გაუქმდა და შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1071-1309-05 7 მარტი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ა-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-შვილის მიმართ 2003წ. 5 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2003წ. 5 ივნისს მის‚ აწ გარდაცვლილ მეუღლე ო. გ-შვილსა და გ. გ-შვილს შორის გაფორმდა ქ. თბილისში, ... 27-ე კორპუსში მდებარე ¹37 საცხოვრებელი ბინის ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავდა ხანდაზმულ მეუღლეთათვის სამისდღეშიო რჩენას. მ.ა-ძის მითითებით, სკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, სადავო გარიგება ბათილია ხოლო ამავე კოდექსის 949-ე მუხლის მიხედვით, გ. გ-შვილის მხრიდან მატერიალური დახმარების აღმოუჩენლობის გამო, მოსარჩელემ უარი განაცხადა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე.
მოპასუხე გ. გ-შვილმა სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის რაიმე საფუძველი არ არსებობდა, ამასთან, იგი ყოველგვარი ანგარების გარეშე უწევდა ბიძა-ბიცოლას მატერიალურ დახმარებას.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ა-ძის სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა მ. ა-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი. ბათილად იქნა ცნობილი 2003წ. 5 ივნისის ჩუქების ხელშეკრულება და საჯარო რეესტრს დაევალა ...ის ¹27 კორპუსში მდებარე ¹37 საცხოვრებელი ბინის ო. გ-შვილის სახელზე აღრიცხვა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. ა-ძე და გარდაცვლილი ო. გ-შვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1962წ. 13 მარტიდან. 2003წ. 5 ივნისს თბილისში, ...ის ¹27-ე კორპუსში მდებარე საცხოვრებელი ბინა ¹37 ო. გ-შვილმა გადასცა ჩუქების ხელშეკრულებით თავის ძმიშვილს _ გ. გ-შვილს. სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია მოწმეთა ახსნა-განმარტებები და მოსარჩელის მტკიცება, რომ ო. გ-შვილს, მ. ა-ძესა და გ. გ-შვილს შორის მართლაც არსებობდა მოლაპარაკება სამისდღეშიო რჩენის შესახებ, რომლის სანაცვლოდ დაიდო ჩუქების ხელშეკრულება. ამ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მ.ა-ძე ჩუქების ხელშეკრულების შემდეგ აღნიშნულ ბინაში ცხოვრებას განაგრძობდა. სააპელაციო პალატამ ასევე დაასკვნა, რომ მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებით დაიფარა სხვა გარიგება, რაც, სკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარიგების ბათილობის საფუძველია. დამატებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნორმები.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება გ. გ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: საკასაციო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სკ-ის 56-ე მუხლით და მცდარად მიიჩნია სადავო ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებად. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სკ-ის 942-ე მუხლის მოთხოვნები, რომელიც იმპერატიულად მოითხოვს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადებას წერილობითი ფორმით და სანოტარო დამოწმებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
საკასაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:
1. ქ.თბილისში, ... ბინა ¹13 ერთობლივად გაიყიდოს მორიგების დადების დღიდან ექვსი თვის ვადაში;
2. გაყიდვით მიღებული თანხა მხარეებს შორის განაწილდეს თანაბრად;
3. ექვსთვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში ბინა გაიყიდოს აუქციონის წესით, ხოლო თანხა განაწილდეს მხარეთა შორის თანაბარწილად;
4. მორიგების აქტის დადების დღიდან მხარეთა შორის ყოველნაირი ურთიერთობები შეწყვეტილია.
სასამართლოს მიერ მხარეებს განემარტათ, რომ ამ მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
სსკ-ის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე, 273-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება გ. გ-შვილსა და მ. ა-ძეს შორის სამოქალაქო საქმეზე მ. ა-ძის სარჩელის გამო გ. გ-შვილის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე შემდეგი პირობებით:
1. ქ.თბილისში, ... ბინა ¹13 ერთობლივად გაიყიდოს მორიგების დადასტურებიდან ექვსი თვის ვადაში;
2. ბინის გაყიდვით მიღებული თანხა მხარეებს შორის განაწილდეს თანაბრად;
3. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქ.თბილისში, ... ბინა ¹13 გაიყიდება აუქციონზე და თანხა მხარეთა შორის განაწილდება თანაბრად.
შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე მ. ა-ძის სარჩელის გამო გ. გ-შვილის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა სასამართლოს გადაწყვეტილება.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.