დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 12.04.2005
საქმის ნომერი
ას-1297-1414-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1297-1414-04 ას-1297-1414-04 12 აპრილი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ახალაძე

დავის საგანი: გორის რაიონული სასამართლოს 1996წ. 29 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 1996წ. 29 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ს-ის სარჩელი ქ. რ-ის მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე.

ქ. რ-მა განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა იმავე სასამართლოს 1996წ. 29 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი სარჩელის განხილვისას სასამართლოს სხდომას არ დასწრებია და მისთვის მხოლოდ 2000წ. 29 ივნისს გახდა ცნობილი 1996წ. 29 იანვრის გადაწყვეტილების არსებობის შესახებ.

გორის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 14 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

ქ. რ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 15 აპრილის განჩინებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 19 დეკემბრის განჩინება. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტის მიერ მითითებულ სასამართლოს სხდომაზე იმყოფებოდა ქ. რ-ი, რაც მის განცხადებაზე უარის თქმის საფუძველია, ხოლო რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებული სხდომის ოქმის სიყალბის ფაქტს, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულის თაობაზე სასამართლო ვერ იმსჯელებდა, რადგან ამ საფუძვლით შესაძლოა შეტანილ იქნეს განცხადება სსკ-ის 423-ე მუხლის შესაბამისად და არა 422-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

სასამართლოს მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. რ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ 1996წ. 29 იანვარს სარჩელის განხილვის დროს სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 114-ე, 115-ე, 116-ე, 117-ე მუხლების მოთხოვნები, საქმეში არ არის განჩინება სამსჯავრო სხდომაზე საქმის განხილვის დანიშვნის თაობაზე ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ასევე დარღვეულია 151-ე და 158-ე, 174-ე და 178-ე მუხლების მოთხოვნები. ასევე, კასატორის მითითებით, მსაჯულები კანონით დადგენილი წესით არ იყვნენ მოწვეულნი სასამართლოში. სასამართლომ გაყალბებულ სხდომის ოქმთან დაკავშირებით არ დანიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა და არც აღნიშნული მტკიცებულების ამორიცხვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. რ-ი გორის რაიონული სასამართლოს 1996წ. 29 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ იგი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს სხდომას არ დასწრებია, ე.ი. მხარეს დაყენებული აქვს მოთხოვნა სსკ-ის 422-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ის გარემოება, რომ 1996წ. 29 იანვარს ქ. რ-ი ესწრებოდა სასამართლო სხდომას. აღნიშნული გარემოება, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან პალატა მიიჩნევს, რაც ქ. რ-ს არ წამოუყენებია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ის გარემოება, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია მტკიცებულებები, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რადგან მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაერკვია მხოლოდ ერთი გარემოება _ მოწვეული იყო თუ არა ქ. რ-ი სასამართლოს სხდომაზე. 1996წ. 29 იანვრის სასამართლოს სხდომაზე ქ. რ-ის მონაწილეობა თავად ადასტურებს მისი მოწვევის ფაქტს. ხოლო ის გარემოება, რომ საქმე მთლიანად გაყალბებულია, არის არა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, არამედ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების საფუძველი. აღნიშნულის თაობაზე კი მოთხოვნა განმცხადებლის მიერ დაყენებული არ ყოფილა.

დასაბუთებულ და დამატებით საკასაციო პრეტენზიად ვერ იქნება მიჩნეული კასატორის მიერ მითითებული ის გარემოებაც, რომ საქმეში არ არის განჩინება სამსჯავრო სხდომაზე საქმის განხილვის თაობაზე ან დარღვეულია სასამართლოს მიერ შეტყობინების წესი, ან კიდევ, სასამართლომ არ დაიცვა პირთა განცხადების გადაწყვეტის წესი და ა.შ., რადგან, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სასამართლო იხილავდა გადაწყვეტილების ბათილობის საკითხს იმ საფუძვლით, რომ მხარე არ იყო მოწვეული სასამართლოს სხდომაზე. ქ. რ-ის სასამართლო სხდომაზე მოწვევის ფაქტი სასამართლოს მიერ დადგენილია სხდომის ოქმით, ხოლო ოქმის სიყალბის გამო არ შეიძლება გადაწყვეტილება ბათილად იქნეს ცნობილი სსკ-ის 422-ე მუხლის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი

:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.