შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
3კ/390 13 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: ძირითად სარჩელში _ ზიანის ანაზღაურება, შეგებებულ სარჩელში _ გრაფიკული გამოსახულების გამოყენების აკრძალვისა და ფულადი კომპენსაციის მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს «გ. ვ-ს» რედაქტორმა ი. ნ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ბ-ანის მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის _ 2000 ლარის ანაზღაურებისა და გაზეთ «ზ. პ-ის» გამოშვების აკრძალვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1996წ. 18 დეკემბერს სასამართლოში რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიისა და თბილისის საქალაქო კომიტეტის ბეჭდვითი ორგანო «გ. ვ.». 1999წ. 2 მარტს, გაზეთის რედაქციასთან შეუთანხმებლად, მოპასუხემ დაარეგისტრირა ინდივიდუალური მეწარმე «გ. ბ-ანი _ ზ. პ-ი». მსგავსი შრიფტის, ასოთა განლაგებისა და სათაურის გამოყენებით გ.ბ-ანმა ზიანი მიაყენა რედაქციას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მორალური და მატერიალური კომპენსაციის სახით 500 ლარის ანაზღაურება, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიისა და ი. ნ-ძისათვის «ზ. ვ-ს» სახელწოდებისა და გრაფიკის მთლიანი და ნაწილობრივი გამოყენების შეზღუდვა იმ მოტივით, რომ «ზ. პ-ის» სახელწოდებით სარგებლობის ექსკლუზიური უფლება ეკუთვნოდა ინდივიდუალური საწარმო «გ. ბ-ანი _ გაზეთ ზ. პ-ს».
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარეო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ნ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ინდივიდუალური საწარმო «გ. ბ-ანი _ გაზეთ ზ. პ-ის» შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «გაზეთ ზ. ვ-ს» გაზეთის გამოშვებისას გრაფიკული გამოსახულების _ «ზ. ვ-» შემდგომი გამოყენება აეკრძალა.
საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება «ზ. ვ-ს» რედაქტორმა ი. ნ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 18 აგვისტოს განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა სხვა სამოქალაქო საქმის _ შპს «გ. ვ-ს» სარჩელის გამო მოპასუხე «საქპატენტისა» და გ. ბ-ანის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ წარმოების დამთავრებამდე.
შპს «ზ. ვ-ს» დირექტორმა ი. ნ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მიუთითა, რომ სამოქალაქო დავა, რომლის განხილვამდეც მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა, დასრულდა მხარეთა მორიგებით, ამდენად, საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი აღარ არსებობდა. 2003-2004 წლებში კი მოპასუხე გ. ბ-ანი გარდაიცვალა. ამდენად, განსახილველ საქმეზე იურიდიული ინტერესის დაკარგვის გამო, ი.ნ-ძემ საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ შპს «გ. ვ-ს» საკასაციო საჩივრის გამო საქმის წარმოება უნდა განახლდეს, ხოლო შემდეგ შეწყდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო შემდეგი საფუძვლებით:
სსკ-ის 283-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით.
Mმოცემულ შემთხვევაში შპს «გ. ვ-ს» დირექტორი ი. ნ-ძის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება შპს «გ. ვ-ს» სარჩელის გამო, მოპასუხე «საქპატენტისა» და გ. ბ-ანის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სამოქალაქო დავის განხილვამდე. კასატორის განმარტებით, აღნიშნული საქმე დასრულდა მხარეთა მორიგებით, ამდენად, საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, რის გამოც წარმოება უნდა განახლდეს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს «გ. ვ-ს» საკასაციო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია, სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე უფლებამოსილია უარი თქვას თავის საკასაციო საჩივარზე. მოცემულ შემთხვევაში შპს «გაზეთ ზ. ვ-ს» დირექტორმა ი. ნ-ძემ საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა, რაც სსკ-ის 272-ე მუხლის «გ” პუნქტით ხსენებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე მუხლის «გ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შეწყდეს წარმოება შპს «გ. ვ-ს» საკასაციო საჩივარზე, საქმეზე _ შპს «გ. ვ-ს» სარჩელის გამო ინდივიდუალური მეწარმე «გ. ბ-ანი _ გაზეთ ზ. პ-ის» მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ასევე ამ უკანასკნელის შეგებებული სარჩელის გამო შპს «გ. ვ-ს» მიმართ გრაფიკული გამოსახულების გამოყენების აკრძალვისა და ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.