დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 21.02.2006
საქმის ნომერი
ას-1172-1418ა-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.02.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1172-1418ა-05 21 თებერვალი, 2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს ...“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სხვადასხვა ფირმების, მათ შორის‚ „...“ მიმართ და აღნიშნა, რომ 2004წ. 1 იანვრიდან 31 მაისამდე აღნიშნული ფირმები აწარმოებდნენ ნავთობისა და ნავთობ-პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვას. მათი სახელით ...“ ურთიერთობებს ახორციელებდა საექსპედიციო კომპანია შპს ...“, რომელიც იხდიდა ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას ტვირთის გამოგზავნის პუნქტში შედგენილ სარკინიგზო სატრანსპორტო ზედნადებებით. ტვირთის გამომგავნად და მიმღებად ფიქსირდებოდა ტვირთმფლობელი ფირმები, ხოლო რიგ შემთხვევებში ტვირთის მიღებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს „...“ ტერმინალს.

მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად შპს ...“ მიერ თავისი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისა, მოპასუხეები ვერ უზრუნველყოფდნენ დანიშნულების ადგილამდე მიტანილი ტვირთის დროულ მიღებასა და დაცლას, რის გამოც ყოვნდებოდა ვაგონ-ცისტერნები როგორც უშუალოდ ბათუმის ნავთობის ტერმინალის მისადგომებთან, ასევე‚ გზაზე და გზამდებარე სადგურებში. ყოველ ასეთ დარღვევაზე დგებოდა ...“ წესდებით გათვალისწინებული საერთო ფორმის აქტი – ფორმა გუ 23 და ისინი წარედგინებოდა დამკვეთს. ტვირთმფლობელ კომპანიებს ასევე სისტემატურად წარედგინებოდა უწყებები ვაგონების გამოყენებისა და ტვირთის შენახვის გამო დარიცხული თანხების ანაზღაურების შესახებ, რის თაობაზეც მოპასუხეებისაგან ხდებოდა სრული იგნორირება.

მოსარჩელის აზრით, შპს ...“ ტარიფების შესაბამისად გადახდას ექვემდებარება ფირმა „...“ 1615522,63 ლარი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით შპს ...“ სარჩელი დაკმაყოფილდა _ ფირმა „...“ შპს ...“ სასარგებლოდ დაეკისრა 1615489, 63 ლარის გადახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება ზედნადების სახით. ფირმა „...“ ვერ უზრუნველყო მის სახელზე გადამზიდველის მიერ გადაზიდული პროდუქციის დროული ჩამოცლა, რამაც გამოიწვია ვაგონების მოცდენა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ფირმა „...“ ჰქონდა ნაკისრი ტვირთის მიღების ვალდებულება. მან ეს ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელეს.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა‚ დროის განაწილვადებით გადაეხადა სარჩელში მითითებული თანხა და აღიარა ვალდებულება, სასამართლომ მას დააკისრა სარჩელში მითითებული თანხა.

სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფირმა „...“ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია მტკიცებულებები, უფრო მეტიც, მტკიცებულების ასლებიც არ გადაუგზავნია მოპასუხისათვის. მისი განმარტებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება ზედნადების არათუ დედნები, არამედ ამ ზედნადების ასლები, ხოლო საერთო ფირმის აქტებზე არ არის მათი წარმომადგენლის ხელმოწერა და ისიც არ არის ასლის სახით გადაგზავნილი მოპასუხისათვის. ამასთან, კასატორის მითითებით, სასამართლომ იხელმძღვანელა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით, რომელიც‚ „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის თანახმად‚ ძალადაკარგულია. ამასთან, არასწორადაა გამოყენებული სარკინიგზო კოდექსის ის მუხლები, რომლითაც დადგენილია ვაგონების მოცდენისათვის ტვირთის მიმღების პასუხისმგებლობა. რაც შეეხება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას», კასატორის აზრით, იგი საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული არ არის, ამიტომ სასამართლოს იგი არ უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ფირმა „...“ მიმართ თანხის ოდენობა დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით და ამასთან, თვით მოპასუხის მიერ აღიარებულია ვალდებულება. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ფირმა „...“ უარყოფდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების არსებობას და განმარტავდა, რომ ზედნადებების არსებობა არ ნიშნავს მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობას. 2005წ. 11 მაისის სხდომაზე კი მან განმარტა, რომ ხელშეკრულება დადებული ჰქონდა როგორც რკინიგზასთან, ასევე ექსპედიციასთან. აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ სრულიად სამართლიანად მიუთითა, რომ ზედნადების არსებობა თავისთავად ნიშნავს მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობას. აღნიშნული გამომდინარეობს როგორც სამოქალაქო, ასევე‚ სარკინიგზო კოდექსის ნორმებიდან.

სკ-ის 672-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების სახით. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად კი „ზედნადები“ არის გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელიც წერილობით ფორმდება რკინიგზასა და ტვირთის გამგზავნს შორის, თან ახლავს ტვირთს მისი მსვლელობის მთელ გზაზე და შეიცავს სკ-ისა და ამ კანონით გათვალისწინებულ მონაცემებს ტვირთის გადაზიდვის შესახებ. იმავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად კი ზედნადების საფუძველზე რკინიგზა ვალდებულებას კისრულობს‚ ტვირთგამგზავნის მიერ მისთვის გადაცემული ტვირთი მიიტანოს დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე და გადასცეს ტვირთი მიმღებს, ხოლო ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვის და სხვა მომსახურების გაწევის დადგენილი საფასური. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ფირმა „...“ სასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია ზედნადებების არსებობა. აღნიშნული გარემოების მიმართ პრეტენზიები გამოთქმულია მხოლოდ საკასაციო საჩივარში, სადაც მითითებულია, რომ ზედნადებები საქმეში არ არის სათანადო წესით წარმოდგენილი და მხარეს არ გადაგზავნია გასაცნობად კანონმდებლობით დადგენილი წესით (იგივე პრეტენზიებია გამოთქმული საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაშიც).

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლო არ იხილავს საქმეს არსებითად. იგი მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს სხვა ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამ თვალსაზრისით კი, სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების თაობაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. ფირმა „...“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაბარებია საქმეში არსებული მტკიცებულებების ასლები, რომ მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა შეუსაბამოდ და ა.შ., ასახული არ არის საქმის მასალებში, ასეთზე არ მიუთითებია მხარეს საქმის განხილვისას სასამართლოში. უფრო მეტიც, 2005წ. 11 მაისის სხდომაზე ფირმა „...“ წარმომადგენელმა მხარეთა პაექრობისას მიუთითა, რომ ფირმა „...“ ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ექსპედიციასთანაც და რკინიგზასთანაც და იგი გადაიხდის სადავო თანხას შეთანხმებულ ვადებში. საქმის მასალებით არ დგინდება ის გარემოება, რომ ფირმა „...“ წარმომადგენელმა მხოლოდ მორიგების თვალსაზრისით დაადასტურა ამ თანხის გადახდაზე თანხმობა. ფირმა „...“ წარმომადგენელ ჯ. ხ-შვილს სასამართლო სხდომაზე არც ერთი საქმეში არსებული მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდია, მათ შორის, შედარების აქტიც, რომელზე ხელმოწერითაც მხარეს სწორედ სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობით ვალის არსებობა აქვს დადასტურებული.

პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ სასამართლო სხდომაზე გამოხატა რა თანხმობა, გადაეხადა სარჩელში მითითებული თანხა (მხარე ამ შემთხვევაში ითხოვდა მხოლოდ ამ თანხის გადახდევინების განაწილვადებას)‚ მან ფაქტობრივად აღიარა შპს ...“ არსებული ვალდებულება. აღნიშნული კი სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, შესაძლოა ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად და საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილებას. პალატა მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ სავსებით კანონიერად დაუდო მითითებული გარემოება გადაწყვეტილებას საფუძვლად.

პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ მიღებულია სწორი გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. რაც შეეხება კასატორის მითითებას სასამართლოს მიერ გამოყენებული სხვადასხვა აქტების თაობაზე, პალატა თვლის, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ზემოთ მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, ამიტომ არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფირმა „...“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 11 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.