დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 30.05.2006
საქმის ნომერი
ას-1291-1526-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-1291-1526-05 30 მაისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება და ლ. გ-ძის კანონით მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. გ-ძის რწმუნებულმა ნ. ს-ოვამ 2004წ. ნოემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ვ. ჯ-იასა და ლ. შ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა ვ. ჯ-იასა და ლ. შ-ძეს შორის ქ. ფოთში, ... ქ. ¹7\7-ში მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, იმავე ბინაზე ლ. გ-ძის კანონით მემკვიდრედ აღიარება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ლ. გ-ძე არის აწ გარდაცვლილ გ. გ-ძის შვილი. ლ. გ-ძე ცხოვრობს რუსეთში და პერიოდულად ჩამოდის საქართველოში. გ. გ-ძეს საკუთრებაში ჰქონდა ქ.ფოთში, ... ქ. ¹ 7/7-ში მდებარე ბინა. გ.გ-ძემ 2004წ. 17 თებერვალს მინდობილობა გაუფორმა ვ. ჯ-იას კუთვნილი ბინის გასასხვისებლად. გ. გ-ძე გარდაიცვალა 2004წ. 18 თებერვალს. ვ. ჯ-იამ მარწმუნებლის გარდაცვალების შემდეგ ზემოაღნიშნული მინდობილობით 2004წ. 31 მარტს ბინა მიჰყიდა ლ. შ-ძეს.

ქ.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში გაასაჩივრა ლ. გ-ძის წარმომადგენელმა ნ. ს-ოვამ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო პალატის 2005წ. 27 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეების ვლ. ჯ-იასა და ლ. შ-ძის წარმომადგენლის ზ. თ-იას შუამდგომლობა და მიღებულ იქნა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ლ. გ-ძის წარმომადგენლის _ ნ. ს-ოვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ საჩივრის მიღების შემდეგ სააპელაციო პალატამ დანიშნა მისი განხილვა პალატის მთავარ სხდომაზე და აღნიშნულის შესახებ მხარეებს შეატყობინა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. მიუხედავად აღნიშნულისა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ნ.ს-ოვი, ხოლო მისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოში რაიმე ინფორმაცია არ შესულა.

სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ყველა სხვა შემთხვევაში, თანახმად ამავე მუხლის მესამე ნაწილისა‚ გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტს მისი სააპელაციო საჩივრის, 2005წ. 27 მაისს, 13 საათზე განხილვისა და განხილვაზე მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ, ეცნობა პირადად 2005წ. 4 მაისს. ნ.ს-ოვას მარწმუნებელი ლ.გ-ძე ცხოვრობს რუსეთში, მას სასარჩელო საქმის წარმოებაში მონაწილეობა არ მიუღია. სარჩელი სასამართლოში შეიტანა უშუალოდ წარმომადგენელმა ნ.ს-ოვამ. გადაწყვეტილებაც სააპელაციო წესით მან გაასაჩივრა, რის გამოც სააპელაციო პალატას, სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ, არ უცნობებია ლ.გ-ძისათვის.

სააპელაციო პალატის 2005წ. 27 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოსარჩელე ლ. გ-ძის წარმომადგენელმა ნ. ს-ოვამ, რითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა.

აპელანტმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად დაასახელა მისი მცირეწლოვანი შვილის მოწამვლა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 სექტემბრის განჩინებით ლ. გ-ძის წარმომადგენლის ნ. ს-ოვას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. იმავე მუხლის მესამე ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით‚ არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ.ს-ოვი სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვეული იყო საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, ხოლო რაც შეეხება მცირეწლოვანი შვილის ავადმყოფობის ფაქტის საპატიო მიზეზად ჩათვლას, რომლის გამოც მან სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო, უნდა დადასტურდეს სათანადო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ ნ.ს-ოვას მიერ წარმოდგენილი ცნობა არ უნდა შეფასდეს იურიდიულ დოკუმენტად, ვინაიდან ფოთის ჯანგანყოფილების ბავშვთა პოლიკლინიკის ბლანკზე ხელს არ აწერს ამავე პოლიკლინიკის უფროსი, არ არის დასმული პოლიკნილიკის ბეჭედი, გაურკვეველია ექიმის ხელმოწერა, არ არის დაწერილი გაცემის თარიღი და არ არის რეგისტრირებული, რის გამოც სააპელაციო პალატამ ეს ცნობა არ ჩათვალა იურიდიულ დოკუმენტად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.გ-ძის წარმომადგენელმა ნ.ს-ოვამ და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 372-ე, 377-ე, 382-ე, 383-ე მუხლების მოთხოვნები, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ასევე სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის და ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია კასატორის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მისი მცირეწლოვანი შვილის ავადმყოფობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების და მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ნ.ს-ოვის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. ს-ოვას მისი სააპელაციო საჩივრის, 2005წ. 27 მაისს 13 საათზე, განხილვისა და განხილვაზე მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ ეცნობა პირადად 2005წ. 4 მაისს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომლებსაც შეეძლო ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ არ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა რაიმე მოვლენა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნ.ს-ოვას მიერ წარმოდგენილი ცნობა არ უნდა შეფასდეს იურიდიულ დოკუმენტად, ვინაიდან ფოთის ბავშვთა პოლიკლინიკის ბლანკზე ხელს არ აწერს ამავე პოლიკლინიკის უფროსი, ცნობაზე არ არის დასმული პოლიკლინიკის ბეჭედი, გაურკვეველია ექიმის ხელმოწერა, არ არის დაწერილი გაცემის თარიღი და არ არის რეგისტრირებული, რის გამოც სააპელაციო პალატამ ეს ცნობა არ ჩათვალა იურიდიულ დოკუმენტად.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სსკ-ის 241-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია. დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არას შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენება და განმარტება.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. გ-ძის წარმომადგენლის ნ. ს-ოვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება