დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 13.07.2006
საქმის ნომერი
ას-1061-1313-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1061-1313-05 13 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გ-შვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. თოდრია,რ. ნადირიანი

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონების მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 16 ივლისს ჟ. ლ-ძემ სარჩელი აღძრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ი. გ-ძისა და ლ. გ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი ოჯახით ცხოვრობს ქ.თბილისში, ... ქუჩის პირველი გასავლის ¹14-ში და ამავე მისამართზე მცხოვრებ მოპასუხეებთან ერთად საერთო სარგებლობის უფლება გააჩნია 525 კვ. მეტრ საეზოვე მიწის ნაკვეთზე. სამივე ოჯახის უფლება საეზოვე ნაკვეთზე და იქ განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე განისაზღვრა ქ.თბილისის ყოფილი ოქტომბრის რაიონის სახალხო სასამართლოს 1977წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით, რომლითაც მოსარჩელეს მემკვიდრეობის წესით მიეკუთვნა მამკვიდრებელ დ. გ-ვას სახელზე რიცხული მთლიანი სახლთმფლობელობის იდეალური 1/2, ხოლო მოპასუხეებს _ მამკვიდრებელ ი. გ-ვის სახელზე აღრიცხული სახლთმფლობელობის დანარჩენი ნახევრის 1/2-1/2 თითოეულს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იდეალური წილის შესაბამისად, მას ეკუთვნის 262 კვ.მეტრი საეზოვე მიწის ნაკვეთი, მაგრამ იგი მას ფაქტობრივად ვერ იყენებს, ვინაიდან მისი კუთვნილი ფართი ცალკე არ არის გამიჯნული. ამასთან, მოპასუხე ი.გ-ძეს მის კუთვნილ ნაწილში უკანონოდ აქვს აშენებული გარაჟი და საგაზაფხულო ღია აივანი, მას კი დაუტოვეს მხოლოდ პატარა ბილიკი ქუჩაში გასასვლელად.

მოსარჩელემ მოითხოვა სკ-ის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეებთან მიწაზე საზიარო უფლების გაუქმება წილის ნატურით გამოყოფით და მოპასუხე ი.გ-ძის კუთვნილი ღია აივნის დანგრევა.

მოპასუხე ი.გ-ძემ წარმოდგენილ შეპასუხებაში არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ 1905წ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მთლიანი სახლთმფლობელობა ნაგებობებითა და მიწის ნაკვეთით ეკუთვნოდა მის ბებიას _ ს. გ-ვას. ს. გ-ვამ აღნიშნული ქონება 1918წ. 26 მარტს ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა შვილს, ი. გ-ძის მამას _ ო. გ-ვს; 1954 წელს სახლმფლობელობის ნახევარი სამემკვიდრეო მოწმობით უკანონოდ მიიღო დ. გ-ვამ და ეს ქონება ამჟამად ასევე უკანონოდ აქვს გადაცემული მოსარჩელე ჟ.ლ-ძეს. მოპასუხემ მიუთითა, რომ სარჩელის აღძვრის შემდგომ მისთვის ცნობილი გახდა იმ სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზეც, რომლითაც 1977 წელს ჟ.ლ-ძეს მიეკუთვნა დ. გ-ვას დანაშთი ქონება. ასევე სარჩელის აღძვრის შემდეგ მან სახლის სხვენში აღმოაჩინა ს. გ-ვასა და მის მამას _ ო. გ-ვს შორის არსებული ჩუქების ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, ი.გ-ძეს მიაჩნია, რომ ჟ. ლ-ძე უკანონოდ ფლობს სადავო სახლის 1/2-ს.

ი.გ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხეების ჟ.ლ-ძის, ქ.თბილისის ყოფილი პირველი სანოტარო კანტორისა და მესამე პირების _ ლ.გ-შვილისა და ქ.თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის მიმართ და მოითხოვა დ. გ-ვას სახელზე გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის ბათილად ცნობა, ტექაღრიცხვის სამსახურის ჩანაწერების გაუქმება, სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადის აღდგენა და სადავო სახლთმფლობელობის ერთადერთ მემკვიდრედ ცნობა. ი.გ-ძემ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 56-ე მუხლსა და საქართველოს სსრ 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე და 557-ე მუხლებზე.

ამავე საქმეზე რაიონულ სასამართლოს დამოუკიდებელი სარჩელით მიმართეს მესამე პირებმა, ლ. გ-შვილმა და ა. მეგრელიშვილმა ჟ.ლ-ძის, ი.გ-ძისა და ლ. გ-შვილის მიმართ და მოითხოვეს მემკვიდრეთა მესაკუთრედ ცნობა და სამკვიდრო ქონებაში წილის განსაზღვრა. მათი განცხადებით, მიწის ნაკვეთი, რომლებზედაც მხარეები დავობენ, ეკუთვნოდა პაპამისს _ ი. გ-ვს. მათ გზის მომიჯნავე 100 კვ.მ თავისუფალ ფართზე ააშენეს 60 კვ.მ ბინა, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მესამე პირთა სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მათ მიერ აშენებულ სახლზე მესაკუთრედ ცნობა, წილის განსაზღვრა და ლ. გ-შვილისათვის მემკვიდრეობის წესით სადავო სახლთმფლობელობიდან რეალური წილის გამოყოფა.

2003წ. 10 თებერვლის განჩინებით დაინიშნა სასამართლო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სარჩელს, შეგებებულ სარჩელსა და მესამე პირების სარჩელს.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.გ-ძემ, ლ. გ-შვილმა და ა. მეგრელიშვილმა, ხოლო ჟ. ლ-ძემ შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივლისის განჩინებით კვლავ დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის განჩინებით ძალაში დარჩა რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. თბილისში ... ¹14-ში მდებარე სადავო ფართის 1/2 ირიცხება ჟ. ლ-ძის სახელზე, ხოლო 1/2 _ ლ. გ-შვილისა და ი. გ-ძის სახელზე;

ამასთან, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჟ.ლ-ძის მოთხოვნა სადავო ფართის რეალურად გაყოფისა და ღია აივნის მოშლის თაობაზე საგნის ღირებულების შემცირების გარეშე, შეუძლებელია და რაიონულმა სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია ხანდაზმულად ი. გ-ძის შეგებებული სარჩელი 1954წ. 16 იანვრის სამემკვიდრეო მოწმობის ბათილად ცნობის, მთელ სახლზე მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდრო ვადის გაგრძელების თაობაზე. პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 1975წ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ი.გ-ძისა და ლ.გ-შვილის ½1\2-ზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე ი.გ-ძისთვის ცნობილი იყო 1975 წლიდან და იგი სადავოდ არ გაუხდია 2002 წლამდე, რის გამოც მას გაშვებული აქვს კანონით დადგენილი გასაჩივრების 3-წლიანი ვადა, რაც სარჩელზე ხანდაზმულობით უარის თქმის საფუძველია.

რაც შეეხება ლ. გ-შვილის მოთხოვნას სადავო მიწის ნაკვეთზე აშენებული 60 კვ.მ. ბინის მესაკუთრედ ცნობის, ასევე, საერთო ეზოდან მის მიერ შემომატებული მიწის ნაკვეთის 100 კვ.მ-ისა და მამაპაპეული სახლიდან რეალური წილის გამოყოფის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 60 კვ.მ ბინა, უკანონო ნაგებობას წარმოადგენს, ხოლო ნაკვეთის გაყოფა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეუძლებელია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ძემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილებით მისი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი, სასამართლოს მიერ აგრეთვე არასწორად არის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან უფლების დარღვევის შესახებ მისთვის ცნობილი იყო არა 1975 წლიდან, არამედ 2002 წლიდან, სწორედ იმ დროიდან, როდესაც მან სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და ერთადერთ მემკვიდრედ აღიარების მოთხოვნით და ამიტომ, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის ათვლაც 2002 წლიდან უნდა მოხდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით და გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

დადგენილია, რომ სადავო სახლთმფლობელობა ... ქუჩის პირველი გასავლის ¹14-ში 1905 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ს. გ-ვამ, რომელიც მან 1918წ. 26 მარტს ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა ვაჟიშვილს _ ო. გ-ვს, ი. გ-ძის მამას, რომელიც არ იყო წარდგენილი ტექინვენტარიზაციის ბიუროში და არ მოჰყოლია სამართლებრივი შედეგი, დადგენილია ასევე, რომ 1940 წელს განხორციელებული ინვენტარიზაციის დროს სახლი აღირიცხა ო. გ-ვისა და ს. გ-ვას მეუღლის დარჩო გ-ვის სახელზე. დადგენილია, აგრეთვე, რომ ქ.თბილისის ოქტომბრის რაიონის სახალხო სასამართლოს 1977წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით დ. გ-ვას (დარჩო გ-ვის მეუღლე მეორე ქორწინებიდან) მემკვიდრეს ჟ. ლ-ძეს მიეკუთვნა მთლიანი სახლთმფლობელობის 1/2, ხოლო ლ. გ-შვილსა და ი. გ-ძეს მიეკუთვნათ თანაბარწილად დარჩენილი სახლთმფლობელობის 1/2, რომელიც ო. გ-ვზე ირიცხებოდა;

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, ის ფაქტი, რომ ი.გ-ძემ 2002 წელს შეიტყო დარღვეული უფლების შესახებ და სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება და მისცა მას არასწორი სამართლებრივი შეფასება, საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორმა 1975 წელს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა, რათა მამის სახელზე რიცხული სახლი თავის სახელზე გადაეფორმებინა, რაც უდავოდ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ი. გ-ძემ იცოდა, რომ სახლის მეორე მესაკუთრე ჟ. ლ-ძე იყო. ი.გ-ძეს სახლის ნაწილის დ. გ-ვაზე აღრიცხვის ფაქტის სადავოდ გახდის უფლებაც სწორედ ამ დღიდან წარმოეშვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოთმითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ ი.გ-ძეს სწორად უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ვინაიდან სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად (1964 წ.), უფლების დაცვის საერთო ვადა განისაზღვრება სამი წლით. ი.გ-ძისთვის კი მისი დარღვეული უფლების შესახებ ცნობილი იყო 1975 წლიდან. ამავე კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად კი სარჩელის წარდგენამდე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი.გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება