დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 31.01.2005
საქმის ნომერი
ას-1101-1294-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1101-1294-04 31 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: საცხოვრებელი სახლიდან იდეალური და რეალური წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა თ. ჯ.-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1997წ. 19 ნოემბერს. მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე _ ა. და ნ. ჯ.-ეები. ა. ჯ.-ე გარდაიცვალა 1999 წელს. ა. ჯ.-ის მეუღლის _ ქ. ჯ.-ის განცხადების საფუძველზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი და სადავო სახლი საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. ჯ.-ის სახელზე.

ნ. ჯ.-ემ, რ. და თ. ჯ.-ებმა (ა-სა და ქ. ის შვილები) 2002წ. 7 მაისს სარჩელით მიმართეს სასამართლოს ქ. ჯ.-ის მიმართ და მოითხოვეს სადავო სახლიდან იდეალური და რეალური წილის გამოყოფა. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მუდმივად ცხოვრობენ სადავო სახლში და ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მემკვიდრეობა. ქ. ჯ.-მ სადავო სახლი გაიფორმა მათი თანხმობის გარეშე, დატვირთა იპოთეკით და აპირებს სახლის გაყიდვას, რითაც ირღვევა მათი უფლებები. ნ. ჯ.-მ მოითხოვა, როგორც თ. ჭელიძე-ჯ.-ის პირველი რიგის მემკვიდრემ, სადავო სახლის 1\2-ის გამოყოფა, ხოლო რ. და თ. ჯ.-ბმა, როგორც ა. ჯ.-ის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, სახლის 1\2, თითოეულზე _ 1\3 წილის გამოყოფა.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იდეალური და რეალური წილის გამოყოფა შესაძლებელია მხოლოდ საზიარო ქონებაზე, სადავო ქონება კი არ წარმოადგენს საზიარო ქონებას. საჯარო რეესტრში სადავო ქონების მესაკუთრედ აღრიცხულია მხოლოდ ქ. ჯ.-ე, მოსარჩელეები თანამესაკუთრეებად ცნობილნი არ არიან. მოპასუხე სადავო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარებულია კანონიერ ძალაში შესული 2000წ. 9 ივლისის სასამართლო გადაწყვეტილებით. მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მათ არ მოუთხოვიათ მემკვიდრედ და მესაკუთრედ მათი აღიარება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მოსარჩელეების მოთხოვნა იდეალური და რეალური წილის გამოყოფის თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 183-ე და 312-ე მუხლები.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. კასატორები მოითხოვენ კანონიერ ძალაში შესული 2000წ. 9 ივლისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, საჯარო რეესტრის ჩანაწერისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, მათ ცნობას მემკვიედრეებად და სადავო სახლის გაყოფას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონის დარღვევით ხომ არაა გამოტანილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება დავის საგნის შეცვლას ან მოსარჩელის მოთხოვნის გადიდებას, როგორც წესი, ყოველთვის დაკავშირებულია ახალი ფაქტების დადგენასთან და, აქედან გამომდინარე, ახალი მტკიცებულებების გამოკვლევასთან, შემოწმებასა და შეფასებასთან, რაც საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები მოითხოვდნენ სადავო სახლიდნ იდეალური და რეალური წილის გამოყოფას. მოსარჩელეებმა გაადიდეს მოთხოვნა და საკასაციო საჩივრით მოითხოვეს საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, მემკვიდრედ ცნობას, ასევე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. აღნიშნულზე არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნები და ამ საკითხებთან დაკავშირებით ქვემდგომ სასამართლოს არ უმსჯელია, შესაბამისად, ვერც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს. რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამართლის ნორმა. საკასაციო პალატა თვლის, რომ განჩინება სწორია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებრობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ., თ. და რ. ჯ.-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო,სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 22 ივლისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.