დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1200-1444-05 8 მაისი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. გ-ძემ მ. დ-ოვას მიმართ წარდგენილ სარჩელში განმარტა, რომ 1965 წელს ცოლად მოიყვანა მოპასუხე მ. დ-ოვას დედა, ა. მ-იანი. მ. დ-ოვა იმ დროს იყო არასრულწლოვანი და გაიზარდა მასთან, თვითონ კი შვილი არ შესძენია. 1999წ. 12 მარტს გარდაიცვალა ა. მ-იანი, რის გამოც მ. დ-ოვამ და მისმა შვილებმა მოითხოვეს გარდაცვლილის წილი მთლიანი ქონებიდან. 1999წ. 29 ოქტომბერს სასამართლოში მხარეთა შორის შემდგარი მორიგების შედეგად პირუტყვი და ნივთები ერგო მ. დ-ოვას, ხოლო სახლი და მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს დარჩა. 2000წ. 20 სექტემბერს ბ. გ-ძესა და მ. დ-ოვას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გ-ძემ თითქოსდა გაყიდა სახლი და მიწის ნაკვეთი 1700 ლარად. პირობის თანახმად, მოპასუხეს უნდა მოევლო მისთვის, რასაც ის არ ასრულებდა. 2004წ. 4 ნოემბერს ბ. გ-ძემ მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს და მოპასუხეს მოსთხოვა მოვლა-პატრონობა, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი. ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა დათქმული პირობა, მოსარჩელემ მოითხოვა 2000წ. 20 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება. დედის გარდაცვალების შემდეგ მან უარი განაცხადა სამკვიდრო ქონებაზე, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი დარჩა ბ. გ-ძეს. 2000წ. 20 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დაიდო ბ. გ-ძესა და მ. დ-ოვას შორის, მ. დ-ოვა თავისი ოჯახით საცხოვრებლად გად-ა მოსარჩელე მხარესთან, მაგრამ გარკვეული დროის შემდგომ იძულებული გახდა ისევ დაბრუნებულიყო ბორჯომში, თუმცა მოვლა-პატრონობას კვლავ აგრძელებდა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა მხარეთა შორის გაფორმებული 2000წ. 20 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება. სახლი და მიწის ნაკვეთები დაუბრუნდა პირვანდელ მფლობელს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ოვამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ბ. გ-ძესა და მ. დ-ოვას შორის 2000წ. 20 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. უძრავი ქონება დაუბრუნდა ბ. გ-ძეს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც თვალთმაქცური გარიგება, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით მხარეებმა დაფარეს გარიგება სამისდღეშიო რჩენის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 56-ე მუხლით და ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად მიიჩნია.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ოვამ. კასატორს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოდ მიაჩნია, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განმარტა კანონი და, შესაბამისად, მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, თითქოს მოსარჩელემ 2000წ. 20 სექტემბრის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მ. დ-ოვამ არ შეასრულა დათქმული პირობა – მოევლო და ეპატრონა მისთვის, მაშინ, როდესაც სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობა და ეს საფუძველი მოსარჩელეს არ შეუცვლია სსკ-ის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნები, როდესაც ბათილად ცნო ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც მოწინააღმდეგე მხარეს არ მოუთხოვია. სკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილით ხელმძღვანელობისას სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ მ. დ-ოვამ სახლის ღირებულების ანგარიშში ბ. გ-ძეს საკუთრებაში გადასცა სამი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ესეც რომ არ ყოფილიყო, აღნიშნული ნორმის თანახმად უნდა მომხდარიყო არსებული ხელშეკრულების არა ბათილად ცნობა, არამედ ამ შემთხვევაში დაფარული გარიგების – სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მიმართ მოქმედი შესაბამისი წესების გამოყენება, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ ბათილად ცნობილი ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილე მხარის, კერძოდ, ბ. გ-ძის მიერ დადასტურებული იყო მხარეთა შორის არსებული გარიგება, რის გამოც მას შეცილების უფლება, სკ-ის 61-ე მუხლის შესაბამისად, დაკარგული ჰქონდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ისი 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარმოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში რაიონულ სასამართლოში მ. დ-ოვამ დაადასტურა ის გარემოება, რომ ბ. გ-ძე მასთან გადასულიყო საცხოვრებლად და ყურადღება მიექცია მისთვის. აღნიშნულის თაობაზე მ. დ-ოვამ შესთავაზა ხელშეკრულების დადება, რაზეც დათანხმდა ბ. გ-ძე. როგორც აღნიშნულიდან ირკვევა, მხარეთა შორის შესდგა შეთანხმება სამისდღეშიო რჩენის თაობაზე. მ. დ-ოვამ არც ის უარყო, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება ბ. გ-ძისათვის არ გადაუხდია.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის დადებულია თვალთმაქცური გარიგება და ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სამისდღეშიო რჩენის თაობაზე გარიგება, რაც სკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ითვლება ბათილ გარიგებად.
რაც შეეხება კასატორის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის უნდა აღდგენილიყო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ, მაგრამ ამავე კოდექსის 949-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.
მხარეები არ უარყოფენ, რომ მათ შორის არის კონფლიქტური დამოკიდებულება და, შესაბამისად, შეუძლებელი იქნება მათი შემდგომი ურთიერთობის გაგრძელება.
სკ-ის 949-ე მუხლის მეორე ნაწილით კი გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯი არ აუნაზღაურდება მარჩენალს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ყოველივე აღნიშნულის გამო, საკასაციო პალტას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა დ გ ი ნ ა:
მ. დ-ოვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.