1. აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორები (თანაავტორები) არიან: დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, ავტორი ტექსტიანი ან უტექსტო მუსიკალური ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ აუდიოვიზუალური ნაწარმოებისათვის.
2. აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე ხელშეკრულების დადება იწვევს ავტორების (თანაავტორების) მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემას აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლისთვის, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ ნაწარმოების ავტორებს (თანაავტორებს) უნარჩუნდებათ უფლება, მიიღონ ჰონორარი მოსარგებლისგან (მაუწყებლობის ორგანიზაციისგან, კინოთეატრისგან და ა. შ.) ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისთვის და ხელშეკრულებით სხვაგვარი შეთანხმება აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელსა და ავტორებს (თანაავტორებს) შორის ბათილია. ეს უფლება ხორციელდება მხოლოდ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მეშვეობით.
3. აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს უფლება აქვს, ასეთი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი ან მოითხოვოს მისი მითითება.
4. ავტორი ადრე შექმნილი ნაწარმოებისა, რომელიც გადამუშავებულია ან ჩართულია შემადგენელ ნაწილად აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში, აგრეთვე ავტორი ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის პროცესში, ინარჩუნებენ საავტორო უფლებას დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე თავიანთ ნაწარმოებებზე. მათ უფლება აქვთ დამოუკიდებლად ისარგებლონ ამ ნაწარმოებებით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იმ პირობით, რომ ასეთი სარგებლობა ხელს არ შეუშლის აუდიოვიზუალური ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.07.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 03.07.2023 კანონი №3450
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-547-520-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2015
…გადამუშავების შედეგად შექმნილი გადაცემა,,პ-ი’’ წარმოადგენდა აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს და სსიპ,,საზოგადოებრივ მაუწყებელის” ეთერში გასულ ამ გადაცემაზე საავტორო უფლება სხვა თანაავტორებთან ერთად ეკუთვნოდა ნ. ს-ს. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორები (თანაავტორები) არიან: დამდგმელი…
- საქმე №ას-353-329-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2010
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე ხელშეკრულების დადება იწვევს ავტორის…
- საქმე №ას-1137-1383-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2006
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ საქართველოს ავტორთა საზოგადოებას, როგორც «საერთაშორისო მუსიკალური რეპერტუარის» მქონე ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე შექმნილ მმართველ ორგანიზაციას, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს ჰონორარი აუდიოვიზუალური ნაწარმოებისათვის სპეცილურად შექმნილი მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებისათვის, აუდიოვიზუალური ნაწარმოების ყოველი საჯარო შესრულებისა და საჯარო ჩვენების დროს.
- საქმე №ას-721-996-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2005
ვინაიდან შეკვეთა განხორციელდა აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამზადებისათვის საჭირო სცენარის შექმნაზე, შემდგომში აუდიოვიზუალური ნორმების დამამზადებელს დასახელებული კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება გადაეცემა ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლებით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
- საქმე №330210118002773213 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
…გვერდზე. 6.7. მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ ხდის მის მიერ შექმნილი პერსონაჟების „ჩი-ასა“ და „შა---ს“ უნებართვოდ გამოყენებისა და აღნიშნულით მისი საავტორო უფლებების შელახვას, რის გამოც ითხოვს შესაბამის კომპენსაციას. 6.8. კანონის 15.3 მუხლის თანახმად, აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს უფლება აქვს, ასეთი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი ან მოითხოვოს მისი მითითება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება