დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 22.03.2005
საქმის ნომერი
ას-1094-1336-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1094-1336-04 22 მარტი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: სამკვიდრო ქონების გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. გ-ამ მოითხოვა 1999წ. მარტში გარდაცვლილი მეუღლის, პ. გ-ას დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა;

პ. გ-ას მემკვიდრეები არიან: მ. გ-ა, თ. გ-ა. პ. გ-ას დანარჩენმა მემკვიდრეებმა _ პ. გ-ას მშობლებმა (ლ. და შ. გ-ები), მამკვიდრებლის შვილებმა პირველ ქორწინებიდან (ნ. და კ. გ-ებმა) უარი განაცხადეს სამკვიდროს მიღებაზე თ. გ-ას სასარგებლოდ;

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. გ-ას სარჩელი და მას მეუღლის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან მიეკუთვნა: სენაკის რაიონის სოფ. .... მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 1/2, როგორც თანასაკუთრება, ხოლო დარჩენილ 1/2-დან, როგორც პ. გ-ას სამკვიდრო ქონებიდან, 1/6, ასევე მიეკუთვნა პ. გ-ას დანარჩენი უძრავ-მოძრავი სამკვიდრო ქონებიდან 1/6;

მოსარჩელე მ. გ-ამ გაასაჩივრა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საჩივარში აღნიშნულია, რომ იგი წარმოადგენს ქ. ფოთში, ... მდებარე ორსართულიანი სახლის, ასევე ავტომანქანა “გაზ-31-29” თანამესაკუთრეს, ამდენად სასამართლოს უნდა გამოეყო მისთვის არა 1/6, არამედ ½1\2-ის 1/6, ხოლო დარჩენილი 1/2 _ საკუთრების უფლებით. მოსარჩელემ მოითხოვა საქმის წარმოების განახლება;

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 30 იანვრის განჩინებით მოსარჩელე მ. გ-ას უარი ეთქვა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამო, შეტანილი საჩივრის მიღებაზე. განჩინებაში აღნიშნულია, რომ, სსსკ-ის 236-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს გამოუცხადებელ მხარეს, ხოლო თუ მოსარჩელე არ ეთანხმება მის სასარგებლოდ გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, მას შეუძლია, იგი გაასაჩივროს სააპელაციო წესით.

მოსარჩელის მიერ აღძრულ იქნა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნება;

2003წ. 22 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის იდეალური წილის სახით აწ გარდაცვლილი პ. გ-ას სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების 1/6-ის მიკუთვნების ნაწილში. მ. გ-ას აწ გარდაცვლილ პ. გ-ას სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონებიდან, კერძოდ, ქ. ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოეყო 1/2½საკუთრების უფლებით და დარჩენილი 1/2-დან გამოეყო იდეალური 1/6. დანარჩენ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი;

თ. გ-ას მიერ შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი და დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომლითაც მოითხოვა ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 22 იანვრის მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება; საოლქო სასამართლოს სხდომის ოქმზე შეტანილი შენიშვნების უარყოფის შესახებ განჩინების გაუქმება; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სადავო სახლის 1/2-ზე მ. გ-ას საკუთრების უფლების ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება (1/2-ის მოთხოვნის ნაწილში);

მ. გ-ას მიერ შეტანილ იქნა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა 2003წ. 22 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლა, კერძოდ, მან მოითხოვა საკუთრების უფლებით ავტომანქანა “გაზ-31-29-დან” გამოეყოს 1/2 თვის და დარჩენილი 1/2-დან გამოეყოს იდეალური 1/6;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბრის განჩინებით მ. გ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თ. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 22 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა მ. გ-ასათვის ქ.Fფოთში, ... მდებარე სახლიდან წილის გამოყოფის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას. დანარჩენ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დარჩა უცვლელი, ასევე გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 22 იანვრის განჩინება მტკიცებულების მიღებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სადავო ავტომანქანის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა პ. და მ. გ-ების ერთად ცხოვრების პერიოდში. ასევე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ქ.Fფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება, სახლის შეკეთებამ გაზარდა თუ არა მნიშვნელოვნად მისი ღირებულება. ამასთან ერთად, სასამართლო უთითებს სკ-ის 1163-ე მუხლზე. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს უარი საქმის განხილვისას ვიდეოკასეტის მტკიცებულების სახით მიღებაზე;

ქ.ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 16 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეზე დანიშნა სასამართლო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვა: ქ.Fფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლზე, პ. გ-ასა და მ. გ-ას ქორწინების განმავლობაში (1997-1999წ) ჩატარებული რემონტისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, გაიზარდა თუ არა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ღირებულება მნიშვნელოვნად. 2004წ. 28 აპრილის ¹129/15 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ.Fფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლზე ჩატარებული რემონტისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად საცხოვრებელი სახლის, ავტოფარეხისა და ფარდულის ჩათვლით, ღირებულება გაიზარდა 4769 აშშ დოლარით ანუ 35.36%-ით;

ქ.ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 2 ივლისის განჩინებით მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 7 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გადაწყდა მ. გ-ვის იდეალური წილის სახით აწ გარდაცვლილ პ. გ-ას სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების 1/6-ის გამოყოფა უცვლელად გავრცელდეს ქ.Fფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლზეც. განჩინებაში აღნიშნულია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის ღირებულების 35,26%-ით გაზრდა არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს მისი ღირებულების მნიშვნელოვან გაზრდად. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მ. გ-ასა და პ. გ-ას ქორწინების პერიოდში საცხოვრებელი სახლის ღირებულება გაიზრდებოდა მნიშვნელოვნად, მხოლოდ აღნიშნული ფაქტი სადავო ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად ცნობისათვის საკმარის საფუძვლად არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო, რადგან სადავო საცხოვრებელი სახლის ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდისათვის სარემონტო და სხვა სახის სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო მასალა ქორწინებამდე ჰქონდა შეძენილი პ. გ-ას. ამასთან ერთად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონების ღირებულების გაზრდაში მ. გ-ას მიერ გაწეული ხარჯი და სხვა სახის წვლილი არ დასტურდება;

მ. გ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 2 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან საკუთრების უფლებით 1/2-ის გამოყოფა და დარჩენილი 1/2-დან იდეალური 1/6-ის გამოყოფა. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ, სადავო სახლზე ჩატარებული სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების გამო, 1997-1999 წლებში გაწეული ხარჯების შედეგად გაიზარდა 4769 აშშ დოლარით ანუ 35,36%-ით, რაც ადასტურებს მისი ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდას. საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სადავო სახლის ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდისათვის სარემონტო და სხვა სახის სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო მასალა შეძენილია ქორწინების პერიოდში. მ. გ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი (სკ-ის 1163-ე მუხლი), ხოლო გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამასთან ერთად, იგი უთითებს სსსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტზე და სსსკ-ის 394-ე მუხლის "ე" პუნქტზე. საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების გარეშე არის დადგენილი და საჭიროდ არ მიაჩნია საქმის უკან დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ. გ-ა და თ. გ-ა არიან აწ გარდაცვლილი პ. გ-ას პირველი რიგის მემკვიდრეები. მ. გ-ა არის აწ გარდაცვლილი პ. გ-ას მეუღლე, ხოლო თ. გ-ა არის აწ გარდაცვლილი პ. გ-ას შვილი პირველი ქორწინებიდან. სადავო სახლი საკუთრების უფლებით ირიცხება პ. გ-ას სახელზე.

საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ პ. გ-ას დანარჩენ მემკვიდრეებმა _ პ. გ-ას მშობლებმა (ლ. და შ. გ-ებმა), მამკვიდრებლის შვილებმა პირველ ქორწინებიდან (ნ. და კ. გ-ებმა) უარი განაცხადეს სამკვიდროს მიღებაზე თ. გ-ას სასარგებლოდ.

საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ.Fფოთში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე ჩატარებული რემონტისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად საცხოვრებელი სახლის, ავტოფარეხისა და ფარდულის ჩათვლით, ღირებულება გაიზარდა 4769 აშშ დოლარით ანუ 35.36%-ით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ არის, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.

კონკრეტულ შემთხვევაში დავას იწვევს საკითხი: მნიშვნელოვნად გაიზარდა თუ არა სადავო სახლის ღირებულება.

სკ-ის 1163-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყნება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.

გასათვალისწინებელია, რომ, განსახილველი ნორმის თანახმად, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გასამახვილებელია ქორწინებამდე შეძენილი ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდაზე იმ ხარჯების შედეგად, რაც ქორწინების განმავლობაში იქნა გაწეული. ქონებაზე ქორწინების პერიოდში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები და გაწეული ხარჯი, რომლის შედეგად გაიზარდა ქონების ღირებულება, არ არის საკმარისი სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციისათვის. აუცილებელია ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდა. ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდად ითვლება გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება, ე.ი. კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს არა მარტო ქონების ღირებულების გაზრდაზე, არამედ ამ ღირებულების მნიშვნელოვან გაზრდის თავისებურებაზე. სადავო ქონების სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციისათვის არ არის საკმარისი მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაც არ იწვევს ქონების არსებით შეცვლას. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი გადაგეგმარდა ან არსებითად გადაკეთდა, ან მშენებლობა დასრულდა.

დამატებითი არგუმენტის სახით საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საერთო საკუთრებად არ შეიძლება ჩაითვალოს სადავო ქონება, რადგან სადავო ქონების ღირებულების გაზრდაში მ. გ-ას მიერ გაწეული ხარჯი და სხვა სახის წვლილი არ დასტურდება და სარემონტო და სხვა სახის სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო მასალა ქორწინებამდე ჰქონდა შეძენილი პ. გ-ას. ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ აღნიშნული არგუმენტი გამოდგეს მნიშვნელოვნად ღირებულება მომატებული ინდივიდუალური საკუთრების მეუღლეთა თანასაკუთრებად გარდაქმნის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ არსებობდეს ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯი (1163-ე მუხლი), რომლის საკუთრების რეჟიმის დასადგენად, აგრეთვე, გამოიყენება სკ-ის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილი, კერძოდ, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. ამრიგად, აუცილებელია, რომ სკ-ის 1163-ე მუხლის თანახმად ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდოს ქონების ღირებულება, რაც დაკავშირებულია მისი ხარისხის არსებით შეცვლასთან, კერძოდ, გადაგეგმარებასთან, მშენებლობის დასრულებასთან, გადაკეთებასთან და სხვა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.