გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1324-1554-05 11 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ბინით უკანონო სარგებლობის აღკვეთა და ბინიდან გამოსახლება (სარჩელში); ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
კ. ა-ის წარმომადგენელმა 2004წ. ივლისში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. ა-ის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ბინით უკანონო სარგებლობის აღვეთა და მოპასუხის თანმხლებ პირებთან ერთად ბინიდან გამოსახლება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მისმა მარწმუნებელმა კ. ა-მა 2001წ. 24 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულება დადო მოპასუხესთან, მის წარმომადგენელ ნ. ხ-შვილთან და შეიძინა ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა. ხელშეკრულება კანონის მოთხოვნათა დაცვით დადასტურდა ნოტარიუსის მიერ, მისი მარწმუნებელი მესაკუთრედ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მოსარჩელის მითითებით, მის ბინაში კ. ა-ის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობს ნ. ა-ი თანმხლებ პირებთან ერთად. ბინის მესაკუთრეს არ ეძლევა საშუალება თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი საკუთრებით, რითაც მოპასუხე არღვევს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნას. მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსრულება.
ნ. ა-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2001წ. 24 მაისის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებით, მან გენერალური მინდობილობა გასცა ნ. ხ-შვილზე იმისათვის, რომ მას მოეძებნა ფულის გამსესხებელი და გაეფორმებინა მასთან იპოთეკის ხელშეკრულება. შეთანხმებისამებრ ნ. ხ-შვილის მიერ გაწეული სამსახურისათვის მისთვის უნდა გადაეხადა თანხის 10%. ამასთან, ყოველთვიურად ნ. ხ-შვილს უხდიდა 8%-ს. მოსარჩელის მითითებით, მისთვის მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, რომ კ.ა-თან დაიდო ბინის ნასყიდობის და არა იპოთეკის ხელშეკრულება, როდესაც კ.ა-მა სარჩელით მიმართ სასამართლოს და მოითხოვა მისი და მისი ოჯახის წევრების ბინიდან გამოსახლება. მისი მოსაზრებით, ხელშეკრულების გაფორმებისას მოატყუეს როგორც კ.ამირეჯიმა, ასევე შუამავლმა ნ. ხ-შვილმა.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით კ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ ნ. ა-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა ქ.თბილისში, ..., ¹28-ში მდებარე კ.ა-ის კუთვნილი ბინიდან; შეგებებულ სარჩელს 2001წ. 24 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი.რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ის წარმომადგენელმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 სექტემბრის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი გახდა ნ. ა-ის წარმომადგენელ ნ. ხ-შვილსა და კ. ა-ს შორის 2001წ. 24 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეთა შორის დავის საფუძველი გახდა ნ. ა-ის მიერ სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა კ.ა-ისათვის საკუთრების უფლებასთან ერთად ნასყიდობის საგნის გადაცემის თაობაზე. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ. ა-ის მიერ გაცემული მინდობილობით განსაზღვრულ იქნა ერთი კონკრეტული დავალება _ მინდობილობა გაიცა სადავო სახლის გასხვისების მიზნით სკ-ის 709-ე მუხლის შესაბამისად. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული მინდობილობა მის წარმომადგენელზე გაცემული იყო მხოლოდ სესხის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რადგან ეს გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ შეუძლებელი იყო სადავო ბინის გაყიდვა 9000 აშშ დოლარად ბინის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე. ეს თანხა იყო სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეები ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობებზე, მათ შორის ფასზე, ხოლო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სესხის ხელშეკრულების დადებას სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება პროცესუალურ დარღვევებზე, კერძოდ იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობა ვერ მიიღო მისმა დაქირავებულმა იურისტმა, რადგან სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მონაწილეობას ღებულობდა ნ. ა-ის წარმომადგენელი თ.ბ-ძე, რაც იმას ნიშნავს, რომ აპელანტმა ისარგებლა სსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილით მინიჭებული უფლებით. რაც შეეხება მეორე წარმომადგენელს, მისი გამოუცხადებლობა სასამართლომ არ მიიჩნია ნ.ა-ის საპროცესო უფლებების დარღვევად. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის ის მოსაზრებაც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული სადავო ბინიდან ნ.ა-ის გამოსახლება თანმხლებ პირებთან ერთად, რადგან ყოველი მოსარჩელე თავისი უფლებებისა და კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვისას ირჩევს მოპასუხეს, რომელსაც მის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე კ. ა-მა მოითხოვა სადავო ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა ნ. ა-ისა და მის თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლების გზით, რაც დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ა-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება. კასატორის მითითებით, რაიონულ სასამართლოში საქმე განიხილეს მისი წარმომადგენლის, ადვოკატ თ. პ-შვილის მონაწილეობის გარეშე, სასამართლოსათვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ იგი მონაწილეობას ღებულობდა სხვა საქმის განხილვაში, ამდენად, სასამართლოს საქმის განხილვა უნდა გადაედო სხვა დროისათვის. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ვინაიდან სასამართლო პროცესს მისი მეორე წარმომადგენელი ესწრებოდა, სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხილა საქმე მეორე წარმომადგენლის _ თ.პ-შვილის დაუსწრებლად, რითაც სასამართლომ დაარღვია სამოქალქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის მოთხოვნა. კასატორმა სსკ-ის 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ თ.პ-შვილი, ისევე, როგორც თ.ბ-ძე, წარმოადგენდნენ მის ინტერესებს და ენიჭებოდათ წარმომადგენლის ყველა უფლებამოსილება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია სამოქალქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტი, რადგან რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე, რაზეც სააპელაციო სასამართლოს შეფასება არ გაუკეთებია. კასატორის მოსაზრებით, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო არა პირადად მის მიერ, არამედ მისი წარმომადგენლის მეშვეობით, აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია მოტყუებით, რაზეც სააპელაციო სასამართლოს ასევე არ უმსჯელია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კიდევ ერთი საფუძველია. კასატორის მითითებით, რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით დადგინდა სადავო ბინიდან არა მარტო მისი, არამედ მისი თანმხლები პირების გამოსახლებაც, რაც მისი აზრით უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხედ მხოლოდ იგი იყო ჩართული და გაუგებარია, თუ რას გულისხმობდა სასამართლო თანმხლებ პირებში. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს ნაწილობრივ უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა და უნდა მიეღო გადაწყვეტილება ბინიდან მხოლოდ მისი გამოსახლების შესახებ. კასატორმა მიუთითა, რომ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლოს თავის განჩინებაში არ უმსჯელია მოტყუებით დადებულ ხელშეკრულებაზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. კასატორის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ დაადგინა ნ. ა-ის თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლება, აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება სხვა პირებსაც შეეხება. რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს სხვადასხვა სასამართლო გადაწყვეტილებებში, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია ეს გარემოება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ა-ის საკასაციო უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ა-ის წარმომადგენელ ნ. ხ-შვილსა და კ. ა-ს შორის 2001წ. 24 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ქ.თბილისში, ... ¹137ა–ში მდებარე საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით გადაეცა კ. ა-ს. ნ. ხ-შვილს ნ. ა-ის კუთვნილი ბინის გასხვისების უფლებამოსილება მიენიჭა ნ. ა-ის მიერ გაცემული მინდობილობით, რომლის თანახმად ნ. ა-მა ქ.თბილისში, ... 137ა –ში მდებარე მისი საცხოვრებელი ბინის გასხვისების უფლება მისცა ნ. ხ-შვილს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ.ა-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2001წ. 24 მაისის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მინდობილობა გასცა ნ. ხ-შვილზე იმისათვის, რომ მას მოეძებნა ფულის გამსესხებელი და გაეფორმებინა იპოთეკის ხელშეკრულება. მისთვის მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, რომ კ.ა-თან დაიდო ბინის ნასყიდობის და არა იპოთეკის ხელშეკრულება, როდესაც კ.ა-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი და მისი ოჯახის წევრების ბინიდან გამოსახლება. მისი მოსაზრებით, ხელშეკრულების გაფორმებისას მოატყუეს, როგორც კ.ა-მა, ასევე, შუამავლმა ნ. ხ-შვილის მხრიდან. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება კ.ა-სა და ნ.ა-ს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა. მხარეთა შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის შემოწმებისას სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა რაიონული სასამართლოს 2005წ. 31 იანვრის სხდომაზე ნ.ხ-შვილის განმარტება იმის შესახებ, რომ ნ.ა-ის მეუღლე თ.ბ-ძე მივიდა მასთან საშუამავლო ფირმაში 9000 აშშ დოლარის სასესხებლად და ამ თანხის თაობაზე იგი კ.ა-ს დაუკავშირდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ნ.ხ-შვილის განმარტების შეფასების შედეგად სასამართლოს შეგებებული სარჩელის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისას უნდა ემსჯელა სკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენების თაობაზე, ამ ნორმის თანახმად თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია ნ.ა-ის საკასაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ნ. ა-ის თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლება, რადგან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხედ მითითებული იყო მხოლოდ ნ. ა-ი, გადაწყვეტილებაც მის მიმართ უნდა ყოფილიყო გამოტანილი; სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კი არ იცნობს მოპასუხის თანმხლები პირების ინსტიტუტს. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითება მოპასუხის თანმხლები პირების გამოსახლების თაობაზე გაართულებს და შეუძლებელს გახდის ამ გადაწყვეტილების აღსრულებასაც. სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.