გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1027-1288-05 1 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),l. გოჩელაშვილი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 12 სექტემბერს თ. დარჩიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ც. კ. ს.“ დირექტორ დ.ჩ-ის მიმართ სადეკრეტო შვებულებიდან სამუშაოზე დაბრუნების თაობაზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1990 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების .... თანამდებობაზე. 2001 წლის 22 ოქტომბერს გავიდა სადეკრეტო შვებულებაში, ხოლო 2001 წლის 25 ოქტომბერს შეეძინა ქალიშვილი. მოსარჩელემ 2004 წლის 16 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს „ო. ც.-კ. ს.“ დირექტორ დ. ჩ-ეს სადეკრეტო შვებულებიდან დაბრუნების თაობაზე, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ჯანმრთელობის დაცის შესახებ კანონის 154-ე მუხლის თანახმად, „სამედიცინო პერსონალს ეკრძალება დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალისტის სერტიფიკატის გარეშე.”
მოსარჩელემ განაცხადა, რომ დაირღვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 164-ე მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ აკრძალულია სამუშაოზე მიღებისას ქალებისათვის უარის თქმა და მოითხოვა მისი სადეკრეტო შვებულებიდან სამუშაოზე დაბრუნება.
სასამართლოში სარჩელის განხილვამდე თ.დარჩია შპს „ც. კ. ს.“ დირექტორ დ.ჩ-ის 2004 წლის 24 დეკემბრის ¹16 ბრძანებით დაბრუნებულ იქნა სადეკრეტო შვებულებიდან, ხოლო 27 დეკემბერს ¹17 ბრძანებით შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ შეცვალა დავის საგანი და საფუძველი და მოითხოვა შპს „ო. ც. კ. ს.“ ადმინისტრაციის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹17 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებამდე და განაცდურის ანაზღაურება თვეში 22 ლარის ოდენობით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით თ. დარჩიას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს „ო. ც. კ. ს.“ დირექტორის 2004 წლის 24 დეკემბრის ¹17 ბრძანება თ. დ-ასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამუშაოზე შპს „ო. ც. კ. ს.“ რეანიმაციის განყოფილების .... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 2004 წლის 24 დეკემბრიდან გადაწყვეტილების გამოტანის დღემდე თვეში საშუალოდ 22 ლარის ოდენობით; თ. დ-ას უარი ეთქვა სერტიფიკატის მოპოვებამდე სამუშაოზე აღდგენის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო შპს „ო. ც. კ. ს.“ ადმინისტრაციას დაევალა სახელმწიფო სერტიფიკატის არმქონე სამედიცინო პერსონალის განთავისუფლებისას შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების უზრუნველყოფა და დაწესებული გარანტიების სრული დაცვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თ.დარჩიას წარმომადგენელმა გ. დ-ამ სააპელაციო საჩივარი არ ცნო და შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც თ.დარჩიას უარი ეთქვა სერტიფიკატის მოპოვებამდე სამუშაოზე აღდგენაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ო. ც. კ. ს.“ დირექტორ დ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო თ.დარჩიასა და მისი წარმომადგენელ გ.დ-ას შეგებებული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ.დარჩიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თ. დ-ა სადეკრეტო შვებულებაში 2001 წლის ოქტომბერში გავიდა შპს „ო. ც. კ. ს.“ რეანიმაციის განყოფილების .... თანამდებობიდან, შვილი შეეძინა იმავე წლის 24 დეკემბერს, ხოლო სადეკრეტო შვებულებიდან დაბრუნებაზე, 2004 წლის 17 ნოემბერს, უარი ეთქვა, იმ მოტივით, რომ არ გააჩნდა სპეციალისტის სათანადო სერტიფიკატი. მას შემდეგ, რაც თ.დარჩიამ მიმართა სასამართლოს სარჩელით შრომის კანონთა კოდექსის 164-ე მუხლით, სამი წლის ასაკამდე ბავშვების დედებისათვის მინიჭებული უფლების მის მიმართ დარღვევის თაობაზე, იგი 2004 წლის 24 დეკემბრის ბრძანება ¹16-ით შვებულებიდან სამუშაოზე დაუშვეს, ხოლო იმავე წლის 27 დეკემბერს ბრძანება ¹17-ით გაათავისუფლეს სამუშაოდან იმ საფუძვლით, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 154-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, არასამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალს, 2002 წლის პირველი იანვრიდან აეკრძალა დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალური სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე.
შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, თუ გამოვლინდა, რომ მუშაკი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას ან შესასრულებელ სამუშაოს არასაკმარისი კვალიფიკაციის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საწარმოს ადმინისტრაციას შეუძლია ვადამდე შეწყვიტოს მასთან შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი).
სასამართლომ მიუთითა, რომ თ.დ-ას სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ დაშვებული ბრძანება ¹17-ის მიღება, აპელანტის მხარის მტკიცებით, კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარეობდა და კანონიერი იყო. სპეციალური სამედიცინო სერტიფიკატის მიღების აუცილებლობა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მაგრამ ჩათვალა, რომ თ.დარჩია სამუშაოზე უნდა აღედგინათ აღნიშნული სერტიფიკატის მოპოვებამდე, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ თ.დარჩია სამუშაოდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ წინასწარ უნდა გაფრთხილებულიყო. შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ მუშაკს წინასწარ ეცნობება იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოდან განთავისულება გამოწვეულია საწარმოს ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებით. რაც შეეხება ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრულ დროში ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას, აღნიშნულის შესახებ მუშაკის წინასწარ გაფრთხილებას შრომის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თ.დ-ას სამუშაოდან განთავისუფლება წინასწარ იყო შეთანხმებული პროფკავშირთან აღნიშნული და, შესაბამისად, მისი დამადასტურებელი ოქმი შედგენილი იყო მთელი რიგი ხარვეზებით, მაგრამ მოპასუხე მხარემ მისი ბათილად ცნობის მოთხოვნა სასარჩელო წესით არ დააყენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ თ. დ-ას სასარჩელო მოთხოვნა – სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ დაშვებული ბრძანების ბათილად ცნობის, საპეციალური სერტიფიკატის მოპოვებადე მისი აღდგენისა და გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ თ.დ-ას წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეცვალა სარჩელის საგანი და საფუძველი, თანაც ზეპირსიტყვიერად და სასამართლოს აღნიშნული სარჩელი უნდა ეცნო დაუშვებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ვინაიდან მოპასუხე მხარე ასეთი ცვლილებების თანახმა არ იყო. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის დასაშვებობა სადავო გახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ.დ-ამ და მისმა წარმომადგენელმა გ.დ-ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია და შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. თ.დ-ამ აღნიშნა, რომ იგი უკანონოდ იყო განთავისუფლებული სამუშაოდან, რადგან იგი ერთი თვით ადრე არ იყო გაფრთხილებული სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და საქმეში არ არსებობს შეტყობინება მისი ხელმოწერით, რითაც დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლი.
საკასაციო საჩივრის ავტორების აზრით, მართალია, „ჯანდაცვის შესახებ“ კანონის 154-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე სამედიცინო საქმიანობის უარყოფას, მაგრამ მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სერტიფიკატი ვერ აიღო, კერძოდ, სადეკრეტო შვებულებაში ყოფნის პერიოდში და შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გამოცდა არ დანიშნულა.
კასატორებმა მიუთითეს, რომ 2005 წლის 30 ივნისს თ.დ-ამ ჩააბარა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და ამჟამად აქვს სერტიფიკატი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თ.დ-ამ და მისმა წარმომადგენელმა გ.დარჩიამ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ თ. დ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ხოლო ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილით, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონდარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლი და მიუთითა, რომ თ.დ-ას სამუშაოდან განთავისუფლება კანონიერია, იგი არ უნდა გაეფრთხილებინათ სამუშაოდან მოსალოდნელი განთავისუფლების თაობაზე, რადგან აღნიშნული ნორმის თანახმად, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკს წინასწარ ეცნობება იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოდან განთავისუფლება გამოწვეულია საწარმოს ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებით. აღნიშნული ნორმა არეგულირებს მუშაკის განთავისუფლების საფუძველსა და წესს. პალატა მიუთითებს, რომ ამ ნორმის ასეთი ინტერპრეტაცია არასწორია, რადგან 422-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ უნდა ეცნობოს მუშაკს პერსონალურად ორი თვით ადრე მაინც. აღნიშნული შეტყობინება მუშაკმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. ეს მუხლი არ ითვალისწინებს სხვა რაიმე დათქმას, რომელიც საშუალებას იძლეოდეს ნორმის ისეთი განმარტებისა, როგორც მას სააპელაციო სასამართლოს მისცა. ამდაგვარი განმარტება შეესაბამება ამავე მუხლის მეორე ნაწილს, რომელიც არეგულირებს მუშაკთა მასობრივი გათავისუფლების წესს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის დროს. ამ ნორმის თანახმად, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის დროს საწარმოს დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია ან სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია ორი თვით ადრე მაინც აცნობოს შრომით მოწყობის ორგანოს მუშაკთა მასობრივი განთავისუფლების შესახებ, მათი სპეციალობისა და კვალიფიკაციის მითითებით. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლეს მოპასუხე ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თ.დარჩიას 2 თვით ადრე ეცნობა თუ არა მოსალოდნელი განთავისუფლების თაობაზე კანონით დადგენილი წესით. ამასთან, სასამართლომ შეამოწმოს მხარეს წარდგენილი აქვს თუ არა გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. დ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაპციო პალატის 2005 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.