არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-248 (კს-26)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ლ-ე
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - საქმეში მესამე პირად ჩაბმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.2025 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეში მესამე პირის ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ლ-ემ 11.11.2024 წელს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.09.2024 წლის №... და 21.10.2024 წლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, კერძოდ ქ. ახალციხეში მდებარე 489 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ნ. ლ-ეის საკუთრების აღიარებისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მოპასუხისათვის დავალდებულება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 15.04.2025 წლის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.09.2024 წლის №... და 21.10.2024 წლის №... გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, ქ. ახალციხეში მდებარე 489 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ნ. ლ-ეის საკუთრების აღიარებისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიერ.
02.12.2025 წელს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ი. მ-ამ იშუამდგომლა საქმეში ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩაბმის შესახებ. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა წყალდაცვით ზონაში, განეკუთვნებოდა წყლის ფონდის მიწას და მდინარის ნაპირიდან დაშორებული იყო მხოლოდ 14 მეტრით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წყლის ფონდის მიწებზე ზედამხედველობას ახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტო, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება მათ ინტერესებსაც შეხებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.2025 წლის განჩინებით, შუამდგომლობა სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მესამე პირად ჩაბმის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვით, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების აღიარებას არ ექვემდებარება წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო კონკრეტულ საქმეში მონაწილეობდა მოპასუხე მხარედ, რომლის უფლებამოსილებასაც წარმოადგენდა დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის კატეგორიის დადგენა და მიწის ნაკვეთის წყლის სახელმწიფო ფონდთან მიკუთვნებადობის საკითხების გამორკვევა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესაძლებელია მოძიებული იქნეს დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები, თუმცა მხოლოდ ინფორმაციის გაცემა არ აქცევს შესაბამისი ინფორმაციის გამცემ ორგანოს სადავო ურთიერთობის მონაწილედ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააგენტოს უფლებამოსილება შემოიფარგლებოდა მხოლოდ კონკრეტულ ტერიტორიაზე წყალდაცვით ზოლში ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემით, შესაბამისი კანონით დადგენილი პარამეტრებისა და ნორმების ფარგლებში, ხოლო საკუთრების უფლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მოპასუხის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმეში მესამე პირად ჩაბმის საფუძველი არ არსებობდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.2025 წლის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ №... (22.01.2024 წელი) სარეგისტრაციო განცხადებით მიმდინარეობდა წარმოება ქ. ახალციხეში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 489 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობაზე ნ. ლ-ეის საკუთრების უფლების აღიარების მიზნით. აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების დროს დადგინდა ზედდება სახელმწიფოს საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან. ამასთან, მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ისეთ სარეგისტრაციო ბლოკში, სადაც მიწის რეფორმის ფარგლებში სარეფორმო კომისიის მიერ მიწის ნაკვეთები არ განკერძოებულა. ადგილზე დათვალიერების ფარგლებში გადაღებული ფოტოსურათებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ნაკვეთი უშუალოდ ესაზღვრება მდინარე ...ს (სიგრძე 64 კმ) და მიწის ნაკვეთი სააგენტოში დაცული მდინარის ფენიდან დაშორებულია 14 მეტრით. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ უძრავი ნივთი ხვდება მდინარის წყალდაცვით ზოლში, რაც გამორიცხავს თვითნებურად დაკავებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებას.
კერძო საჩივრის ავტორმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019 წლის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 378.1 მუხლის „ე.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი არის ისეთი მიწა, რომელზე საკუთრების უფლება აღიარებას არ ექვემდებარება, კერძოდ, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა, კერძოდ, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული სამართლებრივი რეგულაციებისა, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო რეესტრს დაევალა №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში სისტემურად აზომილ, 489 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ნ. ლ-ეის საკუთრების უფლების აღიარება.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 80.4 მუხლის თანახმად, წყლის სახელმწიფო მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 15.04.2025 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, გადაწყვეტილება შეიძლება დარჩეს აღუსრულებელი, უკეთუ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო არ დაეთანხმება სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებას, რამაც შესაძლოა გააუარესოს მესამე პირის სამართლებრივი მდგომარეობა/ინტერესები. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს უნდა მიეცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რათა დაიცვას თავისი უფლება უკანონო ხელყოფისაგან, მისმა მონაწილეობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის შედეგზე და მიღებულ იქნას განსხვავებული გადაწყვეტილება. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის დაკმაყოფილება და საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩაბმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის განხილვაში არა მხოლოდ მხარეების (მოსარჩელე, მოპასუხე), არამედ აგრეთვე მესამე პირების მონაწილეობის შესაძლებლობას. მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ ადმინისტრაციული სასამართლო პროცესის ფარგლებში მოახდინონ საკუთარი ინტერესების დაცვა და რეალიზება. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. სასკ-ის მე-16 მუხლი განასხვავებს პროცესში მესამე პირების მარტივ და სავალდებულო ჩაბმას, ჩაბმის ფორმის მიხედვით განისაზღვრება მესამე პირთა საპროცესო უფლება და ქმედუნარიანობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში მესამე პირთა ჩაბმისას სასამართლო აფასებს საქმის გარემოებებს, მესამე პირთა შესაძლო კავშირს სადავო სამართალურთიერთობასთან და მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე წყვეტს შესაბამისი საპროცესო სტატუსით საქმეში პირთა ჩაბმის საკითხს. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არა მხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი, ხოლო სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი არ არის სავალდებულო მოწვევის მესამე პირი, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე, ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული უზრუნველყოს ასეთი პირის საქმეში ჩართვა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავის ფარგლებში ნ. ლ-ე სადავოდ ხდის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა თანახმად, ნ. ლ-ეს უარი ეთქვა ქ. ახალციხეში მდებარე 489 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. სადავო აქტებში მითითებულია, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო სახელმწიფოს საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან, მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ისეთ სარეგისტრაციო ბლოკში, სადაც მიწის რეფორმის ფარგლებში სარეფორმო კომისიის მიერ მიწის ნაკვეთები არ განკერძოებულა, ამასთან, მიწის ნაკვეთი ხვდებოდა მდინარის წყალდაცვით ზოლში, ხოლო ყოველივე ზემოაღნიშნული გამორიცხავდა თვითნებურად დაკავებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებას. მოცემულ შემთხვევაში სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მესამე პირად ჩაბმის საფუძვლად მხარე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს წყალდაცვით ზონაში, განეკუთვნება წყლის ფონდის მიწას, რომელზეც ზედამხედველობას ახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტო, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, შესაძლოა საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინოს ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესებზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი მოწვევა ხორციელდება სასამართლო შეხედულების მიხედვით, თუმცა, როდესაც დავის საგნიდან გამომდინარე ცალსახად იკვეთება კონკრეტული პირის სამართლებრივი ინტერესი, სასამართლომ იმავე პროცესის ეკონომიურობისა და საქმის ყოველმხრივი განხილვის მიზნებიდან გამომდინარე უნდა გამოიყენოს მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და უზრუნველყოს მესამე პირის საქმეში მონაწილეობის შესაძლებლობა. სამართლებრივი ინტერესი სახეზეა, თუ მისაწვევი მესამე პირი მოსარჩელესთან ან მოპასუხესთან, ანდა ორივესთან, ან კი მხოლოდ დავის საგანთან ისეთ მიმართებაში იმყოფება, რომ მოსარჩელის ან მოპასუხის წაგებას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააუარესოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა (სუსგ 20.07.2022 წლის საქმე №ბს-432(კს-22)). ამდენად, მესამე პირის საქმეში ჩაბმის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს არა აბსტრაქტულ, არამედ რეალურ, კანონით დაცულ, პატივსადებ ინტერესს (სუსგ 08.05.2020 წლის საქმე №ბს-772(კს-19)).
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთის მდინარის წყალდაცვით ზოლში მდებარეობა არ გამხდარა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის (11.09.2024 წლის №... გადაწყვეტილება) საფუძველი. არ დასტურდება ადმინისტრაციულ წარმოებაში სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაწილეობა. მიწის ნაკვეთის წყალდაცვით ზოლში მდებარეობაზე უთითებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში და თავის მხრივ ეყრდნობა საქმეში დაცულ სიტუაციურ ნახაზს, რომლის მიხედვით მონიშნულ ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტის საზღვრები არ დგინდება, ხოლო სააგენტოში დაცული მდინარის ფენიდან ნაკვეთამდე უმოკლესი მანძილი შეადგენს 14 მეტრს. ამდენად, სააგენტო სადავო მიწის ნაკვეთის მდინარის წყალდაცვით ზოლში მდებარეობის დასადგენად იყენებს მასთან დაცულ მონაცემებს, რომელიც თავის მხრივ არაა სრულყოფილი და დაზუსტებას საჭიროებს. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთის წყალდაცვით ზოლში მდებარეობა არ არის უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და დავის არსებითად განხილვის ფარგლებში შესაფასებელი საკითხია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მდინარის წყალდაცვით ზოლში მდებარეობის დადგენის შემთხვევაშიც არ იკვეთება საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მესამე პირად ჩაბმის სამართლებრივი საფუძველი.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების აღიარებას არ ექვემდებარება წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად.
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად. წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს. წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქმიანობის ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით (კანონის 22.1 მუხ.). მსგავს დანაწესს ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 31.12.2013 წლის №440 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“, რომლის 6.2 მუხლის თანახმად, წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით. ამდენად, მითითებული ნორმატიული მოწესრიგების პირობებში აკრძალული არ არის წყალდაცვით ზოლში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება, ამასთან, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ უკეთუ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო არ გასცემს თანხმობას, წყალდაცვით ზოლში მოქცეულ მიწის ნაკვეთზე ვერ მოხდება კერძო პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ზემოთ დასახელებული ნორმატიული აქტები სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან მსგავსი თანხმობის აუცილებლობაზე ჩანაწერს არ ითვალისწინებს.
კერძო საჩივრის ავტორი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს „წყლის შესახებ“ კანონის 80.4 მუხლზე, რომლის თანახმად, წყლის სახელმწიფო მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წყლის სახელმწიფო მონიტორინგი წარმოადგენს წყლის ობიექტებში და ჩამდინარე წყლებში წყლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მდგომარეობაზე რეგულარული დაკვირვებისა და ინფორმაციის ანალიზის ერთიან სისტემას, რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება წყლისა და მისი ობიექტების მდგომარეობის შესახებ, მისი გარემოსთან (ბუნებრივ და ანთროპოგენულ) ურთიერთქმედების, წყლის რესურსების და მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასება, წყლის მავნე ზემოქმედების (წყალდიდობის, ღვარცოფის, მეწყერის და სხვა) პროგნოზირება და სხვა („წყლის შესახებ“ კანონის 80.1 მუხ.). ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ მიზანს და ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოლოგიური პროცესების და გარემოს (ატმოსფერული ჰაერი, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, ზღვა, ნიადაგი) ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის სისტემების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წყლის მდგომარეობაზე დაკვირვება, მონიტორინგი, ანალიზი და აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის გაცემა არ აქცევს მას განსახილველი სადავო ურთიერთობის მონაწილედ, შესაბამისად, არ ადასტურებს მოცემულ საქმეში მისი მესამე პირად ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობის საფუძვლიანობას. სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მოპასუხის უფლებამოსილებას განეკუთვნება, ამასთან, არ დასტურდება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საკუთრების ან სხვა რაიმე უფლების არსებობა სადავო მიწის ნაკვეთზე ან მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მესამე პირების კონკრეტული სტატუსით ჩაბმის უმთავრესი მიზანი აღნიშნულ პირთა ინტერესების დაცვაა. მართალია, პროცესში მესამე პირის ჩართულობა ხელს უწყობს სამართალწარმოებაში მხარეთა აქტიურ მონაწილეობას, აგრეთვე, სასამართლოს მიერ დავის მართებულ გადაწყვეტას, თუმცა მესამე პირის ჩაბმის საჭიროების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება არა სამართალწარმოების რომელიმე მხარის უშუალო დაინტერესება პროცესში მესამე პირის მონაწილეობასთან მიმართებით, არამედ ის, თუ რამდენად არსებობს სწორედ აღნიშნული მესამე პირის მხრიდან კონკრეტულ დავასთან მიმართებით დაცვის ღირსი რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესები (სუსგ 02.10.2023 წლის საქმე №ბს-113(2კ-კს-23)). მოცემულ შემთხვევაში დავის საგნისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ იკვეთება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მესამე პირად ჩაბმის წინაპირობები. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მესამე პირის სტატუსით საქმეში ჩაბმა განპირობებული უნდა იყოს ამ პირის კანონიერი ინტერესით და დავის საგანთან შემხებლობით, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.2025 წლის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.2025 წლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე