გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1215-1459-05 17 იანვარი, 2006წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 15 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს გ. ქ-ძემ, გ. კ-იამ, რ. ა-ბამ, გ. ბ-შვილმა, ე. ბ-იამ, შ. ბ-ძემ, ქ. ბ-იონმა, შ. გ-შვილმა, ვ. გ-ძემ, რ. გ-შვილმა, გ. დ-იამ, ტ. დ-შვილმა, ზ. ზ-იამ, მ. ზ-ძემ, ზ. თ-ძემ, ა. თ-ძემ, ზ. თ-ძემ, რ. თ-ძემ, ა. კ-კომ, ს. კ-ძემ, ო. ლ-ძემ, გ. მ-იანმა, თ. მ-ავამ, გ. პ-შვილმა, გ. პ-ძემ, რ. პ-იამ, ა. ტ-ძემ, ა. ქ-ძემ, შ. ქ-ძემ, რ. შ-ძემ, გ. შ-ძემ, ვ. ჩ-ენმა, ა. ც-ძემ, ი. ც-ძემ, თ. ც-ძემ, თ. ჭ-ელმა, ბ. ხ-შვილმა, ჯ. ხ-აშმა, ა. ჯ-იანმა, ი. ჯ-იანმა, ნ. ბ-შვილმა, ნ. ც-ძემ მოპასუხე შპს «ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის» მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს 2001წ. მარტის თვიდან 2004წ. აგვისტოსმდე პერიოდში მისაღები ხელფასიდან უკანონოდ დაქვითული 25%-ის ანაზღაურება, ზედმეტად ნამუშევარი სამუშაო დროის ხელფასის ანაზღაურება, სულ მოპასუხისათვის 42 000 ლარის დაკისრება.
მოსარჩელეები მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელეები წარმოადგენდნენ მოპასუხე შპს «ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის» გასამხედროებული საუწყებო დაცვის თანამშრომლებს. ქარხნის დირექტორის ბრძანების თანახმად‚ ისინი მუშაობდნენ 24-საათიან რეჟიმში. მოპასუხის 2001წ. 1 მარტის ¹26/»კ» ბრძანებით, რომლის შინაარსი მათთვის ამჟამად გახდა ცნობილი, ქარხანაში სამუშაოთა მოცულობის შემცირების გამო შეუმცირდათ ხელფასი 25%-ით, ხოლო 2002წ. 20 თებერვლის ბრძანებით მათი თანხმობის გარეშე გადაყვანილ იქნენ სამცვლიან რეჟიმზე. სახელფასო უწყისების თანახმად ხელფასის ანაზღაურება ხდებოდა ძველი საშტატო განრიგით, მაგრამ 25% აკლდებოდა უკანონოდ. ქარხანაში სამუშაოების შემცირებისას დაცვის სამსახურის ფუნქცია არ შეცვლილა და არც მათი დატვირთვა შემცირებულა, ანუ ოთხცვლიანი რეჟიმიდან სამცვლიან რეჟიმზე გადაყვანით უფრო დამძიმდა დაცვის სამსახურის მდგომარეობა. მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხემ 2004წ. 23 აგვისტოს ¹29/»კ» ბრძანებით მოსარჩელეები კვლავ გადაიყვანა ოთხცვლიან სამუშაო გრაფიკზე, მაგრამ არ აუნაზღაურებია დანაკლისი 25%. მოსარჩელეები სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ შრომის კანონთა კოდექსის 43-ე, მუხლის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მუშა-მოსამსახურეთა სამუშაო დროის ნორმალური ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს 41 საათს კვირაში, ხოლო ქარხნის დირექციის 2002წ. 20 თებერვლის ბრძანებით მოსარჩელეთა სამცვლიან რეჟიმზე გადაყვანის გამო მუშაობდნენ 60 საათს, რითაც დაირღვა მათი შრომითი უფლებები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით:
ქარხანაში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ქარხნის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება თანამშრომელთა ხელფასების შემცირების თაობაზე. 2001წ. ¹26/»კ» ბრძანებით ყველა თანამშრომელს შეუმცირდა თვიური სარგო სხვადასხვა რაოდენობით, მათ შორის, მოსარჩელეებისათვის შემცირება მოხდა 25%-ით. აღნიშნული ბრძანების შესახებ თავიდანვე ცნობილი იყო ყველა თანამშრომლისათვის, მათ შორის, მოსარჩელეებისათვის, რომელთაც არ გამოუთქვამთ რაიმე პრეტენზია. ისინი შემცირებული ხელფასით მუშაობდნენ 2001წ. 1 მარტიდან, ხოლო სამცვლიანი გრაფიკით _ 2002წ. მარტიდან. გაურკვეველი იყო, თუ რის საფუძველზე განსაზღვრეს მოსარჩელეებმა ზიანის თანხა _ 42 000 ლარი. მოსარჩელეებს სასამართლოსათვის არ მიუმართავთ კანონით დადგენილ 3-თვიან ვადაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები 2001 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდნენ 25%-ით შემცირებული ხელფასით და სამცვლიანი გრაფიკით, ხელს აწერდნენ უწყისში ხელფასის სრულ ოდენობაზე, ხოლო ხელზე იღებდნენ 25%-ით ნაკლებს. ნაცვლად ოთხი ცვლისა, ისინი მუშაობდნენ სამცვლიანი გრაფიკით, ისე, რომ ოფიციალურად ადმინისტრაციისათვის არ მიუმართავთ და პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ამდენად, 2001 წელს მათთვის უკვე ცნობილი იყო აღნიშნულის თაობაზე, ხოლო 2005წ. 15 თებერვლამდე არ მოუთხოვიათ დარღვეული უფლებების აღდგენა. შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, მუშებსა და მოსამსახურეებს შრომითი დავის კომისიისათვის შეეძლოთ მიემართათ სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მათ გაიგეს ან უნდა გაეგოთ თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ვადა მოსარჩელეთა მიერ გაშვებული იყო და არ არსებობდა ვადის აღდგენის საფუძველი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეთა რწმუნებულმა ა. ცეცხლაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტების მოსაზრებით, მათ მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, ვინაიდან არ იყვნენ ვალდებულნი, სცოდნოდათ, თუ რის საფუძველზე ექვითებოდათ ხელფასიდან თანხა. როდესაც 2001წ. მარტის თვის შემდეგ აიღეს ნაკლები ხელფასი, ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ მათ განუც-, რომ ხელფასიდან დანამატი აკლდებოდა ქარხანაში სამუშაოების შემცირების გამო, მაგრამ 2004წ. აგვისტოში ოთხცვლიან სამუშაო რეჟიმზე გადაყვანის შემდეგ მათთვის ცნობილი გახდა, რომ ხელფასზე დანამატი კი არ აკლდებოდათ, არამედ უკანონოდ ექვითებოდათ ხელფასის 25%. შრომის კანონთა კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, ხელფასიდან დაქვითვა შეიძლებოდა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და არა ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა სადავო შემთხვევაში.
აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს «ბ. ქ-ას» მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 10 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, კერძოდ: ა. თ-ძის, რ. ა-ბას, გ. ბ-შვილის, რ. შ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულისათვის 270 აშშ დოლარის გადახდა; გ. ქ-ძის, გ. კ-იას, შ. ბ-ძის, ქ. ბ-იონის, შ. გოგოლიშვილის, ვ. გ-ძის, რ. გ-შვილის, გ. დ-იას, ტ. დ-იშვილმა, ზ. ზ-იამ, მ. ზ-ძის, ზ. თ-ძის, ზ. თ-ძის, რ. თ-ძის, ა. კ-კოს, ო. ლომთათიძის, გ. მ-იანის, თ. მ-ავას, გ. პ-შვილის, გ. პ-ძის, რ. პ-იას, ა. ტ-ძის, ა. ქ-ძის, თ. ც-ძის, თ. ჭ-ელის, ბ. ხ-შვილის, ა. ჯ-იანის, ი. ჯ-იანის, ნ. ბ-შვილის, ნ. ც-ძის სასარგებლოდ _ თითოეულისათვის 240 აშშ დოლარის გადახდა; ჯ. ხ-აშის, შ. ქ-ძის, ე. ბ-იას, ს. კ-ძის სასარგებლოდ _ თითოეულისათვის 320 აშშ დოლარის გადახდა. სარჩელს დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ შპს «ბ. ქ-ის» საუწყებო დაცვაში ოთხცვლიან 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი ანაზღაურებით; შპს –ის ადმინისტრაციის 2001წ. ¹26/კ ბრძანებით მათ შეუმცირდათ ხელფასი 25%-ით, რის თაობაზეც ადმინისტრაციამ განუმარტა, რომ ქარხანა განიცდიდა მძიმე ეკონომიკურ კრიზისს; ადმინისტრაციის 2002წ. 20 თებერვლის ბრძანებით მოსარჩელეები ოთხცვლიანი სამუშაო რეჟიმიდან გადაყვანილ იქნენ სამცვლიან რეჟიმში; მოსარჩელეთათვის სახელფასო უწყისების გამოწერა ხდებოდა ძველი საშტატო განრიგით, ხოლო ხელზე იღებდნენ 25%-ით ნაკლებს; 2004წ. ივნისში მოსარჩელეებმა თავიანთი უფლებების დასაცავად მიმართეს აჭარის პროფკავშირებს, ასევე, ქარხნის ადმინისტრაციას, კერძოდ, მოითხოვეს სამცვლიანი რეჟიმიდან ოთხცვლიან რეჟიმზე გადაყვანა და უკანონოდ დაქვითული ხელფასის 25%-ის ანაზღაურება; ქარხნის ადმინისტრაციის 2004წ. 23 აგვისტოს ¹29/კ ბრძანებით მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეები სამცვლიანი რეჟიმიდან გადაყვანილ იქნენ ოთხცვლიან რეჟიმზე, დამტკიცდა სახელფასო ფონდი, მიუხედავად ამისა, მოსარჩელეები ხელფასს იღებდნენ 25%-ით ნაკლებს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა მოსარჩელეთა მოთხოვნა მხოლოდ ბოლო 10 თვის განმავლობაში უკანონოდ დაქვითული ხელფასის 25%-ის ანაზღაურების თაობაზე. შრომის კანონთა კოდექსის 124-ე მუხლის თანახმად, ხელფასიდან დაქვითვა შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონნმდებლობით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა იმ დროისათვის არ ითვალისწინებდა ხელფასიდან 25%-ის დაქვითვას. მიუხედავად მოსარჩელეების შუამდგომლობისა და სასამართლოს მოთხოვნისა, მოპასუხეს წარმოედგინა სახელფასო უწყისები, რათა დადგენილიყო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ მომხდარა მათი წარმოადგენა, რის გამოც, სსკ-ის 136-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეები უნდა გათავისუფლებულიყვნენ ამ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან და აღნიშნული ტვირთი უნდა გადაკისრებოდა მოპასუხეს; მოსარჩელეთათვის ასანაზღაურებელი თანხების ოდენობის გაანგარიშება უნდა მომხდარიყო 2004წ. 25 აგვისტოს ქარხნის დირექტორის მიერ დამტკიცებული თვიური სახელფასო ფონდის თანახმად. მოსარჩელეთა მოთხოვნა 2001 წლიდან 2004წ. სექტემბრამდე უკანონოდ დაქვითული ხელფასის 25%-ისა და ზედმეტად ნამუშევარი საათების ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხანდაზმული იყო შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის საფუძველზე და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ბ. ქ-ამ» (წარმომადგენელი რ. მხატვარი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვს შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მოსაზრებით, საქმეზე მიღებულია არასწორი გადაწყვეტილება, რაც‚ სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად‚ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში შპს «ბ. ქ-ამ» მოახდინა მოსარჩელეთა ხელფასიდან თანხის დაქვითვა. მოპასუხის 2001წ. 21 მარტის ¹25 ბრძანების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ხელფასის შემცირებას და არა ხელფასიდან დაქვითვას. ამასთან, პრაქტიკულად, არ მომხდარა ხელფასიდან 25%-ის დაქვითვა. განსხვავება ხელფასში ძირითადად წარმოიშვა მუშაობის სამცვლიანი რეჟიმიდან ოთხცვლიან სისტემაზე გადასვლისა და სამუშაო საათების რაოდენობის შემცირების გამო: სამცვლიანი რეჟიმით მუშაობისას ნამუშევარი საათების რაოდენობა მერყეობდა 240 საათიდან, ხოლო ოთხცვლიანი გრაფიკის დროს _ 186-192 საათებში. აქედან გამომდინარე, საათების რაოდენობა თვეში შემცირდა მინიმუმ 54 საათიდან მაქსიმუმ 63 საათით. ამის გამო ხელფასში სხვაობა მეტი უნდა ყოფილიყო, რომ არა ქარხნის 2004წ. 23 აგვისტოს ¹29/კ ბრძანება. აღნიშნული ბრძანების მე-6 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა, რომ დაცვის მუშაკებს მოქმედი თვიური ფონდის ფარგლებში დროებით,წ. ბოლომდე, ყოველთვიური ხელფასი უნდა გადაანგარიშებოდათ 1,2 კოეფიციენტით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პუნქტს გაუვიდა ვადა, წარმოება დღემდე აღნიშნული კოეფიციენტის მიხედვით უხდიდა დაცვის ცვლაში მომუშავე პერსონალს ხელფასს. კასატორი ასევე უთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 136-ე მუხლის საფუძველზე არასწორად გაათავისუფლა მოსარჩელეები მტკიცების ტვირთისაგან. მათ არ უთქვამთ უარი მტკიცებულებათა წარდგენაზე, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან აღნიშნულ მტკიცებულებების წარდგენის შესახებ მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც უსაფუძვლო იყო მითითება ზემოაღნიშნულ 136-ე მუხლზე. სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, რომელიც გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემდგომ. კერძოდ, მხარეთათვის გამოქვეყნებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით აპელანტს დაეკისრა 7906 აშშ დოლარის გადახდა მოპასუხეების სასარგებლოდ, ხოლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში კი აღნიშნული თანხის ნაცვლად მითითებული იყო 10 500 აშშ დოლარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის გამოკვლეული საქმის მასალები, დარღვეულია საპროცესო ნორმები, გამოტანილია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომლის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს «ბ. ქ-ის» ადმინისტრაციის 2001წ. ¹26/კ ბრძანებით მოსარჩელეებს შეუმცირდათ ხელფასი 25%-ით. იმავდროულად, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადგილი ჰქონდა შპს «ბ. ქ-ის» მიერ მოსარჩელეთათვის ხელფასიდან 25%-ის დაქვითვას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა წინააღმდეგობრივია, ვინაიდან ხელფასის შემცირება და ხელფასიდან დაქვითვა არის სხვადასხვა სამართლებრივი ცნებები, რომლებიც სხვადასხვა სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. ხელფასის შემცირება ნიშნავს სახელფასო განაკვეთის შემცირებას, ხოლო ხელფასიდან დაქვითვა გულისხმობს, რომ თავად სახელფასო განაკვეთი არ განიცდის ცვლილებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპელაციო სასამართლომ ზუსტად უნდა გამოარკვიოს, მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივად, შპს «ბ. ქ-ის» ადმინისტრაციის 2001წ. ¹26/კ ბრძანებით განხორციელდა დადგენილი სახელფასო განაკვეთის შემცირება, თუ დადგინდა დაქვითვა აღნიშნული სახელფასო განაკვეთის ფარგლებში, რაც შრომის კანონთა კოდექსის 124-ე მუხლის გამოყენების საფუძველი იქნებოდა. აღნიშნული საკითხის გამოსარკვევად სააპელაციო სასამართლომ აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს სადავო პერიოდის სახელფასო უწყისები. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 136-ე მუხლის საფუძველზე არასწორად გაათავისუფლა მოსარჩელეები მტკიცების ტვირთისაგან. საქმის მასალებში არ მოიპოვება სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის აღნიშნულ მტკიცებულებათა წარმოდგენის დავალების მიცემის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მოსარჩელეთა შუამდგომლობა ამის თაობაზე. შესაბამისად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხემ, მიუხედავად დავალებისა, არ წარადგინა სახელფასო უწყისები, რაც შესაბამისი მტკიცების ტვირთისაგან მოსარჩელეთა გათავისუფლების საფუძველი იქნებოდა.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, რომელიც გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემდგომ. საქმის მასალებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 11 ივლისის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ მხარეთათვის გამოქვეყნებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით აპელანტს დაეკისრა 7906 აშშ დოლარის გადახდა მოპასუხეების სასარგებლოდ. სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილების თანახმად, აპელანტისათვის დაკისრებული თანხა შეადგენს 10 500 აშშ დოლარს. სსკ-ის 257-ე მუხლი მოითხოვს, რომ გადაწყვეტილება საქმის განხილვის შემდგომ დაუყოვნებლივ იქნეს გამოტანილი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ უნდა გამოაცხადოს იმავე სხდომაზე, რომელზეც დამთავრდა საქმის განხილვა, გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ხელმოწერილ უნდა იქნეს ყველა მოსამართლის მიერ და დაერთოს საქმეს. განსაკუთრებით რთული საქმეების მიმართ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანა შეიძლება გადაიდოს 14 დღის ვადით. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილების შინაარსი აუცილებელია, იყოს იდენტური. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის ან აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ სსკ-ის 260-ე მუხლით დადგენილი წესით, ამის თაობაზე ცალკე განჩინების გამოტანის გზით. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 11 ივლისის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამასთან, აღნიშნული სარეზოლუციო ნაწილი ცალკე არ ერთვის საქმეს. ასევე არ ერთვის საქმეს გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესახებ განჩინება. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ის 257-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, აღნიშნული საპროცესო დარღვევის გამო საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს სააპელაციო სასამართლოს მიერ რეალურად გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, ვინაიდან საქმეზე დართული დასაბუთებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქმის განხილვის შედეგად გამოტანილ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა საპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები. ვინაიდან საქმეზე სრულყოფილად არ არის დადგენილი საქმის გარემოებები და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც, სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, საქმე ხელახლა უნდა დაბრუნდეს სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად.
«საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში 2005წ. 25 ნოემბრის ცვლილებების შესაბამისად, აღნიშნულ კანონს დაემატა 884 მუხლი, რომლის თანახმად, 2006წ. 1 იანვრამდე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალათ, უზრუნველეყოთ აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოსა და აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ლიკვიდაცია, ხოლო ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. აღნიშნულის გამო მოცემული საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს უფლებამოსილ სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.