დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-1087-1335-04 17 თებერვალი, 2005 წ.,ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ქ. გაბელაია
დავის საგანი: კარის ღიობების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „.. ..მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ნ. და ა. ა-ების მიმართ და მოითხოვა თვითნებურად მოწყობილი კარის ღიობების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა შემდეგნაირად დაასაბუთა: 1998 წელს მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეებს თავიანთ კუთვნილ საცხოვრებელ სახლში თვითნებურად აქვთ მოწყობილი კარის სამი ღიობი, საიდანაც აწარმოებენ სავაჭრო საქმიანობას. აღნიშნული კი ხელს უშლის მათ სამეწარმეო საქმიანობაში.
მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სადავო კარის ღიობების დაკანონება ქ. ქუთაისის მერიის 1993წ. 1 ივლისის ¹1/75 უნებართვო მშენებლობის დაკანონების შესახებ განკარგულების საფუძველზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეების. ნ. და ა. ა-ების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს დაუკანონდათ ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, აღმოსავლეთით ფასადზე მოწყობილი კარის სამი ღიობი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „.. ..მა“, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «.. ..ის“ სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ამ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა შპს „.. ..ის“ სარჩელი ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის კარის სამი ღიობის გაუქმებისა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ.
ნ. და ა. ა-ების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ა. ა-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 27 თებერვლის განჩინებით ნ. და ა. ა-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ გაუქმდა ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
საკასაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოცემულ ურთიერთობაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა და მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, როდის იქნა მოწყობილი კარის ღიობები, როცა მოსარჩელემ, 1995 წელს შეიძინა მოპასუხის მეზობლად მიწის ნაკვეთი, იყო თუ არა უკვე მოწყობილი კარის ღიობები. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ ყოფილა მსჯელობა შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მოითხოვა შეგებებული სარჩელის განუხილველად დატოვება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „.. ..ის“ დირექტორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება, შპს „.. ..ის“ სარჩელის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „.. ..ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1995წ. 5 დეკემბერს გაცემული ¹48\78-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ... ქ. პირველი შესახვევი, ¹2-ში მუნიციპალური საწარმო «მ-ი“ საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური საწარმო „მ-ის“ შრომით კოლექტივს. მიწის (უძრავი ქონების) შესახებ 1998წ. 21 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ... ქ. პირველი შეს. ¹2-ში შენობა-ნაგებობები: დირექციის შენობა, სალაროს შენობა, სავაჭრო პავილიონი, მარცვლეულის პავილიონი, კარტოფილის პავილიონი, დახურული პავილიონი, საფირმო მაღაზია, ხორცის პავილიონი, რძის და ყველის პავილიონი, დახურული პავილიონი, მშენებარე ადმინისტრაციული შენობა შპს „.. ..ის“ საკუთრებაა, ხოლო მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრებაა, მათ შორის, წილობრივ უფლებებში 1513\1731 (7655 კვ.მ) შპს „.. ..ის“ საკუთრება, ხოლო 200\1731 სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს (ს.ფ. 19).
ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის ნ. ა-ს და ა. ა-ს (საფუძველი ნასყიდობის ხელშეკრულება). შპს „.. ..სა“ (... სამართალმემკვიდრე) და ... მდებარე საცხოვრებელ სახლს შორის ათწლეულების მანძილზე საზღვრად ითვლებოდა საცხოვრებელი სახლის კედელი.
იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2004წ. 25 ივნისის ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ... ა. და ნ. ა-ების საცხოვრებელ სახლს ცოკოლის სართულის დონეზე ბაზრის ტერიტორიის მხრიდან (აღმოსავლეთის მხარეს) მოწყობილი აქვს სამი კარის ღიობი, რომელთა ქვედა ნიშნული მდებარეობს მიწის ნიშნულის დონეზე დაბლა და მოწყობილია ჩასასვლელი კიბეები ქვის საფეხურებისაგან. ქვის საფეხურებზე შეიმჩნევა ხანგრძლივი ექსპლოატაციისათვის დამახასიათებელი ცვეთის კვალი (გახეხვა, ჩაზნექილი ადგილები, სწორხაზოვნობის დაკარგვა და ა.შ.
იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2002წ. 26 დეკემბრის სპეციალისტის ცნობით დადგენილია, რომ ქ, ქუთაისში, ... ნ. და ა. ა-ების საცხოვრებელი სახლის ცოკოლის სართულში შესასვლელი კარის ჩარჩო სიძველისაგან დაბზარულია. აღნიშნული გამოკვლევიდან გამომდინარე, ა. და ნ. ა-ების საცხოვრებელი სახლის ნახევარ სარდაფში კ-1 და კ-2 კარების ჩასმის ხანგრძლივობა განისაზღვრება 20-25 წლით.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქუთაისის ექსპერტიზისა და სერთიფიკაციის შპს „ქ-ს“ მიერ 1999წ. 24 ნოემბერს გაცემული ¹707 კონსულტაციის აქტითა და შპს „თ-ს“ 2002წ. 12 მარტის ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთ მხარეზე სარდაფის სართულში არსებული კარებების ჩასმის ხანგრძლივობა ვიზუალური დათვალიერებით განისაზღვრება 20-25 წლით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მიერ წარმოდგენილი ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის მიერ 2002წ. 27 დეკემბერს შპს „.. ..ის“ დირექტორისადმი გაგზავნილი წერილი, რომლის თანახმად, ნ. და ა. ა-ების სახლთმფლობელობის აღმოსავლეთ მხარეს შპს „.. ..ის“ კუთვნილი ტერიტორიის საზღვარზე კარებები უნებართვოდ გამოჭრილია 1993წ. შემდგომ პერიოდში, ვინაიდან აღნიშნულის საფუძველი წერილში მითითებული არ არის.
სააპელაციო პალატამ სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები შეაფასა თავისი შინაგანი რწმენითა და დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისში, ... ნ. და ა. ა-ების საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთ მხარეზე შპს „.. ..ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე გამავალი უნებართვო სამი კარის ღიობი გამოჭრილია 20-25წ. წინ. სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სკ-ის 1507-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან მოპასუხის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე სადავო კარის ღიობები გამოჭრილია 20-25წ. წინათ, იმ დროისათვის კი მოსარჩელის ქონების მესაკუთრეს სახელმწიფო წარმოადგენდა; იმ პერიოდში მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 75-ე მუხლის თანახმად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრებოდა სამი წლით. წინა მესაკუთრეს კი აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია; მან გაუშვა უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
1995 წლიდან ქ. ქუთაისში, ... შეს. ¹2-ში განთავსებული სახელმწიფო ქონების მუნიციპალური საწარმო „მ-ის“ ე.წ. ...ის მესაკუთრეს წარმოადგენდა მისივე შრომითი კოლექტივი შპს „.. ..ის“ სახით, რომელსაც მიწის ნაკვეთი იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰქონდა სარგებლობაში. პალატამ ჩათვალა, რომ 1995 წელს შპს „.. ..ისათვის“ უკვე ცნობილი იყო ნ. და ა. ა-ების საცხოვრებელ სახლზე კარის სამი ღიობის არსებობის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება ნ. და ა. ა-ების შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 აგვისტოს განჩინებით გაუქმებულია და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყვეტილია.
შპს «.. ..ის» დირექტორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო სასამართლომ განმეორებითი ექსპერტიზის 2004წ. 25 ივნისის დასკვნა არ შეაფასა სსკ-ის 171-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ექსპერტები არ მოიწვია პროცესზე და არ დაკითხა; ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნა არ შეიძლება ჩაითვალოს იმის მტკიცებულებად, რომ სადავო სამივე კარის ღიობი 20-25წ. წინ არის გაკეთებული; იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2002წ. 26 დეკემბრის სპეციალისტის ცნობა არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად, რადგან სსკ-ის 123-ე მუხლის შესაბამისად მხოლოდ სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად, იმავე კოდექსის 204-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლითა და წესით. ზემოაღნიშნული ცნობა გაცემული იქნა ნ. და ა. ა-ების სახელზე და არა სასამართლოს სახელზე. საპროცესო კანონის დარღვევითაა შედგენილი ასევე საქმეზე წარმოდგენილი სხვა ექსპერტიზის აქტებიც. კასატორმა მიუთითა, რომ მესაკუთრეს საკუთრების ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ დროს და მასზე არ შეიძლება გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა. ასეთ მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის გავრცელების შემთხვევაშიც კასატორს არ აქვს გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგან მან თავისი უფლებების დარღვევის შესახებ შეიტყო მხოლოდ 1998 წლიდან, როცა გახდა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, სადაც გამოდის მოპასუხეების მიერ თვითნებურად მოწყობილი სამი კარის ღიობი. მანამდე კი კასატორმა არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა თავისი დარღვეული უფლებების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «.. ..ის» დირექტორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ.ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეები არიან 1993 წლიდან ნ. და ა. ა-ები. შპს „.. ..სა“ (...ის სამართალმემკვიდრე) და ... მდებარე საცხოვრებელ სახლს შორის ათწლეულების მანძილზე საზღვრად ითვლებოდა საცხოვრებელი სახლის კედელი. ნ. და ა. ა-ების საცხოვრებელ სახლს ცოკოლის სართულის დონეზე, შპს «.. ..ის» ტერიტორიის მხრიდან (აღმოსავლეთის მხარეს) აქვს უნებართვოდ მოწყობილი სამი კარის ღიობი. შპს „.. ..მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების _ ნ. და ა. ა-ების მიმართ და მოითხოვა თვითნებურად მოწყობილი კარის ღიობების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1998 წელს მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეებს თავიანთ კუთვნილ საცხოვრებელ სახლში თვითნებურად აქვთ მოწყობილი კარის სამი ღიობი, საიდანაც აწარმოებენ სავაჭრო საქმიანობას. აღნიშნული კი ხელს უშლის მათ სამეწარმეო საქმიანობაში.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სადავო კარის ღიობების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მოთხოვნაზე არ ვრცელდება სასარჩელო ხანდაზმულობა. სკ-ის 128-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება მხოლოდ პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ასევე, მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო. ზემოაღნიშნული მოთხოვნების გარდა ყველა სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი მოთხოვნის და მათ შორის მოსარჩელის მოთხოვნის მიმართაც ვრცელდება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1995 წლიდან ქ. ქუთაისში, ... შეს. ¹2-ში განთავსებული სახელმწიფო ქონების მუნიციპალური საწარმო „მ-ის“ ე.წ. ...ის მესაკუთრეს წარმოადგენდა მისივე შრომითი კოლექტივი შპს „.. ..ის“ სახით, რომელსაც მიწის ნაკვეთი იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰქონდა სარგებლობაში. პალატამ ჩათვალა, რომ 1995 წელს შპს „.. ..ისათვის“ უკვე ცნობილი იყო ნ. და ა. ა-ების საცხოვრებელ სახლზე კარის სამი ღიობის არსებობის ფაქტი.
სადავო კარის ღიობები მოპასუხეთა მიერ რომ არ არის მოწყობილი და ისინი 1993 წლამდეც (ნ. და ა. ა-ების საკუთრებაში საცხოვრებელი სახლის გადასვლამდეც) რომ არსებობდა, არ გამორიცხა მოსარჩელის წარმომადგენელმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის სხდომაზე, რომელმაც მოსამართლის შეკითხვაზე უპასუხა, რომ მოპასუხეები 1993 წელს გადავიდნენ საცხოვრებლად ამ სახლში, მაშინ კარის ღიობები შესაძლებელია, უკვე გაჭრილი იყო, მაგრამ შპს «.. ..ის» საკუთრება ეს ტერიტორია გახდა 1995 წლიდან. მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 აგვისტოს სხდომაზე კი ზემოაღნიშნული ჩვენების საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ სადავო კარის ღიობები გაჭრილია თვით მოპასუხეების მიერ 1997წ. ბოლოს ან 1998წ. დასაწყისში. სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის ასეთი მითითება, რადგან სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენელმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა იმის მტკიცებულება, რომ სადავო კარის ღიობები მოწყობილია მოპასუხეთა მიერ. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ 2004წ. 25 ივნისს შედგენილ დასკვნაში მითითებულია, რომ ნ. და ა. ა-ების საცხოვრებელ სახლს, ციკოლის სართულის დონეზე ბაზრის ტერიტორიის მხრიდან (აღმოსავლეთის მხარეს) მოწყობილი აქვს სამი კარის ღიობი, რომელთა ქვედა ნიშნული მდებარეობს მიწის ნიშნულის დონეზე დაბლა და შესაბამისად მოწყობილია ჩასასვლელი კიბეები ქვის საფეხურებისაგან. ქვის საფეხურებზე შეიმჩნევა ხანგრძლივი ექსპლოატაციისათვის დამახასიათებელი ცვეთის კვალი (გახეხვა, ჩაზნექილი ადგილები, სწორხაზოვნების დაკარგვა და ა.შ); საცხოვრებელი სახლების გეგმიური გამაფრთხილებელი შეკეთების დებულების თანახმად კონსტრუქციული თვალსაზრისით შენობა, სადაც მოწყობილია კარის ღიობები, მიეკუთვნება მესამე ჯგუფის საცხოვრებელ შენობებს, რომელთა გასაშუალებული მუშაობის ხანგრძლოვობა (ექსპლუატაციის ვადა) შეადგენს 100 წელს, მათ შორის, ხის გარე კარების _ 40 წელს, ხოლო ქვის საფეხურების ექსპლუატაციის ხანგრძლივობა 100 წელს. კონკრეტულ შემთხვევაში ქვის საფეხურების (ზედაპირის) ცვეთა აღემატება 25 %-ს, ხოლო კარების 50%-ზე მეტს, მაგრამ ექსპერტიზისთვის უცნობია, მათი მოწყობის პერიოდისათვის რა მდგომარეობაში იყო ქვის საფეხურები და კარები. ზემოაღნიშნულის გამო, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ იმის დადგენა ზუსტად თუ რამდენიწ. წინ იქნა მოწყობილი სადავო კარის ღიობები, ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია ასეთზე, სათანადო მეთოდიკის არარსებობის გამო. სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის ზემოაღნიშნული დასკვნა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები შეაფასა სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე თავისი შინაგანი რწმენით, სწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო სამი კარის ღიობი უნებართვოდაა გამოჭრილი, მოპასუხეთა მიერ არ არის ისინი გამოჭრილი და ეს ღიობები არსებობდა 1993 წლამდეც. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სადავო კარის ღიობების მოწყობის ხანგრძლივობის თაობაზე.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 151-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მისი უფლების ყოველგვარი დარღვევის აცილება, თუნდაც ეს დარღვევა მფლობელობის წართმევასთან არ იყოს დაკავშირებული. იმავე კოდექსის 152-ე მუხლი კი ეხება არამესაკუთრე მფლობელის უფლებების დაცვას, რომელშიც მითითებულია, რომ ამ კოდექსის 146-151-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები ეკუთვნის აგრეთვე იმ პირს, რომელიც თუმცა მესაკუთრე არ არის, მაგრამ ფლობს ქონებას კანონის ან ხელშეკრულების ძალით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე სადავო კარის ღიობები გამოჭრილია 20-25წ. წინათ, იმ დროისათვის კი მოსარჩელის ქონების მესაკუთრეს სახელმწიფო წარმოადგენდა; მაგრამ წინა მესაკუთრეს აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია; მან გაუშვა უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1965წ. რედაქცია) 75-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა; სადავო კარის ღიობების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა ასევე არ მოუთხოვია შპს «.. ..ის» კუთვნილი ტერიტორიის ადრინდელ მოსარგებლესაც.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 75-ე მუხლის თანახმად საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა) განისაზღვრება სამი წლით. იმავე კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „.. ..ის“ დირექტორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.