძლო საფრთხეებისა და საჯარო (საზოგადოებრივი) ინტერესების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის დაუსაბუთებლობა, განაცხადზე წარდგენილი დოკუმენტაციის უგულებელყოფა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გადაწყვეტილების მიღებაზე მიუთითებს, რაც სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 11 ივლისის №1023 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოშობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 12 აგვისტოს №1130 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (ს/კ: 205393689) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინება;
3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (ს/კ: 205393689) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე