გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2006
საქმის ნომერი
ას-105-545-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.09.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ას-105-545-06 27 სექტემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)‚

ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზრაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. შ-შვილმა სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში სს „ს. ... ე-ის“ მიმართ ხანძრით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. სარჩელის თანახმად, 2002წ. 22 დეკემბერს, გორის რაიონის ... , მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა ხანძარი, რომელიც წარმოიშვა „ივრიტას“ ძრავის ტელევიზორის კვების ბლოკის ტრანსფორმატორის კოჭის დახვევაში მოკლე ჩართვისაგან ელექტროქსელში მაღალი ძაბვის მიწოდების შედეგად.

2002წ. 22 დეკემბერს ... ელექტრო გამნათებელ ქსელში მუდმივად ხდებოდა ძაბვის მკვეთრი ცვლილება, რის შედეგადაც მოხდა ტელევიზორის აალება. ხანძრის წარმოქმნის მომენტში სახლში იმყოფებოდა მოსარჩელის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ისინი უყურებდნენ ტელევიზორს, სამი წ. და ექვსი თვის თ. შ-შვილი ემსხვერპლა ხანძარს.

მოსარჩელემ მოითხოვა ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურება 86 750 ლარის ოდენობით. მოპასუხემ, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნები არ არის დადასტურებული სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად; საქმის მასალებით არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, არასრულყოფილია ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან ექსპერტი მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის არსებობას ამტკიცებს წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებით, რომლებიც არ ჩაითვლება მტკიცებულებებად, ექსპერტიზის მიერ არ მომხდარა ელექრომრიცხველის შესწავლა, სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული აუდიტის დასკვნა, ვინაიდან მიყენებული ზარალის ოდენობის განსაზღვრისას აუდიტს თვითონ არ უნახავს დამწვარი ნივთები და ის დაეყრდნო დაზარალებულთა განმარტებებს.

გორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ სს „ს. ... ე-ის» გორის ფილიალს დაეკისრა 4500 ლარის გადახდა გ. შ-შვილის სასარგებლოდ.

გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ. შ-შვილმა სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. შ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით გ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ს. ... ე-ას“ დაეკისრა გ. შ-შვილის სასარგებლოდ ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის 36 750 ლარის, დაკრძალვის ხარჯების 2000 ლარის და მორალური ზიანის 10000 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის მე-1000 მუხლის პირველი ნაწილით რომლის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიერებიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული ნაგებობის ან ნივთის მფლობელი, ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. ... ე-ამ“. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სს «ს. ... ე-ისათვის» მატერიალური და მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები“, სკ-ის მეოთხე კარი, 415-ე და 1012-ე მუხლები, ასევე, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა _ სკ-ის 409-ე, 413-ე და 1000-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს საქმეში არსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტის დასკვნა მტკიცებულებად არ უნდა შეეფასებინა. სსკ-ის 134-ე მუხლი განსაზღვრავს წერილობითი მტკიცებულების ცნებას. მითითებული ნორმის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ვინაიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტის დასკვნა შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე იგი უნდა ჩაითვალოს წერილობით მტკიცებულებად და უნდა შეფასდეს სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული მტკიცებულება შეფასებულია სასამართლოს მიერ და საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას აღნიშნულთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში თუ კასატორი არ იზიარებდა ექსპერტის დასკვნას მას შეეძლო სააპელაციო სასამართლოს წინაშე დაეყენებინა შუამდგომლობა სსკ-ის 162-ე-176-ე მუხლების შესაბამისად ექსპერტიზის დასანიშნად. სააპელაციო სასამართლოში ასეთი შუამდგომლობა დაყენებული არ არის ანუ არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც უარყოფილი იქნებოდა ექსპერტიზის დასკვნის შედეგები. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც ტელევიზორი ხანძრის მომენტისათვის იყო ჩართული შეუძლებელია იმსჯელოს იმის თაობაზე, რომ იგი არ იყო მუშა მდგომარეობაში.

კასატორი ასევე არ უთითებს, თუ რატომ არ ჰქონდა უფლება ექსპერტს, ეხელმძღვანელა მოკვლევის მასალებით ან კანონის რომელი ნორმა იქნა დარღვეული მის მიერ. ასევე არაა მითითებული თუ რაში შეიძლებოდა გამოხატულიყო დაზარალებულის ბრალი მომხდარში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს ექსპერტის დასკვნასთან მიმართებაში.

რაც შეეხება აუდიტის შეფასებაში მითითებულ ნივთებს თითოეული მათგანი წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ნივთებს რაც აუცილებელია ადამიანთა ნორმალური არსებობისათვის. კასატორს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა აუდიტის დასკვნაში მითითებულ ამ ნივთთა შეფასებებს. იგივე უნდა ითქვას საჯარო რეესტრის ჩანაწერის თაობაზეც. იმ შემთხვევაში, თუ მხარე სადაოდ ხდიდა დამწვარი სახლის გ.შ-შვილისათვის კუთვნილების საკითხს, მხარეს შეეძლო დაეყენებინა მოთხოვნა სასამართლოს წინაშე საჯარო რეესტრის მონაცემების გამოთხოვის თაობაზე. ასეთი შუამდგომლობა სასამართლოში არ დაყენებულა და ბუნებრივია ვერ იქნება გაზიარებული კასატორის ეს არგუმენტიც.

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სკ-ის მე-1000 მუხლი. აღნიშნულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება დასაშვებია არა მხოლოდ ელ.გადამცემი ხაზების ავარიით, არამედ დიდი ძაბვის ენერგიის მიწოდებისას ხანძრის გამოწვევის შემთხვევაშიც.

რაც შეეხება სკ-ის 413-ე მუხლის გამოყენების საკითხს პალატა იზიარებს კასატორისარგუმენტს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა ეს ნორმა. მითითებული ნორმის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობა მორალური ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს და ვერც სააპელაციო სასამართლო უთითებს მუხლს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მომხდარი ზიანის ანაზღაურება. სკ-ის 413-ე მუხლის თანახმად, განსახილველი გარემოების საფუძველზე მორალური ზიანის ანაზღაურება ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში არსებულ პრაქტიკას.

პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სს „ს. ... ე-ისთვის“ 10000 ლარის მორალური ზიანის სახით დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის410-ე 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

სს „ს. ... ე-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და გ. შ-შვილის სარჩელის ამ ნაწილში უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.