არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1373(კს-25) 23 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „ს...“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 11 მაისს შპს „ს...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 ნოემბრის №34425 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 3 ნოემბრის №... კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 დეკემბრის №38320 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 4 მარტის №15412/2/2022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ს...“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ს...მა”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შპს „ს...ს“ სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს მიეცა ვადა, განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების - 4 პროცენტის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს...ს“ სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი. შპს „ს...ს“ 2025 წლის 21 ოქტომბრის განცხადება დარჩა განუხილველი. შპს „ს...ს“ დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე უ. ქ-ას (პირადი ნომერი ...) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2025 წლის 21 ოქტომბერს, სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 7000 ( შვიდი ათასი) ლარი (საგადახდო დავალება №29935519449; ბანკის კოდი BAGAGE22, სახაზინო კოდი 300773150; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე: თბილისი, ...ს ..., ოფისი ... და ჩაბარდა 2025 წლის 10 ოქტომბერს ქ. მ-ეს (იურისტი).
2025 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დარეგისტრირდა აპელანტის შპს "ს...ს" წარმომადგენელის კონვერტით კომპანია "..."-ის მეშვეობით გამოგზავნილი განცხადება, რომელიც ფოსტის მიერ დათარიღებულია 2025 წლის 21 ოქტომბრით, განცხადებას თან ერთვოდა სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილი 2025 წლის 21 ოქტომბერს და ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი (გადახდის თარიღი: 21.10.2025წ.).
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.2, 60.2, 368.5, 70-ე, 74-ე მუხლებზე და დაასკვნა, რომ აპელანტმა გაუშვა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა, რის გამოც შპს “ს...ს” სააპელაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩენილიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ს...მა”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე აპელანტის მიერ ხარვეზის აღმოფხვრისთვის გაშვებული ვადის აღდგენა და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 29.09.2025წ. განჩინებით ხარვეზის (სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად) შესავსებად აპელანტს დაუდგინდა 10-დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაიწყო 2025 წლის 11 ოქტომბერს და ამოიწურა იმავე წლის 20 ოქტომბერს. მხარეს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია გაეგრძელებინა თუ არა დავა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, მან გადაწყვეტილება ხარვეზის შევსების თაობაზე მიიღო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ბოლო დღეს (20 ოქტომბერს) და ვინაიდან არ იმყოფებოდა საქართველოში ადვოკატის პირად ანგარიშზე თანხა ჩარიცხა 2025 წლის 20 ოქტომბერს 17:43 საათზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თანხის ჩარიცხვა მოხდა სამუშაო დღის მიწურულს, 20 ოქტომბერსვე ფიზიკურად შეუძლებელი გახდა სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ოპერაციის განხორციელება. შესაბამისად, მოსარჩელემ ბაჟი გადაიხადა და ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადება სასამართლოს წარუდგინა 2025 წლის 21 ოქტომბერს.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა შეიძლება აღდგეს, თუ ის გაშვებულია საპატიო მიზეზით. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მათ მიერ ხარვეზის შევსების ვადის გადაცილება მოხდა 1 დღის დაგვიანებით. მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ მხარემ ხარვეზის აღმოფხვრის ნება გამოხატა. ადვოკატის მიერ ბაჟის გადახდის ოპერაციის განხორციელების შეუძლებლობა სამუშაო დღის მიწურულს წარმოადგენს მხარის კონტროლს მიღმა მყოფ გარემოებას, რომელიც უნდა შეფასდეს, როგორც პატივსადები მიზეზი.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის 1 დღის დაგვიანებით შევსების გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არის გადაჭარბებული ფორმალიზმი და წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განჩინებით შპს „ს...ს“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შპს „ს...ს“ სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს მიეცა ვადა, განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების - 4 პროცენტის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 73.8 მუხლის დანაწესის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
დადგენილია, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინება გაეგზავნა შპს “ს...ს” წარმომადგენელს - შ. ბ-ას მისამართზე: ქ. თბილისი, ... ..., ოფისი N.... ზემოაღნიშნული გზავნილი ჩაბარდა ქ. მ-ეს (იურისტი) 2025 წლის 10 ოქტომბერს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული რწმუნებულებით დასტურდება, რომ შპს “ს...ს” შ. ბ-ასთვის განუსაზღვრელი ვადით აქვს მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის კუთხით (ს.ფ 37, ტ.2). ნიშანდობლივია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარების მართლზომიერების საკითხს. შპს “ს...სთვის” სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწო 2025 წლის 11 ოქტომბერს და ამოიწურა 2025 წლის 20 ოქტომბერს 24 საათზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა როგორც საპროცესო უფლებები, ასევე საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - გამოასწოროს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, უნდა რეალიზდეს კანონით დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 59.4 მუხლის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. მითითებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე მხარე ვალდებულია საპროცესო მოქმედება შეასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, ანუ განსაზღვრული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2025 წლის 21 ოქტომბერს დარეგისტრირდა შპს „ს...ს“ განცხადება, რომელიც ფოსტის მიერ დათარიღებულია 21.10.2025წ, განცხადებას თან ერთვის სააპელაციო საჩივარი (დათარიღებულია 21.10.2025წ.) და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (გადახდის თარიღი 21.10.2025წ). ამდენად, უდავოა, რომ აპელანტმა ხარვეზის ვადის აღმოფხვრის შესახებ განცხადებით სააპელაციო პალატას, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მიმართა.
კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ს...ს“ მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა მოხდა 1 დღის დაგვიანებით, რაც განაპირობა ერთი მხრივ, უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ამოწურვის ბოლო დღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების თაობაზე არჩევანის გაკეთებამ, ხოლო მეორე მხრივ, ბანკის სამუშაო საათების ამოწურვის გამო სახელმწიფო ბაჟის ფიზიკურად გადახდის შეუძლებლობამ.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონისა და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის; ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით კანონისმიერი ვადისა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება სასამართლოს მიერ შესაძლებელია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა შეიძლება აღდგეს, თუ მხარე დაადასტურებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას - მხარის ბრალის გარეშე ხსენებულ ვადაში კონკრეტული ქმედების განხორციელების ობიექტურ შეუძლებლობას. ვადის საპატიო მიზეზით გაშვების დამადასტურებელი გარემოებების არსებობის მტკიცების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, მან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობა.
ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესახებ განჩინებით აპელანტ მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს და მის წარმომადგენელს შეეძლოთ საბანკო დაწესებულების დისტანციური მომსახურებით სარგებლობა და სახელმწიფო ბაჟის ელექტრონულად გადახდა. ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ შპს “ს...ს” წარმომადგენლის მიერ თანხის დაგვიანებით ჩარიცხვა წარმოადგენს ობიექტურად დამაბრკოლებელ გარემოებას, რის გამოც შეუძლებელი იყო სახელმწიფო ბაჟის სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში გადახდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ობიექტური შეუძლებლობა სახეზეა, როდესაც პირს უფლების გამოყენება მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შეუძლია. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტაცია ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე კომპანიის წარმომადგენლის პოზიციის დროულად ჩამოუყალიბებლობის თაობაზე ვერ მიიჩნევა ხარვეზის აღმოფხვრის დამაბრკოლებელ ობიექტურ და მხარის კონტროლს მიღმა არსებულ გარემოებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
აპელანტ მხარეს საპროცესო კანონმდებლობით გააჩნდა უფლება მიემართა სააპელაციო სასამართლოსთვის საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით. შპს “ს...ს” წარმომადგენელს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეეძლო ელექტრონულად ან ფოსტის მეშვეობით წარედგინა შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მხარემ ზემოაღნიშნული უფლება გამოიყენა.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული არგუმენტაცია და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილში განსაზღვრული რეგულირების შესატყვისი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ დასახელებული გარემოებები ვერ ადასტურებს სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის საპროცესო ვადაში წარდგენის შეუძლებლობასა და გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის სსკ-ის 65-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების არსებობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მას გაშვებული ვადა საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს “ს...მა” სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და არც საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსთვის, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო გასაჩივრებული განჩინება. ამდენად, შპს “ს...ს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ს...ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა