გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1137-1383-05 31 იანვარი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: საავტორო ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ 2005წ. იანვარში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს კინოსტუდია «ა-» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ფილმების სახელწოდების, საპროდიუსერო კომპანიის, ფილმის გამოშვების დროის, დამდგმელი რეჟისორის, სცენარის ავტორის, ორიგინალური მუსიკის ავტორის (კომპოზიტორი) და კინოსეანსების ჩვენების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დაკისრება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ საქართველოს ავტორთა საზოგადოებას, როგორც «საერთაშორისო მუსიკალური რეპერტუარის» მქონე ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე შექმნილ მმართველ ორგანიზაციას, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს ჰონორარი აუდიოვიზუალური ნაწარმოებისათვის სპეცილურად შექმნილი მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებისათვის, აუდიოვიზუალური ნაწარმოების ყოველი საჯარო შესრულებისა და საჯარო ჩვენების დროს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ავტორთა საზოგადოების სარჩელი დაკმაყოფილდა _ შპს კინოსტუდია «ა-ს» დაევალა. საქართველოს ავტორთა საზოგადოებას წარუდგინოს გაშვებული ფილმების სახელწოდებებზე, საპროდიუსერო კომპანიაზე, ფილმის გამოშვების დროზე, დამდგელი რეჟისორის, სცენარის ავტორის, ორიგინალური მუსიკის ავტორის (კომპოზიტორის) და კინოსეანსების ჩვენების რაოდენობაზე ინფორმაცია. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს კინოსტუდია «ა-მა» ცნო სარჩელი, რაც სასამართლომ სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, საკმარის მტკიცებულებად ჩათვალა და საფუძვლად დაუდო სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 31 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს კინოსტუდია «ა-» დირექტორმა კ. გ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 64-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებასთან ერთად უნდა წარმოედგინა მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, კავშირის წესდება, ამონაწერი იუსტიციის სამინისტროს მიერ საავტორო უფლებათა მართვის ორგანიზაციების რეესტრში შეტანის შესახებ და ხელშეკრულება ანალოგიურ უცხოურ ორგანიზაციასთან ურთიერთწარმომადგენლობის შესახებ. კასატორის მითითებით, სასამართლო პროცესზე შპს კინოსტუდია «ა-» წარმომადგენელმა არაერთგზის აღნიშნა, რომ არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას წერილობითი სახით ინფორმაციის წარდგენის თაობაზე. კასატორმა მიუთითა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის მე-15 მუხლზე და მიაჩნია, რომ გაურკვეველია ავტორთა საზოგადოების სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მოსარჩელეს უფლება მიეცა, მიიღოს ინფორმაცია კინოთეატრში ტრანსლირებული ფილმების სახელწოდებების, საპროდიუსერო კომპანიის, ფილმის გამოშვების დროის, დამდგმელი რეჟისორის, სცენარის ავტორის და კინოსეანსების ჩვენების რაოდენობაზე, მაშინ როდესაც კანონით ეს უფლება მას არ ენიჭება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 31 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 64-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებასთან ერთად უნდა წარმოედგინა მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იმავე კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, იქმნება ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების მიერ, არასამეწარმეო იურიდიული პირის _ კავშირის (ასოციაციის) ფორმით. დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც შეაქვს იგი საავტორო უფლებათა მართვის ორგანიზაციების რეესტრში. ორგანიზაციას უფლება არა აქვს განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა და გამოიყენოს ის ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც მას გადაცემული აქვს სამართავად კოლექტიურ საფუძველზე. აღნიშნული ორგანიზაცია მოქმედებს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც მას მინიჭებული აქვს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისაგან, წესდების საფუძველზე. სასამართლო კოლეგიის 2005წ. 5 მაისის სხდომაზე მოსამართლემ განუმარტა მოსარჩელეს, რომ წარმოედგინათ ავტორთა უფლებების დაცვის და მათი ჰონორარის მიღების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე ორგანიზაციას ასეთი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით კასატორმა წარმოადგინა დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად მიიჩნევს ასევე კასატორის განმარტებას იმის შესახებ, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად მიუთითა მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის აღიარების თაობაზე. სასამართლო კოლეგიის 2005წ. 31 მაისის სხდომის ოქმში მოცემულია მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის პირველიდან შვიდის ჩათვლით ეთანხმებიან; საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოაღნიშნულ განმარტებას, რადგან იგი არ შეიძლება ჩაითვალოს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს კინოსტუდია «ა-» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 31 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.