გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1288-1411-04 23 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ, წიქვაძე (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 26 ივლისს ნ., ზ. და ვ. ნ-ებმა მ. გ-ისა და ნოტარიუს მ. კ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს ე. ქ-ის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გაცემული ანდერძის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
ე. ქ-ემ 2000წ. 28 აპრილს მთელი თავისი ქონება უანდერძა მეზობელ მ. გ-ეს.
ანდერძი ყალბადაა შედგენილი. რომლის შედგენის დროს მოანდერძე არ იყო ბრმა, მას შეეძლო, ხელმოწერის შესრულება, მაგრამ ანდერძში მითითებულია, რომ სიბრმავის გამო, ანდერძზე ხელმოწერა არ შეეძლო.
მ. გ-ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ანდერძი შედგენილი იყო კანონის დაცვით.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2000წ. 28 აპრილის ე. ქ-ის მიერ მ. გ-ეზე გაცემული ანდერძი.
აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 30 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 19 ივნისის განჩინებით გაუქმდა უმაღლესი სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ნოტარიუსის მიერ ანდერძის ჩაწერა და მისი წაკითხვა მოანდერძისათვის სკ-ის 1381-ე მუხლის დარღვევით მოხდა და მიუთითა, რომ სადავო ანდერძის შედგენის დროს ნოტარიუსს არ დაურღვევია ზემოთ მითითებული მუხლის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვის დროს სასამართლოს უნდა გაერკვია მოანდერძის სიბრმავის ფაქტი და, მტკიცებულებების ანალიზის შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება.
აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 6 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი კვლავ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სადავო ანდერძი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო.
ამავე სასამართლოს 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 11 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინება, იმავე წ. 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 23 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი მდგომარეობა იმის შესახებ, რომ ქ. ქობულეთის ნოტარიუსმა 2000წ. 28 აპრილს სანოტარო წესით დაამოწმა ე. ქ-ის ანდერძი,რომლის მიხედვით, აწ გარდაცვლილი მთელ თავის ქონებას, მათ შორის საცხოვრებელ სახლს, უანდერძებდა მ. გ-ეს. მართალია, იგი იყო მძიმე ავადმყოფი, მაგრამ ანდერძის დამოწმების დროისთვის მას შეეძლო ანდერძზე ხელის მოწერა, რასაც ადასტურებდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2000წ. 22 მაისისათვისავადმყოფი არჩევდა სინათლის შუქს, რის გამოც იგი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ბრმად და, შესაბამისად, დოკუმენტზე ხელი მოეწერა.
ვინაიდან მოანდერძე არ იყო სრული ბრმა და მას შეეძლო ანდერძზე ხელმოწერა, სადავო ანდერძი კი შედგენილი იყო 1361-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების გამოყენებით, რომელიც არეგულირებდა ბრმა პირის მიერ ანდერძის შედგენისა და დამოწმების წესს, ამ წესით შედგენილი ანდერძი, იმის გათვალისწინებით, რომ ანდერძის გამცემი არ იყო ბრმა და თვითონ შეეძლო ხელი მოეწერა ანდერძზე, არ შეიძლება ჩათვლილიყო ე. ქ-ის ნამდვილი ნების გამოვლენად.
2004წ. 1 ნოემბერს მ. გ-ემ, ხოლო 2004წ. 1 ნოემბერს მ. კ-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორებმა მოითხოვეს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 23 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
კასატორ მ. გ-ის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა 1357-ე მუხლის მე-2 ნაწილი და არ გამოიყენა 1361-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები. ამასთან, არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოანდერძე ცალი თვალით სრული ბრმა იყო, ხოლო მეორე თვალით არჩევდა მხოლოდ დღის შუქს,მას არ შეეძლო ტექსტის წაკითხვა, იგი პრაქტიკულად ბრმა იყო და სრული უფლება ჰქონდა ნოტარიუსისათვის ეთქვა, რომ იგი იყო ბრმა, და ნოტარიუსმაც სკ-ის 1361-ე მუხლების დაცვით მოახდინა მოცემული ანდერძის შედგენა.
მისი მოსაზრებით, ექსპერტის მითითება იმის შესახებ, რომ ხელმოწერა ადამიანს ავტომატიზაციამდე აქვს დაყვანილი და გამომუშავებული და ამიტომ ქ-ეს ანდერძზე შეეძლო ხელმოწერა, ვერ გახდება მოცემულიანდერძის ბათილობის საფუძველი, ვინაიდან ხელმოწერის შესრულება არა თუ ისეთ პიროვნებას, რომელიც ცალი თვალით მხოლოდ დღის შუქს არჩევს, არამედ ისეთ პირსაც შეუძლია, რომელსაც დღის შუქის გარჩევაც არ შეუძლია, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გახდეს 1361-ე მუხლის დაცვით შედგენილი ანდერძის ბათილობის საფუძველი.
კასატორმა კ-ემ, ანალოგიური მოსაზრებებით, მოითხოვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორთა მოსაზრებით, ანდერძის გაფორმების დროს არ დარღვეულა კანონის მოთხოვნა და მოანდერძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით კანონის სრული დაცვით გააფორმა ანდერძი.
სკ-ის 1361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოანდერძემ, რომელიც ბრმაა ან არ შეუძლია წერა-კითხვა, საანდერძო განკარგულება უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან სამი მოწმის თანდასწრებით, რის შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, რომელიც მას უნდა წაეკითხოს.
მოცემულ შემთხვევაში საანდერძო განკარგულება გაცემულია ნოტარიუსთან სამი მოწმის თანდასწრებით, რომლის წაკითხვაც და ხელმოწერაც მოხდა ამავე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების მოთხოვნათა დაცვით ანუ ჩანაწერი წაიკითხა სათანადო პირმა და ანდერძზე ხელმოწერაც სათანადო პირების მიერ გაკეთდა.
მითითებული ანდერძის ნამდვილობის გამოკვლევის თვალსაზრისით სასამართლოს უნდა დაედგინა, მოანდერძე იყო თუ არა ბრმა და თუ შეეძლოწერა-კითხვა.
სასამართლომ საქმეზე ჩატარებულ ექსპერტიზის შედეგად დაადგინა მოანდერძის სიბრმავის ხარისხი, მაგრამ არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, საანდერძო განკარგულების გაცემის დროს მოანდერძეს მდგომარეობის შესაბამისად შეეძლო თუ არა წერა-კითხვა და წაეკითხა საანდერძო განკარგულების ტექსტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, სკ-ის 1361-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული პირობა წერა-კითხვის შესაძლებლობა თავისთავში გულისხმობს, როგორც წერის, ისე კითხვის შესაძლებლობას და ამ დანაწესის გაიგივება მოანდერძის მიერ საანდერძო განკარგულების ხელმოწერის შესაძლებლობამდე დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლომ, მითითებული საკითხის გარკვევის მიზნით, უნდა ჩაატაროს სათანადო ექსპერტიზა და დაადგინოს, საანდერძო განკარგულების გაცემის დროს მოანდერძეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეეძლო თუ არა წერა-კითხვა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისგარეშე დაუსაბუთებელია.
სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუკი გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გარკვევის გარეშე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 23 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.