დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 19.06.2006
საქმის ნომერი
ას-1219-1463-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-1219-1463-05 19 ივნისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: მართლზომიერ მფლობელად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი.ჭ-ძემ, თ.ბ-ძემ, ტ.ბ-ძემ, ა.ა-ნმა, ბ.მ-შვილმა, ვ.მ-შვილმა, ვ.ლ-ძემ, თ.ჩ-ძემ და თ.დ-იანმა 2004წ. თებერვალში სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების: შპს «თ-ისა» და ... სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს მათ მიერ დაკავებული ფართის კეთლსინდისიერ მფლობელებად ცნობა. მოსარჩელეებმა თავიანთი მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ შპს «თ-ში»; ამ ორგანიზაციაში ბინით დაკმაყოფილების აღრიცხვაზე იმყოფებიან მოსარჩელეები 10 წელია და ცხოვრობენ საწარმოს ბალანსზე რიცხულ შენობაში, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისი, ...; ეს შენობა სახელმწიფო საკუთრებაა; ისინი იხდიან ბინის კომუნალურ და სხვა გადასახადებს. «თ-ის» საბინაო საკითხთა კომისიამ 1997წ. 31 ივლისს მიიღო ¹20-7/32 დადგენილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეთა სახელზე გაცემული იქნა დაკავებულ ფართზე დროებითი ორდერები.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ი.ჭ-ძე, თ.ბ-ძე, ტ.ბ-ძე, ა.ა-ნი, ვ.მ-შვილი, ვ.ლ-ძე, თ.ჩ-ძე, ბ.მ-შვილი, თ.დ-იანი აღიარებულ იქნენ ქ.თბილისში, ... მდებარე შპს «თ-ის» ბალანსზე რიცხულ სპორტკომპლექის შენობაში მათ მიერ დაკავებული ფართის კეთილსინდისიერ მფლობელებად.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ... სამინისტრომ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო არ დაკმაყოფილდა ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც ეცნობა სხდომის დღე სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზი. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ... სამინისტრომ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ მათ წარმომადგენელს ლ. ბ-შვილს 9 თებერვალს 11 საათზე ჰქონდა სხვა პროცესიც, რომელიც გაგრძელდა, რის გამოც მან ვერ შეძლო გამოცხადება საოლქო სასამართლოში და წინასწარ შეეტყობინებინა დაგვიანების საპატიო მიზეზი. ამასთან, ... სამინისტრომ პრიორიტეტულად მიიჩნია ტ. ბ-ძის სარჩელის განხილვაში მონაწილეობის მიღება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საააპელაციო პალატის 2005წ. 9 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიიჩნია, რომ საქართველოს ... სამინისტროში არსებობს იურიდიული სამსახური, ამდენად, სასამართლოში წარმომადგენლის უფლებამოსილება შესაძლებელი იყო მინიჭებოდა სხვა იურისტსაც, მით უფრო, რომ უწყება სასამართლო სხდომის შესახებ სამინისტროს ჩაბარდა 2004წ. 8 დეკემბერს, ანუ მთავარ სხდომამდე 2 თვით ადრე და სამინისტროს უნდა უზრუნველეყო თავისი წარმომადგენელის მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა ... სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრება ტ. ბ-ძის სარჩელისათვის პრიორიტეტის მინიჭების შესახებ, რადგან ასეთ საფუძველს დაუწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისას საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოში ყველა საქმე თანაბარ პასუხისმგებლობას უნდა იწვევდეს მხარეებში, განსაკუთრებით აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს მომეტებული პასუხისმგებლობა, რომ სასამართლო ხელისუფლებას არ გააწევინოს ზედმეტი ხარჯები სხდომის მომზადებისა და ჩატარებისას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები და მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტი სასამართლომ სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად არ მიიჩნია საპატიო მიზეზად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ... სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად საქმის წარმოების განახლება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა სააპელაციო საჩივარზე, რადგან საკითხი ეხებოდა სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხულ უძრავი ქონების უკანონო გასხვისებას. ნაცვლად ამისა, მან გამოიყენა სსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი და მოწინაააღმდეგე მხარის თხოვნის საფუძველზე მიიღო ნაჩქარევი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაუშვა სახელმწიფო საკუთრებაში რიცხულ შენობა-ნაგებობებში თვითნებურად შეჭრილი ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ფართის მართლზომიერ მფლობელებად აღიარების პრეცენდენტი.

კასატორის მითითებით, სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2005წ. 9 თებერვალს 11 საათზე. იმავე დღეს და იმავე საათზე იხილებოდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში ტ. ბ-ძის სარჩელი სამინისტროს მიმართ. საქმის სირთულიდან გამომდინარე, სამინისტროს იურიდიული სამსახურის ნებისმიერი წარმომადგენელი ვერ მიიღებდა მონაწილეობას ამ დავის განხილვაში, როგორც ეს მიიჩნია სასამართლომ. პროცესზე მონაწილეობა უნდა მიეღო იმას, ვინც საქმეს იცნობდა დეტალურად და ვისაც ჰქონდა მინიჭებული აღნიშნულ საქმეში მონაწილეობის უფლებამოსილება. ზემოხსენებულ პროცესებზე სამინისტროს სახელით მონაწილეობის უფლება მინიჭებული ჰქონდა ერთ პიროვნებას _ ლ.ბ-შვილს, რომელიც საოლქო სასამართლოს პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა, ვინაიდან იმყოფებოდად ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, რის შესახებაც ტელეფონის საშუალებით ეცნობა მოსამართლის თანაშემწეს. მიუხედავად ამისა, 2005წ. 9 თებერვალს სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მიერ 2004წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება. საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ, სამინისტრომ შეიტანა საჩივარი, რომელსაც ახლდა სათანადო საბუთები. აღნიშნულ საჩივარზე უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი 2005წ. 27 მაისის განჩინებით და უცვლელი დარჩა 2005წ. 9 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის განხილვის დღეს ... სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა სხვა საქმის განხილვაში და ამის გამო ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება სააპელაციო საჩივრის განხილვაში; კასატორის მიერ მითითებული ეს გარემოება ვერ ჩაითვლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლად. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, ვინაიდან ... სამინისტროში არსებობს იურიდიული სამსახური, სასამართლოში წარმომადგენლის უფლებამოსილება შესაძლებელი იყო მინიჭებოდა სხვა იურისტსაც, მით უფრო, რომ უწყება სასამართლო სხდომის შესახებ სამინისტროს ჩაბარდა 2004წ. 8 დეკემბერს, ანუ მთავარ სხდომამდე 2 თვით ადრე და სამინისტროს უნდა უზრუნველეყო თავისი წარმომადგენლის მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია ... სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრება ტ. ბ-ძის სარჩელისათვის პრიორიტეტის მინიჭების შესახებ, რადგან დაუწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ასეთ საფუძველს საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ის 387-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სააპელაციო სასამართლოს ზეპირ განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებზე მითითებულია სსკ-ის 387-ე მუხლში, რომლის თანახმად‚ თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად‚ საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის გამოუცხადებლობა იწვევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ (ზეპირ) სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის ანალოგიურ შედეგებს, კერძოდ, თუ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება აპელანტი, რომელსაც უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, ივარაუდება, რომ იგი უარს ამბობს თავის საჩივარზე და მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილი.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა ფაქტობრივ გარემოებებს და სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებში თვითნებურად შეჭრილი პირების მართლზომიერ მფლობელებად აღიარება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება არა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, არამედ მხარის გამოუცხადებლობის გამო. სწორედ ამით არის განპირობებული ის თავისებურება, რომელსაც ითვალისწინებს სსკ-ის 234-ე მუხლი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩამოყალიბებისას. ამ ნორმის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს 249-ე მუხლის მოთხოვნებს სამოტივაციო ნაწილის ჩამოყალიბების გარეშე. ამიტომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისას გამართლებული და ახსნილი უნდა იქნეს მხარის გამოუცხადებლობა, რასაც ემყარება დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან აპელანტმა ვერ დაადასტურა მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, ამიტომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს ... სამინისტროს ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 მაისის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება