გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1186-1430-05 16 იანვარი, 2006 წ.,ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ხ-ძემ სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში სს „თ-ის“ მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით.
მოსარჩელემ სარჩელში განმარტა, რომ მუშაობდა შპს «ს. რ-ის» ფილიალის თბილისის ... დ-ში მეორე თანრიგის მემანქანედ. 1987წ. 20 ოქტომბერს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მოპასუხე მხარის კუთვნილი ავტომანქანის შეჯახებისას მიიღო სხეულის დაზიანება და დაკარგა შრომის უნარი, რასთან დაკავშირებითაც თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაკისრებული ჰქონდა ყოველთვიური სარჩო, რომელსაც ღებულობდა 2003წ. ივლისამდე. ამის შემდეგ მოპასუხემ შეუწყვიტა ზიანის ანაზღაურება.
ზ.ხ-ძემ განმარტა, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში მემანქანის ხელფასმა განიცადა ცვლილებები, შესაბამისად სარჩოს ოდენობაც უნდა გაზრდილიყო. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩოს დაკისრება მოპასუხეზე 2004წ. აპრილიდან 2005წ. 8 აპრილამდე 3688 ლარის ოდენობით, ხოლო აპრილიდან ყოველთვიურად 304 ლარის ოდენობით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა 3688 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 2005წ. 8 აპრილიდან ყოველთვიურად 304 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სს „თ-ის“ დირექტორის მიერ სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით: სს „თ-ი» არ წარმოადგენდა მოსარჩელის დამქირავებელს, საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების თანახმად კი ზიანი უნდა აენაზაღაურებინა დამქირავებელს.
აპელანტის განცხადებით, ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო იყო საწარმოს მხრიდან ბრალეულობის არსებობა. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1990 და 1999წ. კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებში კი არსად იყო მითითებული იმის შესახებ, თუ რაში გამოიხატებოდა „თ-ის“ და მისი მძღოლის ბრალეულობა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესით პირველი თავის მე-3 და მე-5 პუნქტები), გამოიყენა და არასწორად განმარტა კანონი (სსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და 266-ე მუხლი).
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ დავის გადაწყვეტისას არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული სსკ-ის 106-ე და 266-ე მუხლები. სააპელაციო პალატის განცხადებით სსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ასეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად კი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 10 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ურთიერთობანი, რომლებსაც გააჩნდათ პრეიუდიციული ძალა და ისინი აღარ საჭიროებდნენ დადგენას მოცემულ დავაში.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით შეიცვალა თელავის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 მარტის გადაწყვეტილება და სს „თ-ს“ ზ. ხ-ძის სასარგებლოდ 2004წ. აპრილიდან დაეკისრა ყოველთვიურად 244 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საკასაციო საჩივრით ზ. ხ-ძისა და სს „თ-ის“ მიერ.
ზ. ხ-ძის განცხადებით, შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმის შედეგად ზიანით მიყენებული ზარალის საზღაურის სახით მოპასუხე სს „თ-ს“ მის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ყოველთვიური სარჩოს სახით თვეში 244 ლარის გადახდა, რაც ზ. ხ-ძეს არ მიაჩნია სწორად, რადგან იგი თვლის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია არასწორი გაანგარიშებით და მოითხოვს გადაწყვეტილების შესწორებას და სს „თ-ისათვის“ სარჩოს სახით თვეში 304 ლარის დაკისრებას შემდეგი საფუძვლით:
ზ. ხ-ძის განცხადებით, სააპელაციო პალატა სწორად აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებულ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ მა-11 და მე-12 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად უნდა ხდებოდეს დაკარგული შრომის საზღაურის გაანგარიშება. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატა გადაწყვეტილებას ღებულობს არასწორი გაანგარიშებით და საერთოდ არ იხსენიებს ამავე წესის მე-13 მუხლის მოთხოვნას, სადაც მოცემულია, რომ „ხელფასში, საიდანაც იანგარიშება ზიანის ასანაზღაურებელი თანხის სიდიდე, შედის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება, სადაც შედის როგორც ხელფასი, ისე პრემია.
ზ. ხ-ძის განცხადებით, ბოლო სამ თვედ მოხსენიებულია 2004წ. ნოემბერი, სადაც ხელფასის ოდენობად ნაჩვენებია 280 ლარი და 47 თეთრი, დეკემბრში _ 303 ლარი და 74 თეთრი და 2005წ. იანვარში კი 305 ლარი და 73 თეთრი. ამავე პერიოდში პრემიის სახით გაცემულია 250 ლარი და 28 თეთრი, თანხის საერთო ჯამი უდრის 1140 ლარსა და 22 თეთრს, რაც გაყოფილია სამ თვეზე და შეადგენს 380 ლარს – საიდანაც უნდა მომხდარიყო დაკარგული შრომის უნარის 80% საზღაურის გამოთვლა. სააპელაციო პალატამ კი თვიური საშუალო ხელფასის სახით აიღო მხოლოდ 2005წ. იანვრის თვეში ნაჩვენები ხელფასი 305 ლარისა და 73 თეთრის ოდენობით, რომლიდანაც მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს სახით 244 ლარის გადახდა.
სს „თ-ი“ თავის საკასაციო საჩივარში მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით:
სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის ... დ-ს II თანრიგის მემანქანემ ზ. ხ-ძემ შრომითი მოვალეობების შესრულებისას სს „თ-ის“ წინამორბედ საწარმოს ტრესტ „ა-ის“ ავტოსატრანსპორტო საწარმოს კუთვნილ ავტომანქანასთან შეჯახებისას საწარმოო ტრავმა მიიღო 1987წ. 20 ოქტომბერს. იგივე თარიღები იყო მითითებული პრეიუდიციულად ცნობილ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებაში, სადაც ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე უბედური შემთხვევის თარიღის და საწარმოს ბრალეულობის საკითხის გამოკვლევის გარეშე გაზიარებულ იქნა ზ.ხ-ძის განმარტება. სს „თ-ის“ განცხადებით, უბედური შემთხვევის თარიღი არასწორად არის მითითებული, რადგან ზ.ხ-ძე წითელწყაროს რაისაავადმოყოფში შესულია 1987წ. 21 ოქტომბერს 1230 სთ-ზე და გაწერილია იმავე დღეს 16 სთ-ზე. ამ ფაქტს ადასტურებს დეპოს ოპერატიული თათბირის 1987წ. 22 ოქტომბრის ოქმი და თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ავადმყოფობის ისტორიის ამონაწერი.
სს „თ-ი“ აღნიშნავს იმასაც, რომ არც თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს 1990 და 1994 წლების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებში და არც უბედური შემთხვევის აქტში არსად არაა მითითებული, რაში გამოიხატებოდა სს „თ-ის“ და მისი მძღოლის ბრალეულობა. ასევე არ არის მითითებული, „მოძრაობის უსაფრთხოების წესების“ რომელი მუხლი იქნა დარღვეული და არც ერთ გადაწყვეტილებაში, არც ერთ დოკუმენტში არ ფიგურირებს მძღოლის გვარი.
კასატორის განცხადებით, სააპელაციო საჩივარში იყო მითითება 1998წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებულ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის» მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც მუშაკს სარჩოს გადახდით ზიანი უნაზღაურდება ბრალის არსებობის შემთხვევაში, ისიც დამქირავბლის მიერ. სს „თ-ი“ კი არ ყოფილა ზ.ხ-ძის დამქირავებელი. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დღემდე არ არსებობს განაჩენი, სადაც ზ.ხ-ძე ცნობილია დაზარალებულად და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დადგენილი იქნებოდა სს „თ-ის“ ბრალეულობა.
კასატორის განცხადებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან გამოიყენა კანონი, რომელია არ უნდა გამოეყენებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრებს და მიიჩნევს, რომ სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს სს „თ-ის“ საკასაციო საჩივრის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებას არ შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული ძალა იმის გამო, რომ სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკლვევის გარეშე უბედური შემთხვევის თარიღის და მათი საწარმოს ბრალეულობის საკითხის გამოკვლევის გარეშე გაიზიარა ზ.ხ-ძის განმარტება. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ უთითებს ვერც ერთ სამართლებრივ ნორმას, რომლის საუძველზეც შესაძლებელია ასეთი სახის გადაწყვეტილების მიმართ გაქარწყლდეს სსკ-ის 106-ე მუხლით გათვალისწინებული პრეიუდიცია. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ამ ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ ფაქტებს განეკუთვნება ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად კი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლს შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. კასატორსს „თ-ი“ კი სადავოდ ხდის სწორედ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს, ისე რომ არ უთითებს კანონის ნორმას, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმების უგულებელყოფა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
რაც შეეხება ზ. ხ-ძის საკასაციო საჩივარს, მისი აზრით სასამართლომ არ გამოიყენა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ბრძანებულების მე-13 პუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, ხელფასში, საიდანაც იანგარიშება ზიანის ასანაზღაურებელი თანხის სიდიდე, შედის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება (ძირითადი ხელფასი, პრემია, დამატებითი ანაზღაურება იმავე ორგანიზაციაში, ზეგანაკვეთური სამუშაოებისათვის, შრომის მავნე და მძიმე პირობებისთვის, დანამატი ნამსახურობისათვის, აგრეთვე სხვა დამქირავებელთან მუშაობისას მიღებული შრომის ანაზღაურება). ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღნიშნული ნორმის საფუძველზე უნდა შეეფასებინა ასანაზღაურებელი თანხის სიდიდე, უნდა დაედგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, თუ რას შეადგენდა ხელფასის, პრემიის და ა.შ., აღნიშნულ ნორმაში მითითებულ ერთობლივ შემოსავალში მითითებული კომპენსაციის ოდენობა და აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე განესაზღვრა სარჩო.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ზ. ხ-ძისათვის ასანაზღაურებელი თანხის გამოანგარიშების ნაწილშიდა ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა ზ.ხ-ძის მიმართ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაღზაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-13 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები და ამ გარემოებათა გათვალისწინებით განსაზღვროს ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 ივნისის გადაწყვეტილება თანხის გაანგარიშების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.