გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 08.11.2005
საქმის ნომერი
ას-721-996-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-721-996-05 8 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: საავტორო უფლებების დარღვევა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. კ-ას წარმომადგენელმა ზ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მოპასუხე ტელეკომპანია „ტ...ისათვის» 55 000 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

2003 წელს მოპასუხე ტელეკომპანიისათვის, კერძოდ, სატელევიზიო სერიალ „.. ..-სათვის» დაიწერა სცენარი, რისთვისაც მოსარჩელეს გადაუხადეს შეთანხმებული საფასური. სერიალი 2003-2004 წლებში გადაიცა მოპასუხის ტელევიზიის საშუალებით;

მოპასუხის მიერ გასხვისებულ იქნა სატელევიზიო სერიალი. მოსარჩელეს არ მიუღია არავითარი ინფორმაცია. ასევე კუთვნილი ჰონორარი, როგორც სცენარის ავტორს.

2004 წელს მოპასუხემ განმეორებით დაიწყო სერიალის ჩვენება საქართველოში, რისთვისაც, ასევე, არ მიუღია კუთვნილი ჰონორარი;

საქართველოში სერიალის განმეორებით ჩვენების დროს, მოპასუხემ ტიტრებში არ მიუთითა მოსარჩელის სახელი, ხოლო რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე ჩვენებისას კი მითითებული იყო არა გ. კ-ა, არამედ სხვა გვარი;

2002 წლიდან მოსარჩელე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბრაზილიურ კომპანია „კ...სთან» მოსარჩელისათვის სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარის დაკვეთასთან დაკავშირებით. საქმიანი ურთიერთობები არ შედგა, რაც უშუალო მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის მიერ მოსარჩელის უფლებების დარღვევასთან. ავტორის ღირებულებებისადმი კანონსაწინააღმდეგო მოპყრობით შეილახა მისი, როგორც შემოქმედის პატივი და მოპასუხის ქმედებებმა ცალსახად მიაყენა მორალური ზიანი, რომელიც ანაზღაურებულ უნდა იქნას მოპასუხის მიერ 5000 აშშ დოლარის ოდენობით.

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა წარმომადგენლისათვის გადასახდელი თანხის _ 1000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;

მოპასუხემ, წერილობითი შესაგებლის მიხედვით, არ ცნო სარჩელი. მისი განმარტებით, მოსარჩელეს მართლაც დაუკვეთეს სერიალი „.. ..-სათვის» რამდენიმე სერიის სცენარის შექმნა, შესაბამისად, მოსარჩელემ მიიღო შესაბამისი ანაზღაურება სამუშაოს შესრულებისათვის. სამუშაოს შესრულების პროცესში და მისი დამთავრების შემდეგ მოპასუხემ არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს, გაეფორმებინათ ხელშეკრულება აღნიშნულ სცენართან დაკავშირებით და ამით დაედგინათ სამომავლო ურთიერთობის პირობები და ფარგლები. მოსარჩელეს წარედგინა ხელშეკრულების ფორმა, რაზეც მან ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე ხელი არ მოაწერა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის გაურკვეველი დარჩა სცენარების გამოყენების უფლებების პირობები.

წარმოების პროცესის პარალელურად „ტ...ი» აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ყველა საშუალებით ცდილობდა შექმნილი პროექტი გაეტანა მსოფლიო ბაზარზე. უცხოურ კომპანიას სხვა აუდიონაწარმოებებთან ერთად გადაეცა ტელესერიალ „.. ..-ის» გამოყენების უფლება. მოპასუხე ვერ შეაყოვნებდა პროცესს იმის გამო, რომ მოსარჩელესთან არ იყო საბოლოო ურთიერთობები გარკვეული. „ტ...ს» არ დაურღვევია მოსარჩელის, როგორც სცენარის ავტორის, უფლება;

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 30 მარტის გადაწყვეტილებით გ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას შეიძლება, მიეცეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ნაწარმოების შექმნის კვალიფიკაცია. სწორედ დასახელებული ნორმა წარმოადგენს იმ ზოგადი პრინციპიდან გამონაკლისს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ნაწარმოების შექმნის შემკვეთზე გადადის ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლებები. ვინაიდან შეკვეთა განხორციელდა აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამზადებისათვის საჭირო სცენარის შექმნაზე, შემდგომში აუდიოვიზუალური ნორმების დამამზადებელს დასახელებული კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება გადაეცემა ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლებით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოსარჩელის მიერ არ არის დასაბუთებული რატომ ითხოვს 5000 აშშ დოლარის ანაზღაურებას საავტორო უფლების დარღვევისათვის, ასევე, დაუსაბუთებელია მოთხოვნა იმის შესახებ, რომ საქართველოში სერიალის განმეორებით ჩვენების დროს მოპასუხემ არ მიუთითა მოსარჩელის სახელზე, როგორც სცენარის ავტორზე.

სკ-ის 413-ე მუხლზე დაყრდნობით კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული არც ერთი დარღვევისათვის კანონი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას.

გ. კ-ას წარმომადგენელმა ზ. მ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად გამოიყენა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის 43-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შექმნილი სცენარები წარმოადგენს სამსახურებრივ ნაწარმოებს. მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს, რომ „პოსტ ფაქტუმ» ცდილობდა მოსარჩელესთან დაედო ხელშეკრულება, რათა მხარეებს შორის დარეგულირებულიყო სამომავლო ვალდებულებითი ურთიერთობები. თუ მხარეთა შორის არსებობდა სამსახურებრივი ურთიერთობები, მაშინ სამომავლო ვალდებულებებზე ხელშეკრულების გაფორმების საჭიროებაც აღარ იქნებოდა. მოპასუხე ასევე აღიარებს, რომ იგი ვერ შეაყოვნებდა უცხოურ კომპანიისათვის სერიალზე უფლებების გასხვისების პროცესს, მხოლოდ იმის გამო, რომ სერიალის ერთ-ერთ ავტორთან (მოსარჩელესთან) არ იყო გარკვეული ურთიერთობები. მოპასუხე არ გააკეთებდა აღნიშნულ აღიარებით განმარტებას, თუ მიიჩნევდა, რომ სადავო ნაწარმოები სამსახურებრივი ნაწარმოებია. სასამართლო სამოტივაციო ნაწილში ეყრდნობოდა ვარიანტს, შესაძლებლობას, ეჭვს და არა კანონის მოთხოვნებს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის „ე» პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. კოლეგიამ არასწორად განმარტა რა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის 43-ე და მე-15 მუხლები, არ შეაფასა და არ გაიზიარა არც ერთი მხარის განმარტება, რითაც დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ» ქვეპუნქტი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას შეიძლება მიეცეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ»კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულების კვალიფიკაცია. ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მიიჩნია, რომ ვინაიდან შეკვეთა განხორციელდა აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამზადებისათვის საჭირო სცენარის შექმნაზე, აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება გადაეცემა ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლებით.

ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხე ტელეკომპანიისათვის შექმნილი იყო შვიდი ორიგინალური სცენარი სატელევიზიო სერიალი „.. ..-სათვის» საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს გარემოება არ იძლევა ფაქტობრივ საფუძველს დასკვნისათვის, რათა მოპასუხეს გადაეცა შექმნილი ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება;

სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია მოპასუხის შესაგებელი, რომელშიც ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ ხელი არ მოაწერა მათ მიერ წარდგენილ ხელშეკრულებას, რითაც უნდა დაედგინათ სამომავლო ურთიერთობის პირობები და ფარგლები, გაურკვეველი დარჩა სცენარების გამოყენების უფლებების პირობები.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის 42-ე მუხლის მიხედვით, საავტორო უფლებების გადაცემის შესახებ, ნაწარმოების შექმნის შესახებ და სალიცენზიო ხელშეკრულებები უნდა დაიდოს წერილობით.

ამავე კანონის მე-15 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე ხელშეკრულების დადება იწვევს ავტორთა მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემას აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლისათვის, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ ნაწარმოების ავტორებს უნარჩუნდებათ უფლება, მიიღონ ჰონორარი მოსარგებლისაგან ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის. ხელშეკრულებით სხვაგვარი შეთანხმება აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლებსა და ავტორებს შორის ბათილია.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსი ნათლად მიუთითებს, რომ ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით უნდა დაიდოს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ამასთან, ასეთი ხელშეკრულების წერილობით დადება იწვევს ავტორთა მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემას დამამზადებლისათვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; მითითებულ შესაგებელში კი მოპასუხე ვერ აკონკრეტებს მხარეთა ურთიერთობის სახესა და ხასიათს, ვინაიდან ურთიერთობის პირობები, ფარგლები და, შესაბამისად, სცენარის გამოყენების პირობები არ ყოფილა გარკვეული და შეთანხმებული. კანონმდებლობა დამამზადებელისათვის გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემის შემთხვევაშიც კი ცალსახად ითვალისწინებს ავტორის უფლებას, მიიღოს ჰონორარი მოსარგებლისაგან (მაუწყებლობის ორგანიზაციისაგან) ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის, ხელშეკრულებით სხვაგვარი შეთანხმება ბათილია. სასამართლო კოლეგიას მხარეთა პოზიციების შეუფასებლად არ შეეძლო მათ ურთიერთობის ხასიათი გაერკვია.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხის განმარტებით მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მასთან და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად. ნაწარმოებს ქმნიდა სამსახურებრივი დავალების შესრულების წესით (სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).

სასამართლო კოლეგიას არ შეუფასებია მოპასუხის მითითებული განმარტება და არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება, მოსარჩელე იმყოფებოდა თუ არა შრომით ურთიერთობაში მოპასუხესთან მხოლოდ აღნიშნული საკითხის გარკვევის შემდეგ. შეიძლებოდა კოლეგიას გადაეწყვიტა სამსახურებრივი ნაწარმოები შეიქმნა თუ არა. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქონებრივი უფლებები ნაწარმოებზე, რომელიც შექმნილია სამუშაოს მიცემის უშუალო სამსახურებრივი დავალების შესრულების წესით (სამსახურებრივი ნაწარმოები) ეკუთვნის სამსახურებრივი ნაწარმოების ავტორს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ ნორმის დანაწესით მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობით უნდა იყვნენ დაკავშირებული და ქონებრივი უფლებები სამსახურებრივ ნაწარმოებზე სამსახურებრივი ნაწარმოების ავტორს ეკუთვნის, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებით ისინი სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმის მასალების, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე უნდა მოახდინოს მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის კვალიფიკაცია და შემდეგ გადაწყვიტოს მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ წაყენებული ქონებრივი პრეტენზიების დაკმაყოფილების საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. კ-ას წარმომადგენელ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს ქ. თბილისის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.