დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 22.05.2006
საქმის ნომერი
ას-123-561-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-123-561-06 ¹ას-123-561-06 4 ოქტომბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

მოსამართლე მ. ცისკაძე

დავის საგანი: მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა; მოპასუხის მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეულად ცნობა (სარჩელში); შვილად აყვანის მოწმობის ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ი. გ-იამ 2003წ. აგვისტოში სარჩელი აღძრა ქ.თბილისის გლდანი _ ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე მ. ჭ-შვილის მიმართ და მოითხოვა ი. შ-ძის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, ასევე, მ.ჭ-შვილის მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეულ პირად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ყოფილი მეუღლეები 1999წ. დეკემბრიდან ფაქტიურად დაშორდნენ ერთმანეთს, მათი ქორწინება ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ერთად აღარ ცხოვრობდნენ.N

ი. შ-ძის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... ¹653-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტ „ა“-ს 1\2, დამხმარე სათავსოებით; ასევე, მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე 543 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები. ი. შ-ძემ 1989 წელს იშვილა ი. გ-ია; ი. შ-ძე 1996 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. ჭ-შვილთან. ი.შ-ძე გარდაიცვალა 2003წ. 14 იანვარს.

მ.ჭ-შვილმა შეგებებული სარჩელი შეიტანა მოპასუხეების: თბილისის საროს ¹4 განყოფილების, ი.გ-იას მიმართ და მოითხოვა შვილად აყვანის მოწმობის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ქ.თბილისის მე-4 საროს განყოფილებამ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე 2003წ. 10 ივლისს გასცა ი.შ-ძის მიერ ი.გ-იას შვილად აყვანის მოწმობა. ამ დროისათვის კი ი.შ-ძე უკვე გარდაცვლილი იყო; ამით დაირღვა სკ-ის 1240-ე, 1242-ე, 1244-1245-ე, 1247-ე მუხლების მოთხოვნები.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.გ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი ცნობილი იქნა აწ გარდაცვლილი ი. შ-ძის მემკვიდრედ და მისი ქონების, მდებარე ქ.თბილისი, .... ¹65ა-ში 450 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ლიტ „ა-ს“ 1\2-ზე, სათავსოებით და მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე 562 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ნაგებობაზე მესაკუთრედ; მ. ჭ-შვილს ჩამოერთვა კანონით მემკვიდრეობის უფლება აწ გარდაცვლილი ი.შ-ძის სამკვიდრო ქონებაზე; მ.ჭ-შვილის შეგებებული სარჩელი მოპასუხე ი.გ-იას და თბილისის საროს ¹4 განყოფილების მიმართ 2003წ. 10 ივლისს ი. გ-იას სახელზე გაცემული შვილად აყვანის მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. გ-იას სარჩელი _ იგი ცნობილ იქნა ი. შ-ძის ქონების – ქ. თბილისში, ... ¹653-ში 450 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი ლიტერ „ა-ს“ 1\2-ის დამხმარე სათავსოებით ნახევრის – 1\4-ის მემკვიდრედ, მესაკუთრედ და მცხეთის რაიოენის სოფ. ... მდებარე 543 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ნაგებობების, 1\2-ის ნახევრის – 1\4-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; დანარჩენ ნაწილში მის მოთხოვნას ეთქვა უარი; მ. ჭრიკიშვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ჩანაწერებში.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. გ-იამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება; მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა და მოპასუხის მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეულად ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 4 აგვისტოს განჩინებით კასატორ ი. გ-იას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი. გ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ი. გ-იას საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს 30 ლარი, რაც საკასაციო სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 4 აგვისტოს განჩინებით ი. გ-იას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე დავის საგნის ღირებულების 4%-ის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორს, რაც 2006წ. 15 სექტემბერს პირადად ჩაიბარა ი. გ-იამ.

სსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწონებინა 2006წ. 25 სექტემბრის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და სასამართლოს არ წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

სსკ-ის 399-ე მუხლის შესაბამისად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სსკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლებში მითითებული პირობების დარღვევით ან/და სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი ან/და საქმეში არ არის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, იგი გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი.გვალიას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი და მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 30 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 185-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. გ-იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი.

ი. გ-იას დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 30 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.