დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 22.05.2006
საქმის ნომერი
ას-1227-1471-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-1227-1471-05 22 მაისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: უფლებამონაცვლის დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. ს-შვილის წარმომადგენელმა ნ. წ-ურმა 2004წ. ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ბ. ლ-შვილის და ნ. ლ-შვილის წინააღმდეგ და მოითხოვა გ. ლ-შვილის უფლებამონაცვლედ მისი შვილების: ნ. ლ-შვილისა და ბ. ლ-შვილის დადგენა.

მოსარჩელემ თავისი სარჩელი დაასაბუთა იმით, რომ 2004წ. 2 ივნისს გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ განიხილა შ. ს-შვილის სარჩელი მოპასუხე გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. მთავარ სხდომაზე დაკმაყოფილდა მესამე პირის წარმომადგენლის შუამდგომლობა გ. ლ-შვილის უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის შეჩერების შესახებ. 1998 წელს გარდაცვლილი გ. ლ-შვილი დღემდე ქ. თბილისი, ... ¹35-ში მდებარე სახლთმფლობელობის საივენტარიზაციო გეგმაში ირიცხება მოსარჩელე შ. ს-შვილის თანამესაკუთრედ. აღნიშნულის გამო მესამე პირად საქმეში ჩაბმულ იქნა გ. ლ-შვილის შვილი ბ. ლ-შვილი. მესამე პირის წარმომადგენელმა მოითხოვა საქმის შეჩერება იმ საფუძვლით, რომ ჯერ არ არის დადგენილი გ. ლ-შვილის მემკვიდრე და არ არსებობს მემკვიდრეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გ. ლ-შვილის მეუღლე ი. ლ-შვილი გარდაიცვალა 1986 წელს, ხოლო გ. ლ-შვილი _ 1998 წელს. მის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილები: ბ. და ნ. ლ-შვილები, ისინი გ. ლ-შვილის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდნენ აღნიშნულ ბინაში, მამკვიდრებლის კანონით მემკვიდრეებს ექვსი წელია ფაქტობრივად მიღებული აქვთ სამკვიდრო.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 17 სექტემბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შ. ს-შვილის წარმომადგენელი ნ. წ-ურის სარჩელი და გ. ლ-შვილის უფლებამონაცვლეებად ცნობილი იქნენ მისი შვილები ნ. ლ-შვილი და ბ. ლ-შვილი.

რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა.

რაიონული სასამართლოში 2004წ. 8 ნოემბერს დანიშნული იქნა ბ. და ნ. ლ-შვილების საჩივრის განხილვა; იმის გამო, რომ მოპასუხეები არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. ს-შვილის წარმომადგენლის ნ. წ-ურის სასარჩელო მოთხოვნა და გ. ლ-შვილის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მისი შვილები ნ. ლ-შვილი და ბ. ლ-შვილი.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ნოემბრის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე ნ. ლ-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბ. და ნ. ლ-შვილების სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს სხდომა დაიწყო 10.05 საათზე და დასრულდა 10.45 საათზე. პალატამ მიუთითა, რომ არ დადასტურდა ავტომანქანის გაფუჭებისა და ბ. ლ-შვილის სასამართლოში ყოფნის ფაქტი, რადგან სააპელაციო პალატამ სათანადო მტკიცებულებების გარეშე ვერ გაიზიარა აპელანტის ზემოაღნიშნული მოსაზრება სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის განხილვაზე არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი, რაც სსკ-ის 242-ე მუხლის თანახმად, მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.

სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა ლ. და ბ. ლ-შვილებმა და მოითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.

კასატორებმა თავიანთი საჩივარი დაასაბუთეს იმით, რომ ისინი სასამართლო პროცესის დაწყებამდე იმყოფებოდნენ სასამართლოს შენობაში, მაგრამ პროცესზე არ დაუძახეს და საქმე განიხილა მათი დასწრების გარეშე; სასამართლომ დაარღვია კანონი, რადგან მოპასუხეები ცნო გარდაცვლილი გ. ლ-შვილის უფლებამონაცვლეებად და არა მემკვიდრეებად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ბ. და ნ. ლ-შვილების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ნოემბრის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში მითითებულია რომ, ბ. ლ-შვილი სასამართლოს მიერ დანიშნული სხდომის დღეს 10 საათზე გამოცხადდა სასამართლოს შენობაში, ხოლო ნ. ლ-შვილი კი იმავე დღის 10 საათსა და 07 წუთზე (მან სამარშრუტო ტაქსის გაფუჭების გამო ვერ შეძლო დროული მისვლა), მაგრამ პროცესის დაწყების შესახებ არ გააფრთხილეს და სასამართლო სხდომა მათი მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. ამდენად, მოპასუხეებს რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ძირითად არგუმენტად მიაჩნიათ ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს გამოცხადდნენ სასამართლოს შენობაში, მაგრამ სხდომაზე არ მოხდა მათი მიწვევა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ნოემბრის სხდომა დაიწყო 10.05 საათზე და დასრულდა 10.45 საათზე (ს.ფ. 65-66); საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა ბ. ლ-შვილის სასამართლოს შენობაში ყოფნის ფაქტი და სასამართლოს სხდომაზე ნ. ლ-შვილის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა აპელანტების მოტივები მათი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადების შესახებ, ვინაიდან ვერ მიუთითეს სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმ საფუძვლების შესახებ, რომელთა არსებობისას დაუშვებელია სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებით და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორებს არ წარმოუდგენიათ. დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენება და განმარტება.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. და ნ. ლ-შვილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივლისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება